ლავრენტის მაღლობი

ლავრენტის მაღლობი[1] (ინგლ. Laurentian Upland) — მაღლობი კანადასა და ნაწილობრივ აშშ-ში. სამხრეთ-აღმოსავლეთით შემოზღუდულია მდინარე წმინდა ლავრენტის ხეობით, სამხრეთით — ცენტრალური ვაკეებით, სამხრეთ-დასავლეთით დიდი ვაკეებით, დასავლეთით მაკენზის დაბლობით, ჩრდილოეთით ჰუდსონის ყურის დაბლობით. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადის ჩრდილოეთის ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებისაკენ. ლავრენტის მაღლობის ფართობია დაახლოებით 5 მლნ. კმ². ზედაპირი დამრეცტალღოვანია, გაბატონებული სიმაღლეებია 200–500 მ.[2]

ლავრენტის მაღლობი
კოორდინატები: 46°26′ ჩ. გ. 74°59′ დ. გ. / 46.433° ჩ. გ. 74.983° დ. გ. / 46.433; -74.983
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
აშშ-ის დროშა აშშ
უმაღლესი წერტილი კობვიკი
სიმაღლე 1652 
ფართობი 5 მლნ. კმ²
ლავრენტის მაღლობი — კანადა
ლავრენტის მაღლობი
ლავრენტის მაღლობი — აშშ
ლავრენტის მაღლობი

აღმოსავლეთი ნაწილი (ლაბრადორის ნახევარკუნძული) უფრო აწეულია, სანაპიროსთან მთიანია (ტორნგატის მთები, სიმაღლე 1652 მ-მდე, მთა კობვიკი,[3] ლავრენტის მაღლობის უმაღლესი წერტილი). ლავრენტის მაღლობი იკავებს კანადის ფარის დიდ ნაწილს;[4] აგებულია კრისტალური ფიქლებით, გნაისებით, ამფიბოლიტებით, არქეული და გვიანპროტეროზოური ასაკის გრანიტოიდებით. ლავრენტის მაღლობი მდიდარია რკინის მადანით, ტიტანით, სპილენძით, ნიკელით, ოქროთი, ურანით და სხვა. პლეისტოცენში მთლიანად იყო დაფარული 3000 მ სიმძლავრის ყინულოვანი ფარით. რელიეფის მყინვარული ფორმები წარმოდგენილია მორენული ვაკეებით, დრუმლინების სარტყლებით, ოზური სერებით. მკვიდრი ქანების ვრცელი ფართობები ატარებენ მყინვარული დამუშავების კვალს. ყინულოვანი ფარის დნობას თან სდევდა ოკეანის ტრანსგრესია, რომელმაც მოიცვა დიდწილად ლავრენტის მაღლობის განაპირა ნაწილები. ტრანსგრესიებთან დაკავშირებულია მრავალრიცხოვანი ტბების წარმოშობა, რომლებმაც ამოავსეს მყინვარის მიერ დახვნილი ტბიური ტაფობები. სამხრეთით გვხვდება ვეებერთელა ზანდრული ვაკეები.[2][5]

ჩრდილოეთით კლიმატი სუბარქტიკულია, სამხრეთით ზომიერი, აღმოსავლეთ ნაწილში შერბილებულია ოკეანური გავლენით. ზამთარი ხანგრძლივია, აღმოსავლეთით უხვი თოვლიანობით. ზაფხული ხანმოკლეა, გრილი, დასავლეთით მშრალი, აღმოსავლეთით ხშირი წვიმებით, ნისლით, მნიშვნელოვანი ღრუბლიანობით. იანვრის საშუალო ტემპერატურა აღმოსავლეთით –12 °C-იდან ჩრდილო-დასავლეთით –30 °C-მდე, ივლისში ჩრდილოეთით 7 °C-იდან, სამხრეთით 18 °C-მდე. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთით 300 მ-იდან აღმოსავლეთით 1000 მმ-მდე.[2]

ლავრენტის მაღლობის ფარგლებში საყოველთაოდაა გავრცელებული მრავალწლოვანმზრალი ქანები. მდინარეთა ქსელი ხშირია, თუმცა სუსტადაა განვითარებული. დიდი მდინარეებია კოპერმაინი, ბაკი, დუბონტი, ჩერჩილი, ნელსონი, კოკსოაკი და სხვა. ბევრია ტბა, რომელთაგან უდიდესია დუბონტის ტბა, ირმის ტბა და ნიპიგონის ტბა. მდინარეები სწრაფია, ჭორომიანი; უმეტესობა ტბების დამაკავშირებელი ფშანებია. მდინარეებისათვის ნიშანდობლივია გაზაფხულის მშფოთვარე წყალდიდობა; ხე-ტყის დაცურების ხანგრძლივობაა 6–7 თვე.[2]

ლავრენტის მაღლობს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ცვლიან ტუნდრის ზონები, ტყე-ტუნდრები და ტაიგა. ტუნდრის ზონისთვის დამახასიათებელია ხავს-ლიქენები და ისლი, აგრეთვე ტუნდრა-ლებიან და ჭაობიან ნიადაგზე განვითარებული ქონდარა არყის, ტირიფისა და სხვა მცენარეების ბუჩქნარი ასოციაციები. სამხრეთით გავრცელებულია დიდწილად შავი ნაძვი, ბალზამის სოჭი, თეთრი ნაძვი და ბალზამის ვერხვი. საყოველთაოდაა გაბატონებული ლარიქსი. მაღლობის სამხრეთი ნაწილი დაფარულია ხშირი ტაიგის ტიპის წიწვოვანი ტყით. მეტად მრავალფეროვანი შედგენილობა მათ აქვთ აღმოსავლეთით, სადაც კორომში ჭარბობს სხვადასხვა სახეობის ფიჭვი, კანადური ცუგა, რომლებთანაც შერეულია ნეკერჩხლის, არყისა და მთრთოლავი ვერხვის სხვადასხვა სახეობები. მაღლობის ფარგლებშია დაცული ტერიტორიები.[2]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hamelin L. E. Nor­dicité canadienne. 2 éd. Québec, 1980;
  • The state of Canada’s environment, 1996. Ottawa, 1996.

სქოლიო რედაქტირება

  1. Atwood, Wallace W. The Physiographic Provinces of North America. Boston: Ginn and Company, 1940.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Лаврентийская возвышенность | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-05. ციტირების თარიღი: 2020-07-04.
  3. Mount Caubvick, Newfoundland
  4. Physiographic divisions of the conterminous U. S.
  5. A. J. Eardley, Structural Geology of North America, 1951