კოლონიალიზმიეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნების ჩაგვრისა და იმპერიალისტური ქვეყნისათვის მათი დამორჩილების პოლიტიკა.[1] კოლონიები თავდაპირველად წარმოადგენდნენ სავაჭრო, სამიწათმოქმედო, სამესაქონლეო და სამხედრო-სამიწათმოქმედო ტიპის დასახლებებს, რომლებიც იქმნებოდა უმთავრესად ანტიკურ ეპოქაში რომელიმე ქვეყნის მცხოვრებთა მასობრივი მიგრაციის გზით. ეს კოლონიები, როგორც წესი, მეტროპოლიებისგან დამოუკიდებელი იყვნენ, ანდა მათი მოსახლეობა იმავე მდგომარეობაში იყო, როგორც მეტროპოლიებში. თავისებურ კოლონიურ პოლიტიკას ატარებდნენ ჯერ კიდევ რომი და სხვა მონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ დაპყრობილი ქვეყნების ძარცვასა და მონების ხელში ჩაგდებას. ფეოდალიზმის ეპოქაში XV საუკუნემდე კოლონიური პოლიტიკა არ იყო დიდად განვითარებული, რადგანაც ნატურალური მეურნეობა ვერ ქმნიდა სათანადო სავაჭრო-ეკონომიკურ პირობებს.[2]

კოლონიური იმპერიების რუკა, 1800
კოლონიური იმპერიების რუკა, 1914
კოლონიური იმპერიების რუკა, 1945

მნიშვნელოვანი მასშტაბის კოლონიური დაპყრობები დაიწყო ჯერ კიდევ კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს. პირველი კოლონიური იმპერიები — ესპანეთისა და პორტუგალიისა შეიქმნა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების კვალდაკვალ. XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში, როგორც მსხვილი კოლონიური სახელმწიფო - დაწინაურდა ნიდერლანდები, რომელმაც XVII საუკუნის შუა წლებში დაიპყრო პორტუგალიური კოლონიების უმრავლესობა აღმოსავლეთში. ნიდერლანდის კოლონიური ჰეგემონია დაამხო ინგლისმა ინგლის-ნიდერლანდების ომების შედეგად.[2]

XVI საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში კოლონიური დაპყრობების გზას დაადგა საფრანგეთი.

კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში კოლონიურ პოლიტიკას ახორციელებდნენ სპეციალურად შექმნილი მსხვილი სავაჭრო კომპანიები. კოლონიური პოლიტიკა იყო უზარმაზარი მოგების წყარო, ამავე დროს ის ახდენდა სხვადასხვა სახის ზემოქმედებას მეტროპოლიებზე.[2]

პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაში კოლონიებისა და გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის ბრძოლას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. დამარცხებულმა გერმანიამ მთლიანდ დაკარგა თავისი კოლონიები.

კოლონიური სისტემის კრიზისის ახალი ეტაპი გაიშალა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და განსაკუთრებით ომის შემდგომ წლებში.

1956-1965 წლებში აფრიკაში სახელმწიფო სუვერენიტეტი მოიპოვა 33 ქვეყანამ.[2] ისტორიულად კოლონიალიზმი ევროპის სახელმწიფოების სახელთან არის დაკავშირებული და მთელი დანარჩენი მსოფლიო, აზიის რამდენიმე და აფრიკის ორი (ეთიოპია და ლიბერია) ქვეყნის გარდა, სხვადასხვა დროს ევროპის ქვეყნების კოლონია იყო.

მთავარი კოლონიური სახელმწიფოები იყვნენ: პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, განსაკუთრებით კი - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. კოლონიებს ფლობდნენ აგრეთვე ბელგია, გერმანია, იტალია, აშშ და იაპონია. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ კოლონიალიზმი როგორც სისტემა აღარ არსებობს.[3]

კოლონიალიზმის ეკონომიკა და იმპერიალიზმის კლასიკური თეორიები რედაქტირება

კოლონიალიზმის ეკონომიკურ საფუძვლებზე წერდნენ როგორც მარქსისტი, ისე ლიბერალი მოაზროვნეები. ლიბერალური ფლანგიდან იმპერიალიზმის თეორიის გამორჩეული წარმომადგენელია ჯონ ეტკინსონ ჰობსონი, რომელსაც შემდგომში ნაწილობრივ დაეყრდნო ლენინი თავის ნაწარმოებში „იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უკანასკნელი სტადია“. ლენინზე მეტად ამ თეორიას ეყრდნობიან უფრო გვიანდელი მარქსისტი ეკონომისტები ბარანი და სვიზი, რომლებიც ავითარებენ იმპერიალიზმის და დამოკიდებულების საკუთარ თეორიებს. კოლონიალიზმის ეკონომიკური თეორიის მნიშვნელობა იმაშია, რომ ის ისტორიულად შემოსაზღვრულ კოლონიურ ერას სცილდება იმდენად, რამდენადაც ის ხაზს უსვამს ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს და პოსტ-კოლონიურ, დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის ასიმეტრიულ ძალაუფლებრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომლებიც დეკოლონიალიზაციის შემდეგაც გაგრძელდა. პოსტ-კოლონიურ პერიოდში განვითარდა ისეთი თეორიები, როგორიცაა მსოფლიო სისტემების და დამოკიდებულების თეორიები.

ჰობსონის თეორია და ნაკლ-მოხმარების თეორია რედაქტირება

ჰობსონი ხაზს უსვამდა კაპიტალიზმის განვითარების ახალ ეტაპს, რომელშიც მთავარი ის იყო, რომ სასაქონლო ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გადაერთო კაპიტალის ექსპორტზე. ამ პროცესმა გაზარდა ფინანსისტების როლი და ბრიტანეთის მაგალითზე იმპერიალისტურ პოლიტიკაზე მოთხოვნაც. ჰობსონი იმპერიალისტურ და კოლონიალისტურ პოლიტიკას განიხილავდა როგორც ეკონომიკურ აუცილებლობას, რომელიც წარმოდგებოდა ინდუსტრიული წარმოების და მოხმარების შინაგანი ურთიერთობებიდან. ჰობსონის მიხედვით, ინტენსიური ინდუსტრიალიზაცია წარმოქმნის მონოპოლიებს, რომელთა მოგების წილი იზრდება და უფრო და უფრო მცირე რაოდენობის ფირმების ხელში ექცევა. ამ მოგების დიდი ნაწილი დანაზოგებში მიდის, რაც თანდათანობით იზრდება. საშინაო საინვესტიციო შესაძლებლობები მცირდება ან დანაზოგები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ინვესტიციები, რაც ქმნის მოთხოვნის დეფიციტს. შესაბამისად კაპიტალის ექსპორტი წარმოადგენს ჭარბი დანაზოგების გამოდინების ერთადერთ წყაროს. ეკონომიკური ელიტები ითხოვენ სახელმწიფოსგან გარე ტერიტორიების ექსპანსიას, რათა გაფართოებული და დაცული იქნეს საინვესტიციო გარემო. მიუხედავად, იმისა, რომ ჰობსონი იმპერიალიზმს კაპიტალიზმის ეკონომიკური განვითარების შინაგანი ბუნებით ხსნიდა, მას მიაჩნდა, რომ მისგან თავის დაღწევა შესაძლებელი იყო კაპიტალიზმის პირობებში რეფორმების მეშვეობით. კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც ჰობსონი უსვამდა ხაზს, შეეხებოდა შემოსავლების უთანასწორო გადანაწილებას. ჰობსონის მიხედვით, ინდუსტრიული განვითარება თავისთავად არ აჩენს იმპერიალისტურ ზეწოლას ახალი ბაზრების და საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნისთვის, ამის მიზეზი შემოსავლების კონცენტრაციაა, ანუ არა წარმოება, არამედ ჭარბი დანაზოგები, რომლებიც გამოხატულია რენტის, მონოპოლიური მოგებისა და სხვა ჭარბი შემოსავლების ფორმაში. თუკი მოხდება მსყიდველუნარიანობის გადანაწილება, ანუ თანამედროვე ენაზე - შემოსავლების განაწილება, შესაძლებელი იქნება უქმე კაპიტალის და საქონლის ქვეყნის შიგნით ათვისება და, შესაბამისად, იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის მოთოკვა. საკუთარი თეორიით ჰობსონმა საფუძველი ჩაუყარა იმპერიალიზმის კლასიკურ თეორიებს.

კოლონიალიზმის და იმპერიალიზმის მარქსისტული თეორიები რედაქტირება

მარქსისტი ავტორების უმრავლესობა ჰობსონის ხაზს გაყვა, თუმცა მათ მიერ კაპიტალიზმის კოლონიურ-იმპერიალისტური ტენდენციების ახსნა სხვადასხვა დაშვებებიდან გამომდინარე საბუთდებოდა. რუდოლფ ჰილფერდინგი (1877–1941) იმპერიალიზმის თეორიას ავითარებს საკუთარ ნაშრომში „ფინანსური კაპიტალი“. როგორც, ჯონ მილიოსი და დიმიტრის სოტიროპოლუსი მიიჩნევენ სწორედ მას ეკუთვნის იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის განვითარების ბოლო ფაზის თეორია. ჰილფერდინგის მიხედვით კონკურენციას ანაცვლებს მონოპოლიური წარმოება, თანდათანობით ინდუსტრიული კაპიტალი და საბანკო კაპიტალი ერთმანეთს ერწყმის, რაც ფინანსური კაპიტალის დომინაციას იწვევს, რომელიც სახელწმიფოს უქვემდებარებს მონოპოლიების და ფინანსური კაპიტალის ინტერესებს. ეს კი საბოლოოდ ომში და ექსპანსიონისტურ პოლიტიკაში ითარგმნება . ამ მიდგომას იზიარებენ ლენინი, ბუხარინი და კარლ კაუცკი. როზა ლუქსემბურგი ზედმეტი ღირებულების რეალიზაციისათვის აუცილებლად მიიჩნევდა არაკაპიტალისტური სამყაროს არსებობას, რომელიც ახდენდა ზედმეტი ღირებულების რეალიზაციას და კონფლიქტი ინდუსტრიულად განვითარებულ კაპიტალისურ ქვეყნებს შორის სწორედ ამ ტერიტორიების ათვისების კონკურენციისგან გამომდინარეობდა . ბუხარინს წინ მიჰყავს ლუქსემბურგის თეორია და გამოყოფს კაპიტალის გაფართოებიდან წარმოქმნილ წინააღმდეგობას, კერძოდ წინააღმდეგობას კაპიტალის გლობალიზაციას და ზედმეტი პროდუქტის სახელმწიფო დონეზე მითვისებას შორის.

ლენინი გამოყოფს იმპერიალიზმის რამდენიმე თავისებურებას, რომელიც ფაქტობრივად იმპერიალიზმის კლასიკური და ადრეული მარქსისტული თეორიას აჯამებს:

  1. კაპიტალის კონცენტრაციის შედეგად მონოპოლიების გადამწყვეტი როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში
  2. საბანკო და ინდუსტრიული კაპიტალის გაერთიანება და ფინანსური კაპიტალის გაბატონება, რომელიც აყალიბებს ფინანსურ ოლიგარქიას. "კაპიტალიზმს საერთოდ სჩვევია კაპიტალის საკუთრების გამოყოფა კაპიტალის წარმოებაში გამოყენებისგან, ფულადი კაპიტალის გამყოფა სამრეწველო თუ საწარმოო კაპიტალისგან, გამოცალკევება რენტიესი, რომელიც მხოლოდ ფულადი კაპიტალის შემოსავლით ცხოვრობს, მეწარმისგან და ყველა იმ პირისგან, რომელნიც უშუალოდ არიან კაპიტალის განმკარგველნი. იმპერიალიზმი, ანუ ფინანსური კაპიტალის ბატონობა, არის კაპიტალიზმის ისეთი უმაღლესი საფეხური, როდესაც ეს გამოყოფა უდიდეს ფარგლებს აღწევს. ფინანსური კაპიტალის სიჭარბე კაპიტალის ყველა სხვა დანარჩენ ფორმაზე მოასწავებს რენტიეს და ფინანსური ოლიგარქიის გაბატონებულ მდგომარეობას, მოასწავებს ყველა დანარჩენთაგან რამდენიმე ისეთი სახელმწიფოს გამოცალკევებას, რომელთაც ფინანსური "ძლიერება" აქვთ". (ლენინი - იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია).
  3. საქონლის ექსპორტის დომინანტური როლის კაპიტალის ექსპორტით ჩანაცვლება.
  4. საერთაშორისო მონოპოლისტური ასოციაციების ფორმირება, რომლებიც ინაწილებენ მსოფლიო ბაზარს.
  5. მსოფლიოს ტერიტორიული დანაწილება დიდი კაპიტალისტური ძალების მიერ.

ბრიტანული კოლონიალიზმი ინდოეთში რედაქტირება

2018 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, უტცსა პატნაიკის კვლევა, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთმა 1765 წლიდან 1938 წლამდე ინდოეთიდან გამოიტანა დღევანდელი ღირებულებით 45 ტრილიონი დოლარი (ეკვივალენტის გარეშე). ანგუს მედისონის გამოთვლებით ინდოეთის შემოსავლები მთლიანი მსოფლიოს შემოსავლების 22.6%-ს შეადგენდა (რაც თითქმის მთლიანი ევროპის შემოსავლების ტოლი იყო) ბრიტანელების შემოსვლამდე, ხოლო მათი გასვლის შემდეგ - 1952 წელს 3.8%-მდე დაეცა. ბრიტანელების მიერ ინდური გადამამუშავებელი მრეწველობის განადგურების პოლიტიკამ შემდეგი შედეგები გამოიღო - ინდოეთის მრეწველობის წილი მსოფლიო ინდუსტრიული წარმოების 25%-ს შეადგენდა, ხოლო 1900 წელს კი 2%-მდე დაეცა. ინდოეთმა დაკარგა კონკურენტუნარიანობა ტექსტილის ბაზარზე ბრიტანეთის მიერ საექსპორტო ტარიფების და ტექნოლოგიური ტრანსფერის შეზღუდვის შედეგად.

როდესაც ბრიტანელებმა ინდოეთი დატოვეს, წერა-კითხვის დონე ქვეყანაში 17%-ი იყო. აბსოლუტური სიღარიბის დონე - 90%. სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 27-32 წლამდე. ბოლოს, 1900 წლიდან - დამოუკიდებლობამდე, ანუ 1947 წლამდე - ინდოეთის ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 1%-ზე ნაკლები იყო. ჩამორჩენის სტრუქტურულ მიზეზად, შესაძლოა, განვიხილოთ ბრიტანეთის მიერ ინდოეთის დეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა (მაგალითად, ტექსტილის ინდუსტრიის განადგურება ბრიტანელების მიერ და სხვა). 1913 წლისთვის ინდოეთში მრეწველობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 3.8% იყო, რამაც ბრიტანელების მიერ ქვეყნის დატოვებისას 1947 წელს 7.5% მიაღწია.

ნეოკოლონიალიზმი და დამოკიდებულების თეორია რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პოსტ-კოლონიურ პერიოდში მომწიფდა „დამოკიდებულების თეორია“, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ რეაქციას მოდერნიზაციის საფეხურეობრივი თეორიის საწინააღმდეგოდ. პოსტ-კოლონიურ ქვეყნებს არ შეეძლოთ ინდუსტრიალიზებული ეკონომიკებისთვის კონკურენციის გაწევა მაღალ ტექნოლოგიურ საექსპორტო პროდუქციაში და, როგორც კოლონიური ეკონომიკა, გლობალურ ეკონომიკაში ნედლი მასალის მიმწოდებლად და იაფი მუშა ხელის მქონე შედარებით უპირატესობის მქონე ქვეყნებად დარჩნენ. დამოკიდებულების თეორიაში უკანა ფონზე გადადის იმპერიალიზმის კლასიკური გაგება, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ და სამხედრო დომინაციას მოიაზრებს და ყურადღება მახვილდება კორპორაციების ძალაუფლებაზე, გლობალური შრომის დანაწილებაზე, არათანაბარ განვითარებაზე და არათანაბარ გაცვლაზე ცენტრის და პერიფერიის ქვეყნებს შორის. აუცილებელია, განვასხვაოთ დამოკიდებულების თეორია მარქსისტული იმპერიალიზმის თეორიებისგან, რადგან ეს უკანასკნელი მეტწილად ეხება იმპერიალიზმის წარმოშობის საფუძვლებს, როგორც პირველი იმპერიალისტური და კოლონიური წარსულის შედეგებს.

„დამოკიდებულების“ თეორია თავდაპირველად განავითარა „გაერო-ს“ ლათინური ამერიკის კომისიის ხელმძღვანელმა რაულ პრებიშმა. „ნეოკლასიკური თეორიის საპირისპიროდ ხშირად ეს პირიქით იყო და მდიდარი ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობა ხელს უშლიდა ღარიბი ქვეყნების განვითარებას“ . პრებიშის თეორია მარტივ ეკონომიკურ თეზას ეფუძნებოდა - ღარიბი ქვეყნები ახდენენ პირველადი (ნედლი) საქონლის ექსპორტს მდიდარ რეგიონებში, რომლებიც მათ გადაამუშავებენ და კვლავ საბოლოო პროდუქტის სახით უკან მათზე ყიდიან. ამ სქემის მიხედვით, გლობალური ღირებულების ჯაჭვში ყველაზე ნაკლებ დამატებით ღირებულებას ქმნიან პირველად წარმოებაში სპეციალიზებული ქვეყნები, შესაბამისად, მათი ბალანსი მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტის შეძენისას მუდმივად უარყოფითი იქნება. პრებიშის აზრით, გამოსავალი იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა იყო. ასეთი პოლიტიკა აქტიურად გატარდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, თუმცა ბევრი ეკონომისტის აზრით ჩავარდა. დამოკიდებულების თეორია საუბრობს შრომის საერთაშორისო დანაწილების იერარქიაზე, ამიტომ ის დამოკიდებულ ქვეყნებს მიიჩნევს კაპიტალისტური ეკონომიკის ინტეგრალურ ნაწილად. რამდენადაც დამოკიდებულების თეორია აერთიანებს ცენტრის და პერიფერიის ურთიერთობას ერთიან სისტემაში, ის განასხვავებს „ჩამორჩენილობას“ და „განუვითარებლობას“. ჩამორჩენილობა უკავშირდებოდა რაიმე რესურსების გამოყენების ნაკლებობას, როდესაც „განუვითარებლობა“ მიეუთითებს რესურსების გამოყენებაზე, თუმცა ცენტრის ქვეყნების სასარგებლოდ. ამ გაყოფით დამოკიდებულების თეორეტიკოსები მიგვითითებენ, რომ „განუვითარებლობა“ გამოწვეულია არა კულტურული მახასიათებლებით, არამედ კაპიტალისტურ სისტემაში ინტეგრაციით, რომელშიც ამ ქვეყნებს ნედლი მასალის და იაფი მუშა ხელის მიწოდების „შედარებითი უპირატესობა“ გააჩნიათ, რითაც ჩამოცილებულნი არიან კონკურენციას ცენტრის ქვეყნებთან .

პატნაიკების თეორია რედაქტირება

მარქსისტი დამოკიდებულების თეორიტიკოსები უტსა და პრაბჰატ პატნაიკების მიხედვით, კაპიტალიზმის წარმოშობამ ზომიერ გეოგრაფიულ სარტყელში, რომელ ზონაშიც შეუძლებელია ცენტრში დაგროვებისთვის აუცილებელი ნედლი მასალის მიღება, საჭირო გახადა ტროპიკული ზონების მიწებიდან მათი მოპოვება. სწორედ ეს გეოგრაფიული მიმართება წარმოადგენს პატნაიკების თეორიის არსს. ტროპიკული მიწების პროდუქტი მნიშვნელოვანია ცენტრში სიმდიდრის დაგროვებისთვის და თუ კაპიტალისტების მთავარ მიზანს მოგება შეადგენს, ამდენად აუცილებელია ფულის და საქონელის სტაბილური ფასთა ფარდობა. ამასთან ერთად, თუ მიწის რესურსები შეზღუდულია, დროთა განმავლობაში იმატებს მიწოდების ხარჯები, რაც აისახება ფასში და შესაბამისად ფულის საქონელთან მიმართებით ღირებულებაში. ცენტრის ქვეყნების ინტერესია, რომ ზრდადი მიწოდების ხარჯებმა თავი არ გამოავლინონ გრძელვადიან პერიოდში, რადგან კაპიტალისტური სისტემის საფუძველს ქონების ფულის ფორმაში დაგროვება წარმოადგენს, შესაბამისად მისი სტაბილურობა სისტემისთვის ცენტრალურია, ამიტომ მისი შეკავება როგორმე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამის შეკავების ინსტრუმენტად ავტორები განიხილავენ იმპერიალიზმს, რომელიც პერიფერიის ქვეყნების მშრომელების შემოსავლების დეფლაციის (ხელფასების შემცირება ფასებთან შედარებით) გზით აჩერებს ზრდადი მიწოდების ხარჯების ფენომენის გამოვლინებას. დამოკიდებულების თეორიაში არსებობს სხვა შეხედულებებიც, თუმცა სამირ ამინი პერიფერიული ფორმაციის ოთხ ძირითად ასპექტს გამოყოფს, რომელიც დამახასიათებელია ყველა მიდგომისთვის:

  1. აგრარული კაპიტალიზმის ძირითადი როლი ეროვნულ ეკონომიკაში;
  2. ადგილობრივი ძირითადად სავაჭრო ბურჟუაზიის წარმოქმნა, რომელიც მისდევს დომინანტურ უცხოურ კაპიტალს;
  3. თანამედროვე პერიფერიისთვის დამახასიათებელი სპეციფიური ბიუროკრატიის განვითარება;
  4. არასრული, სპეციფიური პროლეტარიზაციის ფენომენი;

ლათინური ამერიკა და აზიური ვეფხვები რედაქტირება

დამოკიდებულების თეორიის საფუძვლები ძლიერ შესუსტდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის შემდგომ, რომელთაც პერიფერიული ქვეყნებიდან ნახევრად პერიფერიულ და ცენტრის ქვეყნებში განახორციელეს ნახტომი. ლათინური ამერიკის ჩავარდნამ გააქტიურა ჩაურევლობის თეორიის მომხრეები, თუმცა აზიური ვეფხვების წარმატებულმა ინდუსტრიალიზაციამ, რომელშიც სახელმწიფომ დიდი როლი ითამაშა, ხელახლა გახსნა დებატების სივრცე. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პრობლემა სახელმწიფოს ინდუსტრიულ პოლიტიკასა და ბაზარზე მინდობას შორის ალტერნატივებში კი არაა, არამედ სახელმწიფოს ინტერვენციონიზმის რაგვარობაში. ლათინურმა ამერიკამ აირჩია „ავტარქიული პროტექციონიზმი“, რომელიც ძველად იმპორტირებულ ტექნოლოგიებს და სატარიფო პოლიტიკას ეყრდნობოდა, როდესაც აზიურმა ქვეყნებმა „კონკურენტული პროტექციონიმი“ აირჩიეს, რომელიც გლობალური ბაზრებისთვის კონკურენტული პროდუქციის შექმნაზე ორიენტირდებოდა და სახელმწიფოც ამით ახდენდა საბაზრო აქტორების დისციპლინირებას თუ წახალისებას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • J. A. Hobson (1902). Imperialism: A Study. ISBN 9781596059481.
  • Milios, John & Sotiropoulos, Dimitris. (2009). Rethinking Imperialism A Study of Capitalist Rule. 10.1057/9780230250642.
  • Patnaik, U., Patnaik, P., Harvey, D., & Bilgrami, A. (2017). A theory of imperialism. New York: Columbia University Press.
  • Tharoor, Shashi. Inglorious Empire: What the British Did to India. London: Hurst & Company, 2017.
  • Jonathan P. Eacott. "Making an Imperial Compromise: The Calico Acts, the Atlantic Colonies, and the Structure of the British Empire." The William and Mary Quarterly 69, no. 4 (2012): 731-62. Accessed February 26, 2020. doi:10.5309/willmaryquar.69.4.0731.
  • Rudolf Hilferding. Finance Capital. A Study of the Latest Phase of Capitalist Development. Written: 1910. First Published: Rudolf Hilferding, Das Finanzkapital.
  • Patnaik, Utsa & Patnaik, Prabhat. (2015). Imperialism in the Era of Globalization. Monthly Review. 67. 68. 10.14452/MR-067-03-2015-07_5.
  • Amin, Samir. Unequal Development: an Essay on the Social Formations of Peripheral Capitalism. Delhi: Oxford univ. pr., 1979.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კოლონიალიზმი – უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 587-588.
  3. კოლონიალიზმი – სამოქალაქო განათლების ლექსიკონი