კოსმოსური სადგური ტიანგუნი

კოსმოსური სადგური ტიანგუნი (ჩინ.: 天宫空間站) — ჩინური კოსმოსური სადგური, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 400 კილომეტრის სიმაღლეზეა განთავსებული და სხვადასხვა მოდულისგან შემდგარ კონსტრუქციას წარმოადგენს. კოსმოსური სადგურის მთავარი მოდული 2021 წლის 29 აპრილს გაეშვა, ხოლო მთლიანად სადგურის მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მომდევნო წელს ჩინურ კოსმოსურ სადგურს კიდევ 2 მოდული შეემატება.[1]

კოსმოსური სადგური ტიანგუნი
მისიის ტიპი ორბიტული
მისიის ხანგრძლივობა 10 წელი
სტატუსი აქტიური
ტექნიკური მახასიათებლები
დატვირთულის მასა 60 ტონა
ზომები სიგრძე - 20 მეტრი
დიამეტრი 5 მეტრი
სიჩქარე 27000 კმ/სთ (7,66 მ/წმ)
კვების წყაროები მზის ბატარეები
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 29 აპრილი, 2021
ორბიტის პარამეტრები
პერიცენტრი 381
აპოცენტრი 394
ორბიტალური დახრილობა 41,5°
სინოდური პერიოდი 92,2 წუთი

კოსმოსური სადგური ტიანგუნი მირისა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემდეგ მესამე მრავალმოდულიანი ორბიტული სადგური გახდება, მაგრამ უფრო პატარა ზომის. მშენებლობის დასრულების შემდეგ ტიანგუნის წონა 60 ტონას მიაღწევს, თუმცა მოგვიანებით მისი 100 ტონამდე გაზრდაც იქნება შესაძლებელი.[2][3]

ჩინეთში იმედოვნებენ, რომ კოსმოსური სადგური ხელს შეუწყობს მეცნიერებს სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებასა და ჩინეთს კოსმოსის უკეთ ათვისებაში დაეხმარება.[4]

ისტორია რედაქტირება

ჩინური კოსმოსური სადგურის მშენებლობის გეგმა ჯერ კიდევ 2010 წელს დამტკიცდა.

2013 წელს, მასობრივი გამოკითხვებისა და საექსპერტო კვლევების შედეგად მომავალი სადგურის დასახელებად "ტიანგუნი" — "ზეციური სასახლე" განისაზღვრა. [5]

კოსმოსური სადგურის პირველი მოდული ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა პროცესმა 2019 წლისთვის გადაიწია. აღნიშნული შეფერხება მეტწილად რაკეტა-მატარებლის ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება.

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ კოსმოსური სადგურის პირველი მოდული 2020 წელს გაეშვებოდა.

2019 წლის მარტში ჩინეთის აეროკოსმოსური სამეცნიერო-ტექნიკური კორპორაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კოსმოსური სადგურის მშენებლობა 2022 წლისათვის დასრულდებოდა.

2021 წლის 19 აპრილს ჩინური კოსმოსური სადგურის პირველი მოდული წარმატებით გაეშვა და მითთებულ ორბიტაზეც გავიდა.

2021 წლის 30 მაისს მთავარ მოდულს სატვირთო ხომალდი წარმატებით მიუერთდა.

2021 წლის 17 ივნისს კოსმოსური სადგურის მოდულს მიუერთდა პილოტირებადი ხომალდი, რომლის ბორტზეც 3 ასტრონავტი იმყოფებოდა.

ჩინური კოსმოსური სადგურის მისიის ხანგრძლივობად 10 წელი განისაზღვრა.

მისიის დანიშნულება რედაქტირება

ჩინური კოსმოსური სადგურის უმთავრესი დანიშნულებაა:

  • სხვადასხვა კოსმოსური ხომალდის მიერთების ტექნოლოგიის განვითარება.
  • ადამიანთა კოსმოსში გრძელვადიანი ყოფნის პერსპექტივის სიღრმისეული ანალიზი.
  • ავტონომიური ტექნოლოგიების ჩამოყალიბება სადგურის უკეთ სამართავად.
  • სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება.

კოსმოსური სადგური ტიანგუნი პეკინის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან იმართება. ასტრონავტთა მეტი უსაფრთხოებისა და გართულებების თავიდან აცილებისთვის, დედამიწაზე სპეციალური სამაშველო ხომალდი მუდმივ მზადყოფნაში იმყოფება.[6]

საცხოვრებელი პირობები რედაქტირება

უკაბელო კომუნიკაციისთვის კოსმოსური სადგური WI-FI ქსელითაა აღჭურვილი. თითოეული ასტრონავტი სპეციალურ ყურსასმენსა და მიკროფონს ატარებს. გაფრენამდე მათ თავად ამოარჩიეს რამდენიმე ათეული სახეობის სასურველი საკვები. გარდა ამისა, სპეციალურ საწყობში ახალი ბოსტნეული და ხილი ინახება. დამატებით, კოსმოსურ სადგურზე მოწყობილია მცირე ზომის სამზარეული და მიკროტალღური ღუმელი, რათა ეკიპაჟმა ყოველთვის ცხელი საკვები მიირთვას.[7]

სქოლიო რედაქტირება

  1. China launches space station core module Tianhe (29 April 2021). ციტატა: „The Tianhe module will act as the management and control hub of the space station Tiangong, meaning Heavenly Palace“
  2. Ping, Wu. (June 2016) China Manned Space Programme: Its Achievements and Future Developments. China Manned Space Engineering Office. ციტირების თარიღი: 28 June 2016
  3. 中国载人航天工程标识及空间站、货运飞船名称正式公布 zh-CN. China Manned Space Engineering Office (31 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 29 June 2016
  4. Goswami, Namrata. (1 May 2021) China Moves Toward a Permanent Space Presence.
  5. China readying for space station era: Yang Liwei. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-04. ციტირების თარიღი: 2021-09-12.
  6. Goswami, Namrata. (1 May 2021) China Moves Toward a Permanent Space Presence.
  7. Howell, Elizabeth. (28 June 2021) Twinkle, Twinkle, Little Panda: Adorable cartoon shows astronaut life on Chinese space station.