კონსტანცია სიცილიელი

კონსტანცია I სიცილიელი (იტალ. Constanza I di Sicilia, გერმ. Konstanze von Sizilien; დ. 2 ნოემბერი, 1154 — გ. 27 ნოემბერი, 1198) — სიცილიის მეფე როჯერ II-ის ქალიშვილი. სიცილიის სუვერენული დედოფალი 1194-1198 წლებში. გერმანიის დედოფალი 1186-1197 წლებში და საღვთო რომის იმპერატრიცა 1191-1197 წლებში როგორც იმპერატორ ჰაინრიხ VI-ის მეორე მეუღლე. იმპერატორ ფრიდრიხ II შტაუფენის დედა.

კონსტანცია სიცილიელი
სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1194
მმართ. დასასრული: 27 ნოემბერი, 1198
წინამორბედი: გულიელმო III
მემკვიდრე: ფრიდრიხ II
გერმანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 27 იანვარი, 1186
მმართ. დასასრული: 28 სექტემბერი, 1197
წინამორბედი: ბეატრის I ბურგუნდიელი
მემკვიდრე: ირენე ანგელინა
საღვთო რომის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 14 აპრილი, 1191
მმართ. დასასრული: 28 სექტემბერი, 1197
წინამორბედი: ბეატრის I ბურგუნდიელი
მემკვიდრე: ბეატრიქს შვაბიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ნოემბერი, 1154
დაბ. ადგილი: პალერმო, სიცილიის სამეფო
გარდ. თარიღი: 27 ნოემბერი, 1198, (44 წლის)
გარდ. ადგილი: პალერმო, სიცილიის სამეფო
მეუღლე: ჰაინრიხ VI, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: ფრიდრიხ II, საღვთო რომის იმპერატორი
დინასტია: ოტევილები
მამა: როჯერ II, სიცილიის მეფე
დედა: ბეატრის რეთელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

კონსტანცია დაიბადა 1154 წლის 2 ნოემბერს პალერმოში. იგი იყო სიცილიის მეფე როჯერ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ბეატრის რეთელის ქალიშვილი. იგი მამის გარდაცვალებიდან ერთ თვეში დაიბადა.

თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან ჩრდილში გაატარა და მნიშვნელოვანი ცნობები მხოლოდ 30 წლის ასაკიდან გვაქვს, როდესაც მის გათხოვებაზე დაიწყეს საუბარი. იგეგმებოდა, რომ იგი საზღვარგარეთ გაეთხოვებინათ, რაც სიცილიას მნიშვნელოვან დინასტიურ კავშირებსა და გავლენას მოუტანდა. 1172 წელს, მისი უფროსი ძმის, ენრიკე კაპუელის გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრე კონსტანცია გახდა. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ იგი მამაკაცი არ იყო, ტახტზე ასვლაში ხელი შეუშალა და ტახტი მისმა ძმიშვილმა გულიელმო II-მ დაიკავა 1177 წელს. აღსანიშნავია, რომ იგი მამიდისათვის საქმროს აქტიურად ეძებდა, მაგრამ არ სურდა მისი გერმანიაში გათხოვება, ვინაიდან იგი გერმანელებს თავის მთავარ მტრებად მოიაზრებდა. სწორედ ამიტომ გაჭიანურდა კონსტანციას გათხოვების საკითხი.

1184 წელს, კონსტანცია საღვთო რომის მომავალ იმპერატორ ჰაინრიხ შტაუფენზე დანიშნეს. მათი ქორწინება ორ წელიწადში, 1186 წლის 27 ივნისს შედგა, რითაც კონსტანცია გერმანიის დედოფალი გახდა. იტალიის სამხრეთში მდებარე უმძლავრესი სიცილიის სამეფოს გერმანიასთან დაახლოვებამ გაანაწყენა პაპი სელესტინ III, რომელსაც გერმანელებთან კონფლიქტი ჰქონდა. შტაუფენებთან დაახლოებით უკმაყოფილონი დარჩნენ თავად სიცილიელი დიდებულებიც. ამის მიუხედავად, გულიელმომ განაცხადა, რომ კონსტანცია მისი მემკვიდრე გახდებოდა, თუ იგი მემკვიდრის გარეშე გარდაიცვლებოდა.

1189 წელს გულიელმო უშვილოდ გარდაიცვალა, მაგრამ კონსტანციამ ტახტი მაინც ვერ მიიღო. სიცილიელებს ქალი მმართველი არ სურდათ, რის გამოც ტახტზე მისი ბიძაშვილი ტანკრედი დასვეს. ტანკრედი უკანონოდ შობილი იყო, მაგრამ მისი სქესისა და მამის მხრიდან არსებული სამეფო წარმომავლობის გამო დიდებულები მაინც მას ემხრობოდნენ.

1191 წელს კონსტანციას მამამთილი გარდაიცვალა, რის გამოც ის და მისი ქმარი საღვთო რომის იმპერატორი და იმპერატრიცა გახდნენ. ხელისუფლებაში მოსულმა კონსტანციამ თავისი ტახტის დაბრუნება განიზრახა და დიდი გერმანული ჯარები დაძრა სიცილიისკენ. სამეფოს ჩრდილოეთში არსებული მნიშვნელოვანი ქალაქები, მათ შორის კაპუა, ნეაპოლი და ავერსა უბრძოლველად დანებდნენ. სულ მალე, პალერმოდან მიუვათ წერილი, რომ ხალხი სიხარულით მიიღებდა როჯერ II-ის ქალიშვილსა და მის მეუღლეს. ისინი აპირებდნენ სიცილიაზე გადასვლას, მაგრამ ზაფხულის სიცხეები დაიწყო, რის გამოც რამდენიმე თვით ნეაპოლში დარჩნენ. როდესაც მათ სიცილიაზე გადასვლა მოისურვეს ნეაპოლში საშინელი სიცხე და მალარიის ეპიდემია დაიწყო, რის გამოც მათი ჯარის დიდი ნაწილი ან დაიხოცა, ან უკან გაბრუნდა გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ თავად ჰაინრიხიც გერმანიაში გაბრუნდა, მაგრამ კონსტანცია მაინც შევიდა პალერმოში, იმის ნიშნად, რომ მისი ქმარი მალე დაბრუნდებოდა.

გერმანელების გასვლით მალევე ისარგებლეს სიცილიელებმა და თავიანთი ერთგულება გამოუცხადეს ტანკრედს. პალერმოს მოსახლეობამ დაატყვევა კონსტანცია და იგი ტანკრედს გაუგზავნეს მესინაში. მეფე ტანკრედმა, რომელიც მიხვდა, რომ აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა იმპერატრიცას განთავისუფლებას დასთანხმდა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ტახტზე უარს იტყოდა და პაპი სელესტინ III მეფედ აკურთხებდა. იმავდროულად პაპმა ჰაინრიხს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებდა კონსტანციას რომში არ შეუშვებდა. კონსტანციამ საბოლოოდ უარი თქვა ტახტზე, ხოლო იმპერიულმა ჯარებმა უზრუნველყო მისი რომამდე მშვიდობიანად ჩაყვანა.

 
დედოფალი კონსტანცია და იმპერატორი ჰაინრიხ VI 1196 წელს

ჰაინრიხი და კონსტანცია სიცილიაში მეორედ შესაჭრელად ემზადებოდნენ, რა დროსაც 1194 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა ტანკრედი. ტანკრედის ვაჟი 1193 წელს გარდაიცვალა უშვილოდ. ამის გამო სიცილიის მეფედ თავი ტანკრედის უმცროსმა ვაჟმა, გულიელმო III-მ გამოაცხადა. საპასუხოდ ჰაინრიხი დიდი ლაშქრით დაიძრა სიცილიისკენ, რომელსაც ორსულად მყოფი დედოფალი კონსტანცია უკან ნელი ტემპით მიჰყვებოდა. მათ დაამხეს გულიელმო, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა და თავი სიცილიის მეფე-დედოფლად გამოაცხადეს. 1194 წლის 26 დეკემბერს, მათი პალერმოში კორონაციის დღეს კონსტანციას მშობიარობა დაეწყო, რა დროსაც მან ვაჟი გააჩინა, სახელად ფრიდრიხი. რამდენიმე დღეში კონსტანცია პალერმოს მთავარ მოედანზე გავიდა და ხალხს მათი ახალი მემკვიდრე წარუდგინა.

კონსტანციას ოცნება ახდა და იგი სიცილიის დედოფალი გახდა, თუმცა მან ვერ მოახერხა გერმანელებისათვის ხელის შეშლა, რომლებმაც სასტიკად გაძარცვეს მთელი სიცილია. გერმანელებმა ადგილობრივი ნორმანი დიდებულების წინააღმდეგ საშინელი რეპრესიები დაიწყეს.

1197 წელს ჰაინრიხი გარდაიცვალა. 1198 წელის მაისში კონსტანციამ ფრიდრიხი თავის თანამმართველად დაინიშნა. სულ მალე მან გააძევა სიცილიის ტერიტორიაზე მყოფი გერმანული ჯარები. ამის შემდეგ იგი ამბიციური იტალიელი დიდგვაროვნების გარემოცვაში აღმოჩნდა.

კონსტანციამ ფრიდრიხი პაპ ინოკენტი III-ის მფარველობაში შეიყვანა. იგი ცდილობდა ფრიდრიხი ისე აღეზარდა, როგორც იტალიელი, რათა შემდგომში სიცილიელების შევიწროვება არ მოეხდინა. მან გერმანიის მეფის წოდება თავის მაზლს, ფილიპ შვაბიელს დაუტოვა. იგი გარდაიცვალა 1198 წლის 27 ნოემბერს, 44 წლის ასაკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Gerhard Baaken: Konstanze. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 12, Duncker & Humblot, Berlin 1980, ISBN 3-428-00193-1, S. 560 f. (Digitalisat).
  • Theo Kölzer: Konstanze I. In: Lexikon des Mittelalters (LexMA). Band 5, Artemis & Winkler, München/Zürich 1991, ISBN 3-7608-8905-0, Sp. 1406 f.
  • Theo Kölzer: Urkunden und Kanzlei der Kaiserin Konstanze, Königin von Sizilien (1195–1198). Böhlau. Köln Wien 1983.
  • Theo Kölzer: Die sizilische Kanzlei von Kaiserin Konstanze bis König Manfred (1195–1266). In: Deutsches Archiv 40, 1984, S. 532–561.
  • Theo Kölzer: Die Urkunden der Kaiserin Konstanze (Constantiae Imperatricis diplomata). (= MGH Diplomata; Die Urkunden der deutschen Könige und Kaiser; 11, 3). Hahn’sche Buchhandlung, Hannover 1990 (online)
  • Theo Kölzer, Marlis Stähli (Hrsg.), Gereon Becht-Jördens (Textrevision und Übersetzung): Petrus de Ebulo. Liber Ad honorem Augusti sive de rebus Siculis. Codex 120 II der Burgerbibliothek Bern. Eine Bilderchronik der Stauferzeit. Jan Thorbecke, Sigmaringen 1994, S. 37–39; S. 93–99; S. 113–135; S. 149–167; S. 205–209 (wichtige Quelle mit zahlreichen Abbildungen Konstanzes).
  • Uwe A. Oster,Die Frauen Kaiser Friedrichs II., Piper Verlag, München 2008.
  • Wolfgang Stürner: Friedrich II. Teil I Die Königsherrschaft in Sizilien und Deutschland 1194–1220. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1992, S. 34–57; S. 80–86 (ausführliche Quellenangaben).
  • Tobias Weller: Konstanze von Sizilien. In: Die Kaiserinnen des Mittelalters, hrsg. von Amalie Fößel, Pustet Verlag, Regensburg 2011, S. 213–231.