კოლუვიონი, კოლუვიური დანალექები (ლათ. colluvio — დაგროვება, უწესრიგო გროვა) — ფერდობზე და მის ძირში დაგროვებული გამოფიტული პროდუქტები, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა დიამეტრის ჩამონაშალი და ჩამონაზვავი მასალით.[1] კოლუვიონი შეიცავს დანალექების 5 გენეტიკურ ტიპს: ჩამონაშალს, ჩამონაზვავს, მეწყრულს, სოლიფლუქციურს და დელუვიურს.[2]

მასების მოძრაობა ალასკაში
ჩამონაშალის აკუმულაცია კოლუვიონის მაგალითია

ჩამონაშალი, ჩამონაზვავი და მეწყრული კოლუვიონი ყალიბდება ნატეხი მასალით, რომელიც გადაადგილებულია სიმძიმის ძალის ზეგავლენით უფრო მაღლა განლაგებული ფერდობის მონაკვეთებიდან. ეს გენეტიკური ტიპები გროვდება ხმელეთსა და წყალქვეშ, მათთვის ნიშანდობლივია დიდი სიმძლავრე (რამდენიმე ასეულ მეტრამდე). ხმელეთზე ყველაზე უფრო ფართოდ, დიდწილად მთიან რაიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიანეთში, არიდული კლიმატის ფარგლებში გავრცელებულია ჩამონაშალი კოლუვიონი, სადაც მრავალრიცხოვანია ქანების კლდოვანი გამოსავლები ციცაბო კალთებით, რომელიც ფიზიკურ გამოფიტვას ექვემდებარება.[2]

ჩამონაშალი კოლუვიონი ანუ დესპერსიუმი ჩამონაშალი კონუსების ან შლეიფების ამგებელია, რომელიც შეინიშნება დიდ მანძილზე ფერდობის ძირის გასწვრივ. მის შემადგენლობაში ჭარბობს სხვადასხვა სიდიდის ღორღი. ყველაზე მსხვილი და მძიმე ნატეხები გროვდება ჩამონაშალი კონუსის ან შლეიფის საფუძველში. მაგარი ქანებით აგებული ფერდობის დანგრევის შედეგად წარმოქმნილ დანაგროვებში, მსხვილი ნატეხების რაოდენობა მეტია. ახალგაზრდა ჩამონაშალი კოლუვიონი ფხვიერია, შეუცემენტებელი; ძველ დანალექებში ნატეხებს შორის არსებული სივრცე ამოვსებულია წვრილმიწით.[2]

ჩამონაზვავი კოლუვიონი ანუ დერუფციუმი დამახასიათებელია მთიანი რაიონებისთვის. ძირითადად განლაგებულია ტექტონიკური საფეხურების საფუძველში. აგებულია სხვადასხვა ზომის უწესრიგოდ ნარევი მახვილკუთხა ან სუსტადდამრგვალებული ნატეხი ქანებით. დამახასიათებელია ქვიშიანი და ხვინჭიანი მასალის დეფიციტი. ნატეხების შედგენილობა შეესაბამება ფერდობის ქანებს. ჩამონაშალი და ჩამონაზვავი ნატეხების ცემენტაციის შედეგად წარმოიქმნება ბრექჩიები.[2]

მეწყრული კოლუვიონი ანუ დელაფსიუმი განვითარებულია მთებსა და ვაკეებზე. წარმოიქმნება მსხვილი ბლოკების დაცურების ან ქანების დანგრეული მასების შედეგად. განარჩევენ ქანების მსხვილი ბლოკებით აგებულ ბლოკურ დელაფსიუმს, რომელიც ინარჩუნებს ფერდობის შემადგენლობასა და შიდა აგებულების თვისებებს და უმეტესწილად, ქვიშიან-თიხოვანი შედგენილობის ნაკადურ დელაფსიუმს, რომელშიც ფიქსირდება ფერდობის მკვიდრი ქანების შიდა აგებულების თვისებების უქონლობა. წყალქვეშ ჩამონაშალი, ჩამონაზვავი და მეწყრული მასები გროვდება შუაოკეანური ქედების რიფტული ხეობების, ტექტონიკური საფეხურებისა და ციცაბოკალთებიანი ღარების ფერდობების საფუძველში.[2]

სოლიფლუქციური და დელუვიური კოლუვიონი კონტინენტური დანალექებია; მათი სიმძლავრე რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე ათეულ მეტრამდეა. სოლიფლუქციური კოლუვიონი ანუ სოლიფლუქციუმი წარმოიქმნება ბლანტ-პლასტიკური დინების პროცესის შედეგად დამრეც კალთებზე. მეტად დამახასიათებელია დედამიწის სუბარქტიკული და სუბანტარქტიკული კლიმატური სარტყლებისათვის, სადაც ფერდობზე ქვის ზღვებისა და ქვის მდინარეების და აგრეთვე მათ საფუძველში ლოდის ქვიშრობის შლეიფების ამგებელია. წარმოქმნილია უწესრიგოდ ნარევი ლოდნარ-ღორღნარი ან თიხოვან-თიხნარი მასალით. ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ეკვატორულ სარტყლებში სოლიფლუქციუმი აგებულია ძირითადად თიხოვანი მასალით. სოლიფლუქციურ დანალექებში ფართოდაა გავრცელებული ნაკადური და დაჭმუჭნული ტექსტურები. დელუვიური კოლუვიონი წარმოიქმნება წვიმისა და მდნარი თოვლის წყლებით გამოფიტვის ფხვიერი პროდუქტების სიბრტყითი წარეცხვის შედეგად.[2]

შეიცავს ოქროსა და ალმასის საბადოებს, კალის, ვოლფრამის მინერალებსა და სხვა. კოლუვიონი თითქმის ყველა კლიმატურ ზონაშია გავრცელებული.[3] ფერდობის საფუძველში დაგროვებულ კოლუვიონს კოლუვიაცია ეწოდება.[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბ., ნეკერი, 1996, გვ. 108
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Коллювий | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-25. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  3. Goudie, A. S., ed. (2004). Encyclopedia of Geomorphology. pp. 173.
  4. Neuendorf, Klaus K.E., J.P. Mehl Jr, Jackson, J.A. (2005). Glossary of Geology, 800 pp.