კორუფცია (ლათ. corrumpere = ვაფუჭებ) — კორუფცია უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა უკანონო ქმედებების აღსანიშნავად. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საყოველთაო და ერთგვაროვანი დეფინიცია იმისა, თუ რას წარმოადგენს კორუფცია, ყველაზე ფართოდ გავრცელებული განმარტების თანახმად, კორუფციის ცნების ქვეშ მოიაზრება პირის მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლების ან მდგომარეობის გამოყენება პირადი უპირატესობებისა და სარგებლის მიღების მიზნით.

მსოფლიო რუკა კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით
გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ

ზოგადი დახასიათება რედაქტირება

კორუფცია მოიცავს საჯარო მოხელეების ისეთ საქციელს, იქნება ეს პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ საჯარო მოსამსახურე, რომლითაც ისინი არასათანადოდ და უკანონოდ მდიდრდებიან ან ამდიდრებენ თავიანთ ახლობლებს, თავიანთი საჯარო მოვალეობების ბოროტად გამოყენების გზით.

აღსანიშნავია, რომ კორუფციის არსებობა ამცირებს საზოგადოებაში არსებულ ნდობის ხარისხს, ასუსტებს დემოკრატიას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, აღრმავებს უთანასწორობას, მნიშვნელოვნად ზრდის სიღარიბის დონეს და სოციალური უთანასწორობას. კორუფციის აღმოფხვრა და მისი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააზრებული იქნება ის სქემები და სისტემები, რომელთა მეშვეობითაც ფუნქციონირებს კორუფცია.

კორუფციას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული ფორმები და მოიცავდეს ისეთ ქმედებებს როგორიცაა: საჯარო მოხელეები, რომლებიც ითხოვენ გარკვეულ თანხას ან სარგებელს მათი მომსახურების სანაცვლოდ; სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ბოროტად იყენებენ მათ ხელში არსებულ ძალაუფლებას, არამიზნობრივად ხარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს, თავიანთი გავლენის გამოყენებით ასაქმებენ, სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე, ოჯახის წევრებსა დ ახლობლებს, ზეგავლენას ახდენენ სახელმწიფო ტენდერების შედეგებზე. კორუფცია თავის თავში, ასევე მოიცავს კორპორაციების მხრიდან საჯარო მოხელეების მოსყიდვას, სასურველი გარიგების გაფორმების მიზნით.

კორუფციასა და კორუფციულ ქმედებებს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ნებისმიერ სფეროში იქნება ეს ბიზნესი, ხელისუფლება, სასამართლო სისტემა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, სამოქალაქო საზოგადოება, ჯანმრთელობის დაცვის სისტემა თუ ინფრასტრუქტურა და სპორტი. ამასთან, კორუფცია შესაძლებელია შემხებლობაში იყოს ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელთან, იქნება ეს პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე, ბიზნესმენი თუ საზოგადო მოღვაწე. კორუფციული ქმედებები უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება ფარულად, ისეთი სფეროს წარმომადგენელების დახმარებით, როგორებიც არიან ბანკირები, იურისტები, ფინანსური მენეჯერები, ძირითად შემთხვევაში გაუმჭირვალე ფინანსური სქემების შექმნის გზით.

აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოებში კრიმინალიზებულია არ უშუალოდ კორუფცია, არამედ პასუხისმგებლობა დადგენილია ცალკეულ ქმედებებზე, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება კორუფციული ქმედებები ასეთია მაგალითად მექრთამეობა, მითვისება, თაღლითობა, გამოძალვა და ა.შ.

კორუფციული ქმედებები რედაქტირება

კორუფცია, როგორც პირის ხელში არსებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოიცავს ისეთ კორუფციული ქმედებების განხორციელებას როგორიც არის:

მექრთამეობა - მექრთამეობა წარმოადგენს პირს მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებას ან მოთხოვნას, ან/და პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირებას, შეთავაზებას ან მინიჭებას, რათა აღნიშნულმა პირმა თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ აქტიურ და პასიურ მექრთამეობას, აქტიური მექრთამეობა მოიცავს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებას, როგორიც არის ქრთამის მიცემა, ხოლო პასიური მექრთამეობა მოიცავს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებას როგორიც არის ქრთამის აღება. ორივე სახის ქმედება ქვეყნების უმეტესობაში კრიმინალიზებულია და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას.

გამოძალვა - ქონებისა ან ფულის უკანონო მოთხოვნა ან მიღება ძალისა ან მუქარის გამოყენებით. გამოძალვის მაგალითს კორუფციული ქმედების განხორციელების კუთხით წარმოადგენს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მხრიდან თანხის მოთხოვნა, გარკვეული მომსახურების განხორციელების სანაცვლოდ. თაღლითობა - თაღლითობა და თაღლითური ქმედებები წარმოადგენს კორუფციული ქმედების კიდევ ერთ სახეს, რომლის მეშვეობითაც პირი მოტყუების, ხრიკებისა და ყალბი მოთხოვნების საშუალებით უკანონოდ მდიდრდება. თაღლითობის შემთხვევაში ხორციელდება პირის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.

ნეპოტიზმი - თანამდებობის პირთა მხრიდან თავიანთი ნათესავებისა და ახლობლების მფარველობა. მოიცავს ისეთ სიტუაციებს, როდესაც პიროვნება იყენებს თავის უფლებამოსილებებსა და ძალაუფლებას ნათესავებისათვის სამსახურისა და სხვა სარგებლის უზრუნველსაყოფად.

ნეპოტიზმს შეიძლება ადგილი ჰქონდეს საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და ხელისუფლების ნებისმიერ დონეზე, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, უმეტეს შემთხვევაში, ნეპოტიზმს მიმართავენ საკუთარი ძალაუფლების და მდგომარეობის შენარჩუნებისა და გამყარების მიზნით.

კრონიზმი - კრონიზმის დროს პირი, რომლესაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, ბოროტად იყენებს აღნიშნულს და თანამდებობაზე ნიშნავს მეგობრებს. მიუხედავად იმისა რომ მათი კვალიფიკაცია არ არის შესაბამისობაში დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. ასეთი ქმედების ძირითადი მიზეზი მოკავშირის ყოლაა. სახელმწიფო ქონების მითვისება პირადი ინტერესებისათვის - წარმოადგენს იმ ქონებისა და თანხების მითვისება, რომელიც პიროვნებას კანონიერად ჰქონდა მინდობილი თავისი ოფიციალური თანამდებობის მიხედვით.

ზეგავლენით ვაჭრობა - წარმოადგენს, იმ პირისათვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირებას, შეთავაზებას ან მინიჭებას იმ პირის მიერ, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენის სასურველი შედეგი.

ზეგავლენით ვაჭრობა მოიცავს ასევე, პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნას ან მიღებას, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების ან შეთავაზების მიღებას, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენით სასურველი შედეგი.

ზემოთ ჩამოთვლილი კორუფციული ქმედებებიდან, მაგალითად ისეთი ქმედება როგორიც არის თაღლითობა უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება დამოუკიდებლად და არ არის აუცილებელი სხვა პირის ჩართულობა, მაშინ როდესაც ისეთი კორუფციული ქმედებები, როგორიც არის მექრთამეობა, გამოძალვა ან ზეგავლენით ვაჭრობა საჭიროებს ორი მხარის მონაწილეობას.

კორუფციული ქმედებას, რომლის განხორციელება საჭიროებს ორი მხარის მონაწილეობას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ისეთი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა სახელმწიფო ტენდერები, როდესაც ქრთამი წარმოადგენს საშუალებას, გავლენა მოახდინოს ტენდერის შედეგებზე ან ხელშეკრულების პირობებზე. სახელმწიფო შეღავათების გადანაწილებისას, როდესაც ქრთამის საშუალებით, შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები მიემართოს სასურველი პირებისაკენ. ასევე, აღნიშნული კორუფციული ქმედების გზით შესაძლოა განხორციელდეს სასურველი ლიცენზიისა და ნებართვების მიღება, ისეთი საქმიანობის განხორციელების მიზნით, როგორიცაა ბაზარზე მაღალი მოთხოვნის მქონე პროდუქტების იმპორტი. ამასთან, ქრთამი შესაძლებელია გამოყენებული იქნას, ისეთი უპირატესობების მისაღებად, როგორიცაა სახელმწიფოსგან სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურების, უმაღლესი განათლებისა და საცხოვრებელი ფართის მიღება.

გამომწვევი მიზეზები რედაქტირება

პრაქტიკული გამოცდილება ცხადყოფს, რომ კორუფციის გაცილებით მაღალი დონე ისეთ სახელმწიფოებშია, სადაც მოქმედებს ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის შემზღუდველი არაერთი კანონი, რეგულაცია, დადგენილება და ბრძანება, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის შემდგომში კორუფციული სქემებისა და ქმედებების განხორციელებისათვის. განსაკუთრებით, თუ ზემოთ აღნიშნული რეგულაციები გამოირჩევა სირთულით, არათანმიმდევრულობითა და გაუმჭირვალობით. გარდა ამისა, კორუფციული სქემებისა და ქმედებების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობები იქმნება ისეთ სახელმწიფოებში, სადაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მინიჭებული აქვთ ფართო დისკრეციული უფლებამოსილება რეგულაციებისა და წესების განმარტებასთან მიმართებაში, გააჩნიათ უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტონ, გამოიყენონ, შეცვალონ და გარკევეულ შემთხვევაში დაამატონ პირობები, არსებულ რეგულაციებსა და წესებს. ამასთან, კორუფციის დონის გაზრდას, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეფექტური მექანიზმის არარსებობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ რიგ შემთხვევებში კორუფციული ქმედებები არ არის კრიმინალიზებული, ან მათი ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა არ არის საკმარისად მკაცრი.

კორუფციის სახეები რედაქტირება

ერთმანეთისაგან განასხვავებენ მაღალი და დაბალი დონის კორუფციას. მაღალი დონის კორუფცია, გულისხმობს კორუფციული სქემებისა და კორუფციული ქმედებების განხორციელებას მაღალი იერარქიისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. მათი მხრიდან კორუფციაში აქტიური ჩართულობა და კორუფციული ქმედებების განხორციელება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიზეზით, მათ შორის ძალაუფლებისა და თანამდებობის შენარჩუნების მიზნით. მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფცია ეხება არა იმდენად თანხების რაოდენობას, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, არამედ იმას, თუ რა დონეზე ხდება იგი. მაღალი დონის კორუფცია მოიცავს უფრო მეტ ფულს ვიდრე ბიუროკრატიული ანუ დაბალი დონის კორუფცია.

რაც შეეხება, დაბალ დონეზე არსებულ კორუფციას, რომელის სუბიექტებსაც ძირითადად დაბალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ, ადგილი აქვს იქ, სადაც ბიუროკრატიას პირდაპირი შეხება აქვს საზოგადოებასთან. ამგვარი კორუფციით დაკავებულნი არიან ქვედა და საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები, რომლებსაც შესაძლოა, ძალიან დაბალი თანამდებობრივი სარგო ჰქონდეთ და დამოკიდებულნი იყვნენ კორუფციული ქმედებით მიღებულ შემოსავლებზე, რათა შეინახონ თავიანთი ოჯახები და გადაიხადონ თავიანთი შვილების სწავლის საფასური. აღნიშნული სახის კორუფცია ძირითად შემთხვევებში, მოიცავს გაცილებით მცირე თანხებს, ვიდრე მაღალი დონის კორუფცია, თუმცა ეს თანხები არ არის მცირე იმ პირებისათვის, რომელზეც ამ კორუფციულმა მოვლენამ იქონია გავლენა. აღსანიშნავია, რომ დაბალ დონეზე არსებული კორუფცია განსაკუთრებით აზარალებს საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენებს, რომელთაგანაც შესაძლოა რეგულარულად ითხოვდნენ ქრთამს. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, აღნიშნულ დონეზე, კორუფციის აღმოფხვრის ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და პასუხიმგებლობის გამკაცრება კორუფციული ქმედების განხორციელების შემთხვევებში.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ ასევე, კარგად ორგანიზებულ და ქაოტურ კორუფციას. კარგად ორგანიზებული კორუფციის შემთხვევებში კორუფციული სქემები და ქმედებები სისტემურად გამართულია, თითოეული მხარისათვის წინასწარ ცნობილია და ნათელია მათ მიერ განსახორციელებელი ქმედებები და შესაბამისი შედეგები. ამასთან, კარგად ორგანიზებული კორუფციული სისტემები ძირითად შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული, მმართველ ელიტას კი კორუფციის პროცესსა და შემოსავლებზე შედარებით მკაცრი კონტროლი აქვს დაწესებული.

განსხვავებით, კარგად ორგანიზებული კორუფციისაგან, ქაოტური კორუფციის არსებობის შემთხვევაში კორუფციული ქმედების განმახორციელებელი პირისათვის წინასწარ უცნობია რა სახის ნაბიჯები უნდა გადადგას. არაპროგნოზირებადია ასევე, მოიტანს თუ არა მის მიერ განხორციელებული ქმედება, მაგალითად ქრთამის მიცემა შედეგს. ამასთან, თუ კარგად ორგანიზებული კორუფციული სისტემის შემთხვევაში ნათელია თუ ვის უნდა გადაუხადონ ქრთამი, ქაოტური კორუფციისას ქრთამის გადახდა შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე მოხელისათვის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, განასხვავებენ ასევე, სისტემურ კორუფციასაც, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც კორუფცია არის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სისტემის ერთიანი და განუყოფელი ნაწილი. სისტემური კორუფცია მოიცავს, ისეთ ვითარებას როდესაც სახელმწიფოს მთავარი დაწესებულებები და პროცესები იმართება კორუმპირებული პირებისა და ჯგუფების მიერ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ რედაქტირება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, შემუშავებული კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ, წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები განსაზღვრავენ სტრატეგიას თუ როგორ უნდა განხორციელდეს კორუფციის პრევენცია და მისი კრიმინალიზაცია. კონვენცია მიზნად ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობის სრულყოფას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციაში კორუფციის წინააღმდეგ, ასახულია ისეთი ფუნდამენტალური პრინციპები როგორიცაა, კორუფციის თავიდან აცილების ღონისძიებები; კრიმინალიზაცია და სამართალდაცვითი საქმიანობა; საერთაშორისო თანამშრომლობა; აქტივების დაბრუნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციაში კორუფციის წინააღმდეგ, გაწერილია რიგი პრევენციული ზომებისა, რომელთა საშუალებითაც უნდა მოხდეს კორუფციის თავიდან აცილება. კონვენცია ითვალისწინებს კორუფციის კრიმინალიზაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობას, ხანდაზმულობის ვადის გაზრდას კორუფციულ დანაშაულებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლისა და მის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის ამაღლებას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და სახელმწიფოებს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევის მასშტაბების ზრდას.

კორუფცია საქართველოში რედაქტირება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველო წარმოადგენს „კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2003 წლის 31 ოქტომბრის კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს კორუფციასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით.

კორუფციასთან ბრძოლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. პროცესის ხელშეწყობისა და უკეთესი მართვის მიზნით კი, 2008 წელს ჩამოყალიბდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფუნქციებში შედის ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობის კოორდინაცია, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი შესრულების კონტროლი, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგების კონტროლი, შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის ინიციირება და რეკომენდაციების მომზადება.

2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, 2019 წლის 4 ოქტომბერს მთავრობის N484 დადგენილებით დამტკიცდა და ეფუძნება 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამას, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ასევე წინა სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასებისა და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ანალიზს. სამუშაო პროცესი წარიმართა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თექვსმეტი სტრატეგიული პრიორიტეტის საფუძველზე, რომელიც მომზადდა ექსპერტთა დონის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული აქტიური სამუშაოს შედეგად.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება