კრისტიან VI (დან. Christian 6., ნორვ. Christian VI; დ. 30 ნოემბერი, 1699 — გ. 6 აგვისტო, 1746) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ IV-ისა და დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველის ვაჟი. დანიისა და ნორვეგიის მეფე 1730-46 წლებში. იგი იყო თავისი დინასტიის პირველი მეფე, რომელიც არცერთ ომში არ ჩაბმულა. მისი დევიზი იყო „ღმერთისა და ხალხისათვის“.

კრისტიან VI
დანიისა და ნორვეგიის მეფე
კორონაცია: 6 ივნისი, 1731, ჰილერედი
მმართ. დასაწყისი: 12 ოქტომბერი, 1730
მმართ. დასასრული: 6 აგვისტო, 1746
წინამორბედი: ფრედერიკ IV
მემკვიდრე: ფრედერიკ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 ნოემბერი, 1699
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
გარდ. თარიღი: 6 აგვისტო, 1746, (46 წლის)
გარდ. ადგილი: ჰერსჰოლმი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი
შვილები: ფრედერიკ V, დანიისა და ნორვეგიის მეფე
ლუიზა, საქსენ-ჰაილდბურგჰაუზენის ჰერცოგინია
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ IV, დანიისა და ნორვეგიის მეფე
დედა: ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი
რელიგია: ლუთერანიზმი

ადრეული წლები რედაქტირება

კრისტიანი დაიბადა 1699 წლის 30 ნოემბერს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ IV-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველის უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე. მას სახელი პაპის, განსვენებული მეფე კრისტიან V-ის პატივსაცემად დაარქვეს. 1706 წლიდან მან დანიურის სწავლა დაიწყო, მაგრამ გერმანული ყოველდღიური სალაპარაკო და საწერი ენა იყო მისთვის. მან თავის მამა-პაპაზე გაცილებით უკეთესი განათლება მიიღო. როგორც კრონპრინცს, მამამისმა მას ნება დართო ევროპაში სამოგზაუროდ წასულიყო და თავისი საცოლე თავად აერჩია. მოგზაურობისას მან თავისი არჩევანი საქსონიისა და პოლონეთის დედოფალ კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელის სეფექალ სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელზე შეაჩერა, რომელსაც იგი პრეცჩის სასახლეში შეხვდა.

სოფია მაგდალენა ჰოენცოლერნთა ძლევამოსილი დინასტიის წარმომადგენელი იყო, რომლებიც პრუსიასა და ბრანდენბურგს განაგებდნენ, რის გამოც კრისტიანს კარგი მზითვის იმედიც უნდა ჰქონოდა. სოფია მაგდალენას მამა ახალგაზრდა გარდაეცვალა და მას ცამეტი ძმა დარჩა, რის გამოც თავად იგი დანიის პრინცზე ქორწინებას შეუძლებლად თვლიდა, მაგრამ მეფე ფრედერიკმა თავის ვაჟს ამ ქორწინებაზე თანხმობა მისცა. ამრიგად, 1721 წლის 7 აგვისტოს, საქსონიაში შედგა კრისტიანისა და სოფია მაგდალენას ქორწინება. ამავე წელს გარდაიცვალა კრისტიანის დედა, დედოფალი ლუიზა, რის გამოც რამდენიმე თვეში მეფე ფრედერიკი მეორედ დაქორწინდა ანა სოფია რევენტლოვზე. კრისტიანი, რომელიც დედასთან ძალიან ახლოს იყო, გაანაწყენა მამის ამ ქმედებამ, თუმცა იგი იმდენად მორცხვი იყო, რომ ამის გაპროტესტება ვერ გაბედა.

მეფობა რედაქტირება

 
კრისტიან VI-ისა და სოფია მაგდალენას დანია-ნორვეგიის მეფე-დედოფლად კორონაცია, 1731 წელი

1730 წელს მეფე ფრედერიკ IV გარდაიცვალა და ტახტზე კრისტიან VI ავიდა. მასზე ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა მის ცოლს, დედოფალსა და მის ბიძაშვილს. კრისტიანმა განაახლა დიდი ხნის მივიწყებული დანია-ინგლისის ალიანსი და ამის გასამყარებლად მან თავისი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ის ნაბოლარა ასულ ლუიზა ბრიტანელზე დააქორწინა. დაახლოებით 1740 წელს, მისი ბიძაშვილი ერნესტ კრისტიანი საფრანგეთში გადასახლდა, რის გამოც მას მეფეზე გავლენა აღარ ჰქონდა.

1731 წელს შედგა კრისტიან VI-ისა და სოფია მაგდალენას მეფე-დედოფლად კურთხევა. 1733 წელს ბედნიერი სამეფო წყვილი ნორვეგიაში გაემგზავრა, სადაც ისინი ტრონჰეიმს ეწვივნენ.

1733 წელს, კრისტიანმა გამოსცა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც გლეხები ვალდებულნი ხდებოდნენ ადგილობრივ არმიაში გაწევრიანებულიყვნენ, თუმცა მეფემ იმაზეც იზრუნა, რომ გლეხები მიწას არ მოსწყვეტოდნენ და მისი დამუშავება გაეგრძელებინათ. მოგვიანებით, 1788 წელს, მისი შვილიშვილის მეფობის დროს ეს კანონი გაუქმდა.

მეფე კრისტიანის ძლიერი რელიგიური რწმენა მის პოლიტიკაზეც ახდენდა გავლენას. იგი მეტად მშვიდობის მოყვარე, მშვიდი და უბრალო მეფე იყო. მეფე აქტიურად მფარველობდა პოეზიას და 1739-41 წლებში ახალი რეფორმაც გაატარა, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდა საჯარო სკოლების სისტემა.

 
კრისტიან VI

კრისტიან VI-ის სახელთან უამრავი შენობის აშენება-რეკონსტრუქციაა დაკავშირებული, რის გამოც ხშირად მას XVIII საუკუნის დანიის დიდ მშენებელს უწოდებენ. ამ ყოველივეში დიდ ძალისხმევას დებდა მისი დედოფალიც. მათ მიერ იქნა აშენებული კრისტიანსბორგის, ჰირშჰოლმის, ჰერსჰოლმისა და ერემიტაგის სასახლეები. ამავე პერიოდში, კრონპრინცმა ფრედერიკმა ააგო კალვებოდერნის სასახლე, რომელიც მის რეზიდენციად იქცა. ეს მნიშვნელოვანი პროექტები დანიური ეკონომიკის აღორძინებასა და გაფურჩქვნაზე მიუთითებს.

კრისტიანის საგარეო პოლიტიკა მშვიდობიანი იყო, რა დროსაც დანია-ნორვეგია ყოველთვის მკაცრ ნეიტრალიტეტში რჩებოდა. მან წაახალისა სავაჭრო და კომერციული საქმიანობები. დაფუძნდა ახალი კომპანიები და ბანკები. იგი გეგმავდა თავისი ასულის, ლუიზას შვედეთის ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინებას, რითაც შექმნიდა დიდ ჩრდილოურ ალიანსს, სადაც ჩრ. ევროპის ყველა სახელმწიფო ჩაებმებოდა, მაგრამ ამაოდ. 1743 წელს, დანიელთა მოსისხლე მტერი, ადოლფ ფრედერიკ ჰოლშტაინ-გოტორპელი შვედეთის მეფედ აირჩიეს და კრისტიანის ეს ოცნებაც სამუდამოდ დასამარდა.

სან ილდეფონსოს ხელშეკრულება რედაქტირება

 
დანიის სამეფო ოჯახი 1744 წელს: ცენტრში მეფე კრისტიან VI და დედოფალი სოფია მაგდალენა, მარცხენა კუთხეში კრონპრინცი ფრედერიკი, ხოლო მარჯვენა კუთხეში მისი ცოლი, კრონპრინცესა ლუიზა ბრიტანელი არიან გამოსახულნი.

1742 წელს, დანია-ნორვეგიასა და ესპანეთს შორის გაფორმდა მეგობრობის, ვაჭრობისა და მშვიდობის სან ილდეფონსოს ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებამ განსაზღვრა ორ სახელმწიფოს შორის კომერციული ურთიერთობები. ხელშეკრულებას ხელი 1742 წლის 18 ივლისს, ლა გრანხა დე სან ილდეფონსოში მოაწერეს ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ელჩმა ხოსე დელ კამპილომ და დანია-ნორვეგიის მეფე კრისტიან VI-ის ელჩმა ფრედერიკ ლუდვიგ დენელმა. ეს უფრო მეტად სავაჭრო ხელშეკრულება იყო, რომლის მიხედვითაც დანიაში ესპანური, ხოლო ესპანეთში დანიური საქონლის იმპორტიორები გადასახადებისაგან თავისუფლდებოდნენ. ეს ხელშეკრულება 1753 წელს გაუქმდა.

გარდაცვალება რედაქტირება

თავისი ახალგაზრდობიდან მოყოლებული, კრისტიან VI ქრონიკული ავადმყოფობით იყო დაავადებული. 1746 წლის 6 აგვისტოს, მისი და სოფია მაგდალენას ვერცხლის ქორწინების თარიღის შესრულებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, მეფე კრისტიან VI 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში. მის აკლდამაზე, მისი ქვრივის ბრძანებით ცნობილი მოქანდაკეს ნამუშევარი დადგეს.

მის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ფრედერიკ V ავიდა, რომელიც 1766 წელს კრისტიან VII-მ ჩაანაცვლა, რომელსაც კრისტიან VI-გან მემკვიდრეობით და უფრო გართულებულად გადაეცა ფიზიკურ-ფსიქოლოგიური დაავადებები.

შვილები რედაქტირება

  1. ფრედერიკ V (დ. 31 მარტი, 1723 — გ. 14 იანვარი, 1766), დანიისა და ნორვეგიის მეფე 1746-66 წლებში. პირველად იქორწინდა ლუიზა ბრიტანელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე კრისტიან VII, შვედეთის დედოფალი სოფია მაგდალენა, ჰესენის კურფიურსტი ვილჰელმინა კაროლინა და ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია ლუიზა დანიელი. პირველი ცოლის დაღუპვის შემდეგ ცოლად იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი შეირთო, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა;
  2. ლუიზა (დ. 19 ივნისი, 1724 — გ. 20 დეკემბერი, 1724), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ლუიზა (დ. 19 ოქტომბერი, 1726 — გ. 8 აგვისტო, 1756), ცოლად გაჰყვა საქსენ-ჰაილდბურგჰაუზენის ჰერცოგ ერნესტ ფრიდრიხ III-ს, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა, რომელიც ჩვილობაში დაიღუპა;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ludvig Koch (1837–1917): Kong Christian den Siettes historie. 1886 (dänisch, archive.org).
  • Otto Andrup, Hans Bølling: Danmarks Konger fra Christian I til Christian X. Udsendt af Nationaltidende 1944–45, S. 22 f.
  • Jan E. Janssen, Erik Thorud: Deutsche Spuren in Kopenhagen. Tyskforlaget, Greve 2000, S. 14 f.
  • Erik Kjersgaard: Eine Geschichte Dänemarks, Kopenhagen 1974, S. 49 f.
  • E. Holm: Christian VI. In: Carl Frederik Bricka (Hrsg.): Dansk biografisk Lexikon. Tillige omfattende Norge for Tidsrummet 1537–1814. 1. Auflage. Band 3: Brandt–Clavus. Gyldendalske Boghandels Forlag, Kopenhagen 1889, S. 506–511 (dänisch, runeberg.org).
  • Ralph Tuchtenhagen: Christian VI. In: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL). Band 17, Bautz, Herzberg 2000, ISBN 3-88309-080-8, Sp. 239–240.