კოწახური[1] (ლათ. Berberis) — მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა. ბუჩქები, იშვიათად მცირე ზომის ხეებია (სიმაღლე 3,5 მეტრამდე). ფოთლები კვერცხისებრი ან ლანცეტაა, ხშირად ეკლებად სახეცვლილი თანაყვავილებით. ყვავილები ორმაგი ყვითელი ყვავილსაფრითაა. ნაყოფი — მრგვალი ან წაგრძელებული, წითელი ან შავი წვნიანი კენკრა. ცნობილია დაახლოებით 500 სახეობა, რომლებიც გავრცელებული არიან ევრაზიის, ამერიკისა და ჩრდილოეთ აფრიკის ზომიერ სარტყელში. ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა ჩვეულებრივი კოწახური (B. vulgaris), რომელიც იზრდება ტყის პირებში, წყალგამყოფ მდელოებზე, ხრამებში, სტეპისა და ტყესტეპის ზონის ევროპულ ნაწილში.[2] აღსანიშნავი სახეობაა ქართული კოწახური (B. iberica), რომელიც კავკასიის ენდემია.[3] კოწახური ფართოდაა კულტივირებული როგორც დეკორატიული მცენარე (არსებობს წითელფოთლიანი ფორმები); ხშირად ზრდიან ცოცხალი ღობის შესაქმნელად. ნაყოფი საკვებად ვარგისია, აქვს სასიამოვნო გემო, შეიცავს შაქარს, ვიტამინებს С-ს და Е-ს, კაროტინს, პექტინის, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. ფოთლები და ფესვები სამკურნალო ნედლეულია ალკალოიდი ბერბერინის მიღებისათვის. კარგი თაფლოვანი მცენარეებია. კოწახურის მრავალი სახეობის ფოთლებზე ვითარდება მარცვლეული კულტურების დამაზიანებელი ჟანგა სოკოს Puccinia graminis-ის საგაზაფხულო მსხმოიარობა, ამიტომ რეკომენდირებული არ არის კოწახურის დარგვა ამ კულტურებთან ახლოს.[2]

კოწახური

ჩვეულებრივი კოწახური
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბაიასნაირნი
ოჯახი:  კოწახურისებრნი
გვარი:  კოწახური
ლათინური სახელი
Berberis L., 1754

სქოლიო რედაქტირება

  1. Berberis — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 Головкин Б. Н. Барбарис // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 35.
  3. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 76.