კორეტა სკოტ კინგი (ინგლ. Coretta Scott King; დ. 27 აპრილი, 1927 — გ. 30 იანვარი, 2006) — ამერიკელი ავტორი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და მარტინ ლუთერ კინგის მეუღლე, 1960-იანი წლების მოძრაობების ერთ-ერთი ლიდერი. კორეტამ მომავალი მეუღლე ბოსტონში, სკოლის დამთავრების შემდეგ გაიცნო. ორივე მათგანი გამორჩეული იყო სამოქალაქო მოძრაობებისა და აქტივიზმის მიმართულებით.

კორეტა სკოტ კინგი
დაბადების სახელი კორეტა სკოტი
დაბადების თარიღი 27 აპრილი 1927
ჰეიბერგერი, ალაბამა
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 2006
როსარიტო, ქვემო კალიფორნია, მექსიკა
საქმიანობა სამოქალაქო უფლებების აქტივისტი
მეუღლე(ები) მარტინ ლუთერ კინგი (1953–1968)
შვილ(ებ)ი იოლანდა კინგი
მარტინ ლუთერ კინგი III
დექსტერ სკოტ კინგი
ბერნის კინგი
ჯილდოები განდის მშვიდობის პრემია

კორეტას აქტიური მოღვაწეობა არც მას შემდეგ შეუწყვიტავს, რაც მეუღლე მოუკლეს. მან მთლიანად თავის თავზე აიღო ამ პერიოდიდან ლიდერობა და იბრძოდა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. აქტიური იყო ქალთა მოძრაობების მიმართულებითაც. კორეტამ დააარსა საკუთარი ცენტრი და დიდი სურვილი ჰქონდა მეუღლის დაბადების დღე გამოეცხადებინათ საყოველთაო დასვენების დღედ. წარმატებას კი მას შემდეგ მიაღწია, რაც რონალდ რეიგანმა 2 ნოემბრის, მარტინ ლუთერ კინგის დღედ გამოცხადების კანონი გამოსცა.

2005 წელს კორეტას მარჯვენა მხარე პარალიზებული გაუხდა, რაც, ფაქტობრივად, საუბარს შეუძლებელს ხდიდა. ხუთ თვეში სკოტი გარდაიცვალა და მის დაკრძალვას დაახლოებით 10 000 ადამიანი დაესწრო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ოთხი პრეზიდენტი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ბავშვობა და განათლება რედაქტირება

კორეტა სკოტ კინგი დაიბადა 1927 წლის 27 აპრილს, ჰეიბერგერში, ალაბამა. იგი იყო ობადია სკოტის და ბერნის სკოტის ოთხი შვილიდან მესამე. მისი დედა ცნობილი იყო თავისი მუსიკალური ნიჭის წყალობით, ხოლო მამა პირველი ფერადკანიანი იყო ქალაქში, რომელიც ავტომობილის მესაკუთრე გახდა. კორეტას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ვინაიდან მცირე ასაკიდანვე, ათი წლიდან უწევდა მუშაობა. მისი მიზანი იყო ოჯახს როგორმე დახმარებოდა და ამით თავი გაეტანათ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ფერმის მფლობელი იყო, მაინც ძალიან უჭირდათ და უფრო მეტიც, მათი ორი შვილი ბავშვობის მძიმე წლებს ვერ გადაურჩა. მართალია, სკოტების ოჯახს უკიდურესად უჭირდა, თუმცა მშობლების დიდი სურვილი იყო თითოეულ შვილს მიეღო სრულფასოვანი განათლება, ესწავლათ კოლეჯში და ყოფილიყვნენ შემდგარი ადამიანები.

სკოტები, ისევე როგორც იმ ეპოქის არაერთი ადამიანი, გახდნენ რასობრივი სეგრეგაციის მსხვერპლნი. თავდაპირველად 5 მილის (დაახლოებით 8 კილომეტრის) მოშორებით არსებულ სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ კიდევ უფრო შორს, 9 მილის მანძილზე არსებულ სკოლაში. კორეტამ 1945 წელს დაასრულა სკოლა და ანტიოქის კოლეჯისგან მიიღო დაფინანსება. შესაბამისად სწავლა განაგრძო აღნიშნულ კოლეჯში იელოუ-სპრინგსში, ოჰაიოში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

 
კორეტა და მარტინი მეუღლე 1946 წელს.

კორეტამ მომავალი მეუღლე მარტინ ლუთერ კინგი, საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნო. კორეტას გაცნობიდან ორ კვირაში მარტინმა მშობლებს შეატყობინა, რომ მომავალ ცოლს შეხვდა. რაც შეეხება კორეტას, მას სასიყვარულო ურთიერთობები არც სკოლაში სწავლის პერიოდში აკლდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არც ერთ მათგანს სერიოზულად არ აღიქვამდა. განსაკუთრებული აღმოჩნდა მარტინთან შეხვედრა. მასთან ურთიერთობის დაწყების შემდგომ, კორეტამ დეტალურად დაიწყო ყველაფრის მოყოლა საკუთარ დასთან და უამბობდა თავისი გრძნობების შესახებ. მას შემდეგ რაც დამ დაუსვა კითხვა, თუ რა ხდიდა კინგს ასეთ განსაკუთრებულს, კორეტასგან მიიღო პასუხი, რომ ძალიან ამსგავსებდა თვისებებით მამას და ეს იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ასეთი პასუხის მოსმენის შემდეგ კორეტას და დარწმუნდა, რომ კინგი მართლაც ის ერთადერთი იყო, რომელსაც მისი და ეძებდა. კორეტა და მარტინი საბოლოოდ დაქორწინდნენ 1953 წლის 18 ივნისს.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობა რედაქტირება

1954 წლის 1 სექტემბერს მარტინ ლუთერ კინგი გახდა დექსტერის ავენიუს ბაპტისტური ეკლესიის პასტორი. ეს გარკვეულწილად კორეტასთვის მსხვერპლის გაღება იყო. მას თავისი ოცნებაზე, გამხდარიყო მომღერალი, უარის თქმა მოუწია. კინგი ფიქრობდა, რომ კორეტას ისღა დარჩენოდა, სახლში ყოფილიყო და მომავალ შვილებზე ეზრუნა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი აფრო-ამერიკული ქალების მოძრაობისთვის მაინც სიმბოლური აღმოჩნდა.

1955 წლის 17 ნოემბერს კინგებს პირველი შვილი, იოლანდა შეეძინათ. საერთო ჯამში, კი მათ 4 შვილი ეყოლათ. მიუხედავად ამისა, ის პერიოდი კინგების ოჯახისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა. მონტგომერის ბოიკოტის შემდეგ კინგს საკმაოდ ხშირად ემუქრებოდნენ. 1956 წელს კორეტას უამრავი ზარის პასუხი უწევდა, რომლებიც სავსე იყო მუქარით. ბოიკოტის დასასრულს კინგებმა გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ არაძალადობრივად უნდა გაეგრძელებინათ პროტესტები და ამ მეთოდით გამოეხატათ თავიანთი აზრი. მონტგომერის ბოიკოტის შემდგომ, კინგების სახლის მიმართულებით, მაშინ როცა ყველას ეძინა, გასროლაც კი მოხდა.

1960 წლიდან დაიწყო მარტინ ლუთერის დაკავებების სერია. კორეტა დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი კინგის მკვლელობის მომასწავლებელი იყო. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ მარტინის განთავისუფლება ჯონ კენედიმ აიღო საკუთარ თავზე და გაათავისუფლა კიდეც. კორეტას საუბრით ირკვევა, რომ ჯონი მას ძლიერ თანაუგრძნობდა. მით უმეტეს, ქალბატონი კინგი მაშინ ფეხმძიმედ გახლდათ და მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა. კენედიმ კი საუბრისას აღნიშნა, რომ მზად იყო, რაც შეეძლო ყველაფერი ეღონა და მისი იმედი კორეტას ნებისმიერ მომენტში ჰქონოდა. ეს ზარი და საუბარი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა მედიაში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ კი კორეტამ აღნიშნა, რომ კენედისთან გასაუბრების შემდეგ მან გაცილებით უკეთ იგრძნო თავი და შედარებით დამშვიდდა. აღსანიშნავია, რომ კენედის პრეზიდენტობის პერიოდში ცოლ-ქმარი კინგები საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ.

1963 წლის 12 აპრილს, მას შემდეგ რაც მარტინი კვლავ დააკავეს, კორეტამ უკვე იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა და დახმარების თხოვნით პირდაპირ პრეზიდენტს მიმართა. კენედი ამ დროს იმყოფებოდა თავის მამასთან, ჯოზეფ კენედისთან ერთად, რომელიც კარგად ვერ გრძნობდა თავს. ამიტომაც, კინგისთვის დახმარების თხოვნა ვერ დასრულდა ისე, როგორც წარმოიდგენდა. ასეთ სიტუაციაში კენედი ნაკლებად მგრძნობიარე აღმოჩნდა და ერთადერთი, რაც მან გააკეთა, ქალბატონი კინგის გადამისამართება იყო თეთრ სახლთან. თუმცა, ამით არ დასრულებულა ყველაფერი. მეორე დღეს კენედიმ კორეტას შეატყობინა, რომ მისი მეუღლე კარგად გრძნობდა თავს. ამის შემდეგ, როცა შეძლო, კორეტამ მეუღლეს აცნობა პრეზიდენტის ჩართულობის შესახებ. კინგმაც დაადასტურა ეს, რადგან მის სამყოფელში სავარაუდოდ კენედის ჩართულობის შემდეგ მის მიმართ მოპყრობა საგრძნობლად შეიცვალა.

მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა რედაქტირება

 
კორეტა შვილთან ერთად მარტინ ლუთერ კინგის დაკრძალვის ცერემონიალზე

მარტინ ლუთერ კინგს 1968 წლის 4 აპრილს, მემფისში ესროლეს და მოკლეს. კორეტამ ეს ამბავი ჯეს ჯექსონის სატელეფონო ზარის მეშვეობით შეიტყო. იგი ამ დროს საკუთარ ქალიშვილთან, იოლანდასთან ერთად იმყოფებოდა. სამწუხაროდ, არ იცოდა მამის მკვლელობის შესახებ როგორ შეეტყობინებინა და აეხსნა. მარტინის მკვლელობასთან დაკავშირებით კორეტამ არაერთი ტელეგრამა მიიღო, რომელთაგან მისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული ალბათ მაინც ლი ჰარვი ოსვალდის (კინგის მკვლელის) დედის ზარი იყო. კორეტაზე მან იქონია ყველაზე დიდი ზეგავლენა.

დაქვრივების შემდეგ კორეტამ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ქალთა უფლებებისთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის და სხვა აქტუალური საკითხებისთვის ბრძოლა. 1968 წლის დეკემბრიდან აქტიურად მოუწოდებდა ქალებს გაერთიანებულიყვნენ და ერთად ებრძოლათ სამი დიდი პრობლემის წინაშე. ეს პრობლემები იყო: რასიზმი, სიღარიბე და ომი.

საგულისხმოა, რომ კინგების ოჯახს აქტიურად უთვალთვალებდა FBI. როგორც ამბობენ, მათ ამის შესახებ კარგად იცოდნენ. თუმცა, მათ არაფერი სმენოდათ იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური იყო ეს თვალთვალი.

კორეტა სკოტ კინგი წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღე, 15 იანვარი, გამოეცხადებინათ ოფიციალურად დასვენების დღედ. იგი თვლიდა, რომ აფრო-ამერიკელების პატივსაცემად აუცილებელი იყო ერთი დღის დაწესება მაინც. ამისთვის კი მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღე იდეალურ ვარიანტს წარმოადგენდა.

კორეტა თავს ვალდებულად გრძნობდა გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო. ბევრი ადამიანი მიიჩნევდა, რომ მას ჩრდილის ქვეშ უნდა ეცხოვრა, თუმცა ეს ასე სულაც არ მომხდარა. იგი საკუთარი და ქალების უფლებებისთვის მარტინ ლუთერ კინგის გაცნობამდეც აქტიურად იბრძოდა. კორეტას აზრით, ქალებს მაქსიმალურად უნდა გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები, არ უნდა ყოფილიყვნენ თავადვე დამაბრკოლებლები და პოტენციალი გამოეყენებინათ. ხშირად კორეტას შრომა მარგინალიზებული იყო, თუმცა ეს მისთვის პრობლემას არ ქმნიდა და რაც მიაჩნდა სწორად, აკეთებდა ბოლომდე.

სკოტის საფიქრალს წარმოადგენდა ეკონომიკური უთანასწორობაც. საზოგადოების ერთ-ერთ პრობლემად სწორედაც მას მიიჩნევდა. იგი თვლიდა, რომ თუ მოგვარებული იქნებოდა ეკონომიკური უთანასწორობა და ადამიანებს პრობლემები ამ მხრივ აღარ შეაწუხებდათ, მთელი რიგი საკითხები თავისთავად გადაიჭრებოდა. სკოტ კინგს მტკიცედ სჯეროდა, რომ გარანტირებული სამსახურები იქნებოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი უთანასწორობების აღმოსაფხვრელად. სკოტი ღიად საუბრობდა შავკანიანი ქალების საჭიროებების შესახებ. საკმაოდ ხშირად ამ ქალბატონებს მოიხსენიებდნენ, როგორც ზარმაცებს, რომელთაც არ სურდათ დასაქმება. თუმცა, კორეტას აზრით, ეს სულაც არ იყო ასე. რეალურად ფერადკანიანი ადამიანების უკან იდგა მთელი რიგი პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებოდნენ. ისინი გახლდნენ ერთდროულად რასობრივი და გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი. ეს ყველაფერი მათ საგრძნობლად უგდებდა მოტივაციასა თუ თვითშეფასებას და საბოლოოდ აისახებოდა მათ სიდუხჭირესა და ზოგადად ყოფა-ცხოვრებაზე. კინგი იყო ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაუკავშირა ერთმანეთს და ცდილობდა, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მიეწვდინა ხმა.

კორეტა აქტიურად იბრძოდა მსოფლიო მშვიდობისთვისაც. მაიკლ ერიკ დეისონი მას იხსენიებს, როგორც უკიდეგანოდ მშვიდობისმყოფელ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლეც იბრძოდა მშვიდობისთვის, სულ სხვაგვარი მიდგომები ჰქონდა კორეტას. ის არაძალადობრივი მეთოდებით ცდილობდა საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლას. ბევრს მოგზაურობდა როგორც ამერიკაში, ისევე მის საზღვრებს გარეთ. ატარებდა ლექციებს რასიზმის და ეკონომიკური საკითხების გარშემო. 1969 წელს გაწეული შრომისთვის დაჯილდოვდა კიდეც და გახდა პირველი არაიტალიელი ვინც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა. ამავე წელს მან მემუარები გამოაქვეყნა სახელწოდებით: „ჩემი ცხოვრება მარტინ ლუთერ კინგთან“. 1980 წელს კინგის დაბადების ადგილი და 23 აკრის ტერიტორია გადაკეთდა ცენტრად, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები რედაქტირება

უკანასკნელ წლებში კორეტას დაეწყო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. იგი შეაწუხა არაერთმა დაავადებამ. თავდაპირველად მას არ შეეძლო საუბარი და მარჯვენა მხარე პარალიზებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მისმა შვილებმა რაღაც პერიოდის შემდეგ განაცხადეს, რომ დედა უკვე კარგად გრძნობდა თავს. მართლაც, კორეტამ დაიწყო საჯარო გამოსვლები. თუმცა, ვინაიდან მას ბევრი რამ აწუხებდა, მალევე არაერთი გამოსვლის და მოგზაურობის გადადება მოუწია. გარდაიცვალა 2006 წლის 30 იანვარს, 78 წლის ასაკში, მექსიკაში. დაკრძალვას არაერთი ყოფილი პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა. მისი და მარტინ ლუთერ კინგის მოღვაწეობა განაგრძეს მათმა შვილებმა. ოთხივე შვილი გაჰყვა მშობლების კვალს და გახდნენ სამოქალაქო აქტივისტები.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება