კლდეკარის ციხესიმაგრე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლდეკარი (მრავალმნიშვნელოვანი).

კლდეკარი — ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოში, თრიალეთში, თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). აქედან ხელისგულივით მოჩანს, როგორც სამხრეთის, წალკისა და მანგლისის მიდამოები, ისე ჩრდილოეთის — მდინარეების ტანისა და თეძმის ხეობები. ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები. მდებარეობდა მნიშვნელოვან გზასაყარზე, იქ სადაც გაპობილი კლდე გასასვლელს ქმნის (აქედან სახელწოდებაც კლდეკარი ე. ი. კლდის კარი).

კლდეკარის ციხის ხედი ქვემოდან

კლდეკარის ციხე ააგეს მას შემდეგ რაც არგვეთელი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში IX საუკუნის 70-იან წლებში თრიალეთში გადავიდა. მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე კლდეკარის საერისთავოს ცენტრი იყო. საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ, რომელიც ვერ ეგუებოდა ბაღვაშთა პოლიტიკური სიძლიერის ზრდას, რამდენიმეჯერ ჩამოართვა მათ კლდეკარის ციხე.

ისტორია რედაქტირება

 
კლდეკარის ბუნებრივი კარი

კლდეკარის ერისთავები შემდეგში ისე ძლიერდებიან, რომ მეფეებსაც კი ეურჩებიან. საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს არ ემორჩილებოდა კლდეკარის ერისთავი რატი I. მას კი მფარველობდა დავით კურაპალატი. ძლიერი მამობილის წინააღმდეგ წასვლა კი ბაგრატს არ უნდოდა. როდესაც დავითმა ნება დართო ბაგრატს ისე ემოქმედა, როგორც თვითონ ამჯობინებდა, მან დაძრა ჯარი. ციხე-სიმაგრეში მყოფი რატის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ადვილი იყო. მეფემ პირდაპირ მისვლას ხერხით მოქმედება არჩია. იგი თრიალეთიდან ჯერ დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ხოლო, როდესაც ზამთარი დადგა, მთელი თავისი ჯარით მოულოდნელად თავზე წაადგა რატის. რატი მზად არ იყო დასახვედრად, ამიტომ უბრძოლველად დანებება არჩია. გამოვიდა ციხიდან, თან გამოიყვანა თავისი ძე ლიპარიტი და შეევედრა მეფე. მეფემ ციხე დაიკავა, რატი კი წავიდა არგვეთში, რომელიც აგრეთვე მის მამულს წარმოადგენდა.

 
კლდეკარის ციხის ხედი ზემოდან

ბრძოლა მეფესა და კლდეკარის ერისთავებს შორის განსაკუთრებით XI საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს გამწვავდა. მან, გარდამავალი უპირატესობით, რამდენიმე ათეულ წელს გასტანა.

პირველ ხანებში კლდეკარის მფლობელი, ერისთავთ ერისთავი ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაგრატ IV-ის მხარეს იყო. როცა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ, დაპყრობის მიზნით 1028 წელს საქართველოში სარდალი პარაკიმანოსი გამოგზავნა ურიცხვი ლაშქრით, ლიპარიტმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კლდეკარის ციხესთან მოსულ მტერს და აიძულა იგი უკან გაბრუნებულიყო.

მომდევნო წლებში კი ლიპარიტსა და ბაგრატს შორის განხეთქილება მოხდა. 50-იანი წლების ბოლოს ლიპარიტი ისე გაძლიერდა, რომ თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ბატონ-პატრონი გახდა, უფლისწულის აღზრდაც მიისაკუთრა და მცირეწლოვანი გიორგი რუისის საყდარში მეფედ აკურთხა.

 
კლდეკარის ხედი შორიდან

ლიპარიტის ბატონობა არაფრად მოსწონდათ სხვა დიდებულებს. განიზრახეს მისი თავიდან მოცილება. სულა კალმახელმა სხვების დახმარებით შეიპყრო ლიპარიტი და მისი ძე ივანე და მეფეს მიჰგვარა. მეტად გახარებულმა მეფემ ურჩი ყმის შემპყრობნი დიდად დაასაჩუქრა. სულამ ლიპარიტს წაართვა ისეთი ძლიერი ციხეები, როგორიც იყო: არტანუჯი, უფლისციხე, ბირთვისის ციხე და ყველისციხე, მაგრამ კლდეკარი თვით მეფის ჯარმაც კი ვერ აიღო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეფემ მეციხოვნეებს აღუთქვა, რომ ლიპარიტს და ივანეს უვნებლად გაუშვებდა, ციხე დანებდა. მეფემ ციხეში თავისი ჯარი ჩააყენა, ლიპარიტი აიძულა ბერად აღკვეცილიყო, ივანეს კი არგვეთი დაუტოვა.

მომდევნო წლებში ივანემ დაიბრუნა კლდეკარის ციხე. მაგრამ არ ჩანს, თუ რა პირობებში მოხდა ეს დაბრუნება. იმავე საუკუნის 70-იან წლებში ახლად გამეფებულ გიორგი II-ს განუდგნენ დიდგვარიანი მოხელეები, მათ შორის ივანე ლიპარიტის ძეც. მეფემ განმდგარნი დაიმორჩილა, მაგრამ დასჯის მაგიერ დაასაჩუქრა ისინი; კერძოდ, ივანეს სამშვილდე უბოძა. ივანემ კეთილად მოპყრობა ვერ შეიფერა და ამის შემდეგ რამდენიმეჯერ ისევ განუდგა მეფეს.

 
ხედი კლდეკარიდან ალგეთის ხეობაზე

80-იანი წლების ბოლოს გამეფებულ დავით აღმაშენებელს ქვეყანა აოხრებული დახვდა. მისი ისტორიკოსის სიტყვით, „ციხეთა გარეთ“ კაცი არსად ყოფილა და შენობებიც დანგრეული იყო. ბევრი თავადიც არ ემორჩილებოდა მეფეს. მხოლოდ კლდეკარი და მისი მიმდებარე მხარე, რომელიც ლიპარიტს ეკავა, ამჯერად დავითს ერთგულებდა. მაგრამ ეს ერთგულება დიდხანს არ გაგრძელებულა: 1094 წელს დავითმა შეიპყრო ლიპარიტი და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საბერძნეთს გააძევა. კლდეკარის საერისთავო კი გააუქმა. ცხადია, კლდეკარის ციხეც ერთხანს დაკარგავდა თავის ძველ ძლიერებას. იმავე ისტორიკოსის ცნობით, XII საუკუნის დასაწყისში თრიალეთი და კლდეკარი ჭყონდიდელის დისწულს, ვინმე თევდორეს უჭირავს.

მეტად უსიამოვნო ფაქტის მოწმე გამხდარა კლდეკარის ციხე 1177 წელს: როგორც ცნობილია, გიორგი III-ს აუჯანყდა ძმისწული დემნა, რომელსაც ბევრმა დიდგვარიანმა დაუჭირა მხარი. მათ შორის მთავარ დასაყრდენს ორბელიანები წარმოადგენდნენ. თუ პირველ ხანებში სასწორი შეთქმულთა მხარეზე იხრებოდა, მალე მდგომარეობა შეიცვალა — მეფემ დაამარცხა ისინი. აჯანყებულები სასტიკად დაისაჯნენ, თვით დემნას კი კლდეკარში თვალები ამოსწვეს.

მომდევნო საუკუნეებში კლდეკარის ერისთავები უკვე ნაკლებ როლს თამაშობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის გამოც მატიანეთა ფურცლებზე იშვიათად გვხვდება მათი სახელი. ასე, მაგალითად, როცა XIII საუკუნის შუა წლებში საქართველოში დაბრუნებულმა დავით ულუმ შეიტყო, რომ მის მიერ კახეთის მმართველად დატოვებული თორღვა პანკელი განუდგა, რამდენიმეჯერ მოუწოდა მას. შეშინებული თორღვა არ გამოცხადებულა მეფესთან. მაშინ იგი ფიცით მიუნდვია ხორნაბუჯელს და წამოუყვანია. ტაბახმელას, მეფის კარზე მოყვანილ თორღვას უღალატა მესტუმრე ჯიქურმა, დაიჭირა, გააგზავნა კლდეკარში და იქ კლდიდან გადმოაგდებინა.

გვიანფეოდალურ ხანაში კლდეკარის საერისთავო უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ თვით კლდეკარიც იშვიათად თუ იხსენიება ისტორიულ წყაროებში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 551.
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. I, თბ., 1964 წ.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973 წ.