ლასლო (ლადისლავ) კუბალა (სლოვაკ. Ladislav Kubala, უნგრ. Kubala László; დ. 10 ივნისი, 1927 — გ. 17 მაისი, 2002(2002-05-17)) — სლოვაკური წარმოშობის უნგრელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 43-ე ადგილზე დასახელდა.[1]

ლადისლავ კუბალა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Kubala László
დაბადების
თარიღი
10 ივნისი, 1927
დაბადების
ადგილი
ბუდაპეშტი, უნგრეთი
გარდაცვალების
თარიღი
17 მაისი, 2002 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
სიმაღლე 176
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1944 Ganz TE 9 (2)
1945–1946 ფერენცვაროში 49 (27)
1946–1948 სლოვანი ბრატისლავა 33 (14)
1948–1949 ვაშაში 20 (10)
1949–1950 პრო პატრია ? (?)
1950 Hungária ? (?)
1951–1961 ბარსელონა 256 (194)
1963–1965 ესპანიოლი 29 (7)
1966–1967 ციურიხი ? (?)
ეროვნული ნაკრები
1946–1947 ჩეხოსლოვაკია 6 (4)
1948 უნგრეთი 3 (0)
1953–1961 ესპანეთი 19 (11)
1954–1963 კატალონია 4 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლასლოს კარიერის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო უნგრეთის გარდა, ჩეხოსლოვაკიაში და ესპანეთში უწევდა ცხოვრება. შესაბამისად საერთაშორისო ასპარეზზე უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა შემადგენლობაში გამოდიოდა. ესპანეთის ნაკრების პარალელურად, როგორც კატალონიის მოქალაქე, ასევე თამაშობდა კატალონიის ნაკრებშიც.

კუბალა მთელ მსოფლიოში ძირითადად ერთდაიგივე სახელის სლოვაკური და უნგრული ფორმით არის ცნობილი: ლადისლავ და ლასლო, თუმცა ფეხბურთელს ესპანეთში ცხოვრების დროს ხშირად მოიხსენიებდნენ ესპანურ ვარიანტზე, როგორც ლადისლაო (Ladislao), ან კატალონიურად, როგორც ლადისლაუ (Ladislau).

ბიოგრაფია რედაქტირება

ბავშვობა და კარიერის დასაწყისი რედაქტირება

კუბალა 1927 წლის 10 ივნისს დაიბადა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სლოვაკურ ოჯახში. ლასლოს მამა, პალ კუბალა, მშენებელი, ხოლო დედა, ეთნიკური პოლონელი ანნა სტეჩი, ქარხნის მუშა იყო.

ლასლომ ფეხბურთის თამაში Ganz TE-ს საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, სადაც 11 წლის ასაკში უკვე 14-16 წლის ყმაწვილების ასაკობრივ გუნდში თამაშობდა, 17 წლის ასაკში კი ძირითად გუნდთან გააფორმა ოფიციალური კონტრაქტი. 1945 წელს, 18 წლის ასაკში, ლასლო უნგრეთის ერთ-ერთ უპირველეს გუნდ ფერენცვაროშში ჩაირიცხა.

მომდევნო წელს ლასლომ მიიღო ჯარიდან გაწვევა და იძულებული გახდა ჩეხოსლოვაკიაში გადასულიყო საცხოვრებლად სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით. აქ მან ითამაშა სლოვანი ბრატისლავას და ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ გუნდებში. ამ უკანასკნელში მან 6 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 1947 წელს კუბალა დაქორწინდა ანნა ვიოლა დაუჩიკზე, ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფერდინანდ დაუჩიკის დაზე.

1948 წელს კუბალამ ასევე მიიღო ჯარიდან მოწვევა ჩეხოსლოვაკიაშიც და იძულებული გახდა უნგრეთში დაბრუნებულიყო სამხედრო სამსახურის თავის არიდებისთვის. იგი აღარ შეერთებია ფერენცვაროშს, რადგანაც ამ საფეხბურთო გუნდს ფაშისტური მარკა ჰქონდა მიკრული, აქედან გამომდინარე კუბალამ გადაწყვიტა კარიერა საფეხბურთო კლუბ ვაშაშის შემადგენლობაში გაეგრძელებინა. ამ პერიოდში მან მოასწრო 3 თამაშის ჩატარება უნგრეთის ნაკრებში.

დევნილობის პერიოდი რედაქტირება

1949 წლის იანვარში უნგრეთის მთავრობაში მოვიდნენ კომუნისტები, რის შემდეგაც კუბალა იძულებული გახდა არალეგალური გზით დაეტოვებინა ქვეყანა. კუბალამ სატვირთო ავტომობილის ძარაში დამალულმა გადაკვეთა საზღვარი და მოკავშირეების მიერ ოკუპირებულ ავსტრიაში გადააღწია, საიდანაც იტალიაში გაემგზავრა.

იტალიაში ჩასვლისას მოკლე პერიოდის განმავლობაში ის თამაშობდა პრო პატრიაში, სადაც იტალიის უძლიერესი გუნდისგან, ტორინოსგან მიიღო შეთავაზება. კუბალა დათანახმა ტურინელთა წინადადებას და პირველი შეხვედრაც უნდა ჩაეტარებინა ამხანაგურად ბენფიკასთან, მაგრამ შვილის ავადმყოფობის გამო კუბალამ ვერ მოახერხა გუნდთან ერთად ლისაბონში გაფრენა. თვითმფრინავმა უკან დაბრუნებისას ავიაკატასტროფა განიცადა ტურინთან ახლოს სუპერგას მთაზე და ეკიპაჟის უკლებლივ ყველა მგზავრი დაიღუპა.

ამ პერიოდში ლასლო უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადანაშაულა კონტრაქტის დარღვევაში, ქვეყნის უნებართვოთ დატოვებაში და სამხედრო სავალდებულო სამსახურზე თავის არიდებაში. ფიფა-მ მხარი დაუჭირა ფედერაციას და კუბალა ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ვინაიდან ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა, კუბალამ თავის ცოლისძმასთან ერთად ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი, სადაც უნგრეთიდან და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დევნილებით იყო დაკომპლექტებული. 1950 წლის ზაფხულში, გუნდი ჩაფრინდა ესპანეთში და ჩაატარეს ამხანაგური საჩვენებელი თამაშები მადრიდში. მათ დაამარცხეს რეალ მადრიდი, ესპანეთის ეროვნული გუნდი, რომელიც ემზადებოდა 1950 წლის მუნდიალისთვის და ესპანიოლი.

მატჩების შემდეგ კუბალას სამსახურით დაინტერესება ესპანური ფეხბურთის უპირველესმა გრანდებმა რეალ მადრიდმა და ბარსელონამ გამოთქვეს. კუბალა თითქმის მზად იყო რეალში გადასასვლელად, მაგრამ საქმეში ბარსას სკაუტი, ხოსე სამიტიერი ჩაერთო, რომელმაც დიქტატორ ფრანკოსთან კავშირებიც კი გამოიყენა მიზნის მისაღწევად.

ბარსელონა რედაქტირება

კუბალამ 1950 წლის 15 ივნისს ხელი მოაწერა კონტრაქტს ბარსელონასთან, ამავდროულად ფერდინანდ დაუჩიკი ბარსას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. თუმცა ფიფა-ს აკრძალვის გამო კუბალას დებიუტი პრიმერა დივიზიონში 1951 წლამდე გადაიდო და მხოლოდ ამხაბნაგურ მატჩებში იღებდა მონაწილეობას.

1951-52 წლების სეზონი კლუბისთვის ბრწყინვალე გამოდგა, მოიგო რა ეროვნული ჩემპიონატი და გენერალისიმუსის თასი, ასევე სამი სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირი, ხოლო თავად კუბალამ 26 გოლი გაიტანა 19 თამაშში. ამ სეზონში შეძლო კუბალამ სპორტინგ ხიხონის წინააღმდეგ 9-0 მოგებულ მატჩში მან 7 გოლის გატანა, რისი გამეორებაც პრიმერაში დღემდე ვერავინ შეძლო. ასევე გამოიჩინა თავი თასის ფინალში ვალენსიასთან 4-2 მოგებულ შეხვედრაში.

1952-53 წლების სეზონში კუბალამ ვერ შეძლო სრულად დახმარებოდა კლუბს ტუბერკულოზის გამო, თუმცა მაინც შეძლო ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ, გენერალისიმუსის თასის ფინალში მონაწილეობის მიღება და გოლის გატანა. მატჩი ბარსას გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

1958 წელს კუბალამ უნგრეთიდან მის მსგავსად გამოქცეული ფეხბურთელები შანდორ კოჩიში და ზოლტან ციბორი დაარწმუნა შეერთებოდნენ ბარსელონას, რასაც კლუბში ახალგაზრდა ლუის სუარესის გამოჩენაც თან დაერთო და ბრწყინვალე გუნდი შეიკრიბა. 1958-59 წლების საფეხბურთო სეზონი ბარსელონამ დუბლით დაასრულა, მოიგო რა ეროვნული ჩემპიონატი და თასი ერთდროულად.

ტიტულები რედაქტირება

ბარსელონა (მოთამაშე)

დეპორტივო მალაგა (მწვრთნელი)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.