კლავდიუსი, სრული სახელია ტიბერიუს კლავდიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (ლათ. Tiberius Claudius Caesar Augustus Germanicus;[1][2] დ. 1 აგვისტო, ძვ. წ. 10 — გ. 13 ოქტომბერი, 54) — რომის იმპერატორი 41-54 წლებში იულიუს-კლავდიუსების დინასტიიდან. ნერონ კლავდიუს დრუზუსისა და ანტონია უმცროსის შვილი. დაიბადა ლუგდუნუმში, გალიაში, რითაც გახდა იტალიის გარეთ დაბადებული პირველი რომაელი იმპერატორი. რადგანაც იგი კოჭლი და ახალგაზრდობაში გადატანილი დაავადების გამო ცოტა ყრუც იყო, მისმა ოჯახმა გარიყა კლავდიუსი და საჯარო ცხოვრებას ჩამოაშორა, რაც 37 წლამდე გაგრძელდა, როდესაც იგი თავის ძმისწულთან, კალიგულასთან ერთად, კონსული გახდა.

კლავდიუსი
Claudius

კლავდიუსის ბიუსტი ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმიდან
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 24 იანვარი, 41
მმართ. დასასრული: 13 ოქტომბერი, 54 (13 წელი)
წინამორბედი: კალიგულა, ძმისწული
მემკვიდრე: ნერონი, ძმისშვილიშვილი, გერი და შვილობილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 აგვისტო, ძვ. წ. 10
დაბ. ადგილი: ლუგდუნუმი, გალია
გარდ. თარიღი: 13 ოქტომბერი, 54 (63 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, იტალია
დაკრძ. ადგილი: ავგუსტუსის მავზოლეუმი
მეუღლე: პლავტია ურგულანილა
ელია პეტინა
ვალერია მესალინა
აგრიპინა უმცროსი (ძმისწული)
შვილები: კლავდიუს დრუზუსი
კლავდია ანტონია
კლავდია ოქტავია
ბრიტანიკუსი
ნერონი (შვილობილი)
დინასტია: იულიუს-კლავდიუსები
მამა: ნერონ კლავდიუს დრუზუსი
დედა: ანტონია უმცროსი
რელიგია: ტრადიციული ძველი რომაული რელიგია
რომის საიმპერატორო დინასტიები
იულიუს-კლავდიუსების დინასტია
ქრონოლოგია
ავგუსტუსი ძვ. წ. 27-ახ. წ. 14
ტიბერიუსი 14-37 წწ.
კალიგულა 37-41 წწ.
კლავდიუსი 41-54 წწ.
ნერონი 54-68 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
რომის რესპუბლიკა
მემკვიდრე
ოთხი იმპერატორის წელი

კლავდიუსის უძლურებამ, სავარაუდოდ, მისი საკუთარი და კიდევ მრავალი წარჩინებულის სიცოცხლე იხსნა ტიბერიუსისა და კალიგულას ზეობის პერიოდში გახორციელებული წმენდებისას, რამდენადაც პოტენციური მტრები მას სერიოზულ საფრთხედ არ მიიჩნევდნენ. კალიგულას მკვლელობის შემდეგ, კლავდიუსი პრეტორიანელების გვარდიამ იმპერატორად გამოაცხადა. ამ მომენტისათვის, იგი თავის ოჯახში უკანასკნელი მამაკაცი იყო.

გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად, კლავდიუსმა დაამტკიცა, რომ უნარიანი და ეფექტური მმართველი იყო. იგი, აგრეთვე, ამბიციური მშენებელიც იყო, რომელმაც იმპერიის მასშტაბით მრავალი გზა, აკვედუკი და არხი ააგო. მისი ზეობისას იმპერიამ დაიწყო ბრიტანეთის დაპყრობა (თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ კეისრის ადრეულ ლაშქრობებსა და კალიგულას გაუქმებულ მცდელობებს). რადგანაც სამართლით იყო დაინტერესებული, იგი პირადად უძღვებოდა საჯარო სასამართლო სხდომებს და დღეში ოცამდე ბრძანებულებას გამოსცემდა. თავისი მმართველობის განმავლობაში, მას დაუცველად მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით არისტოკრატია. კლავდიუსი მუდმივად იძულებული იყო გაემყარებინა თავისი მდგომარეობა, რამაც მრავალი სენატორის სიცოცხლე შეიწირა. ამ ქმედებებმა ჩრდილი მიაყენეს მის სახელს ანტიკური პერიოდის ავტორებს შორის, თუმცა ბოლოდროინდელი ისტორიკოსები განსხვავებულად უყურებენ ამ შეხედულებას. მრავალი ავტორი ამტკიცებს, რომ იგი საკუთარმა ცოლმა მოკლა. 54 წელს 63 წლის ასაკში გარდაცვალების შემდეგ, კლავდიუსი საიმპერატორო ტახტზე ძმისშვილიშვილმა და შვილობილმა, ნერონმა შეცვალა.

სხვა იმპერატორებთან მიმართებაში, კლავდიუსი იყო ავგუსტუსის დისშვილიშვილი, ტიბერიუსის ძმისშვილი, კალიგულას ბიძა და ნერონის პაპის ძმა და მამობილი.

ოჯახი და ცხოვრების ადრეული წლები რედაქტირება

კლავდიუსი დაიბადა ძვ. წ. 10 წლის 1 აგვისტოს ლუგდუნუმში (თანამედროვე ლიონი, საფრანგეთი). ჰყავდა ორი დედმამიშვლი, გერმანიკუსი და ლივილა. დედამისს, ანტონიას, შესაძლოა ორი სხვა შვილიც ჰყოლოდა, რომლებიც მცირეწლოვნები გარდაიცვალნენ.

დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ მარკუს ანტონიუსი და ოქტავია უმცროსი, ავგუსტუსის და. ამდენად, კლავდიუსი იულიუს კეისრის ნათესავიც იყო. მამამისის მშობლები იყვნენ ლივია, ავგუსტუსის მესამე ცოლი და ტიბერიუს კლავდიუს ნერონი. თავისი ზეობისას, კლავდიუსმა გამოიგონა ჭორი, რომ თითქოს მამამისი, დრუზუსი, სინამდვილეში ავგუსტუსის უკანანო შვილი იყო, რაც საქმეს იმგვარად წარმოაჩენდა, რომ ავგუსტუსი პაპამისი იყო.

ძვ. წ. 9 წელს მამამისი, დრუზუსი, მოულოდნელად გარდაიცვალა გერმანიაში კამპანიისას, შესაძლოა დაავადების გამო. კლავდიუსი დედამ აღზარდა, რომელიც მეტჯერ აღარ დაქორწინებულა. როდესაც მისი ფიზიკური ნაკლოვანება აშკარა გახდა, კლავდიუსის ურთიერთობა ოჯახთან ძალიან გაუარესდა. ანტონია მას ურჩხულს უწოდებდა და სისულელის ეტალონად იყენებდა. როგორც ჩანს, მან კლავდიუსი ბებიას, ლივიას გადასცა აღსაზრდელად წლების განმავლობაში.[3]

ლივია ცოტა უფრო კეთილი იყო, თუმცა შვილიშვილს სასაყვედუროდ მაინც ხშირად უგზავნიდა მოკლე, ბრაზით სავსე წერილებს. იგი „ყოფილი მეჯინიბის“ მეურვეობის ქვეშ იყო,[4] რათა დისციპლინას შესჩვეოდა, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მისი მდგომარეობა სიზარმაცითა და უნებისყოფობით იყო გამოწვეული. მოზარდობის ასაკში კლავდიუსის სიმპტომებმა თაბდათანობით იკლო და ოჯახმა მიიღო რამდენიმე შეტყობინება მისი მეცნიერებით დაინტერესების შესახებ.[5]

7 წელს მის ისტორაში განსასწავლად ტიტუს ლივიუსი დაიქირავეს სულპიციუს ფლავუსთან ერთად. ამ უკანასკნელსა და ფილოსოფოს ათენოდორუსთან ერთად კლავდიუსი დიდ დროს ატარებდა. თავისივე წერილის მიხედვით, ავგუსტუსი გაკვირვებული იყო კლავდიუსის მჭერმეტყველებით.[5] გაჩნდა გარკვეული მოლოდინები მის მომავალთან დაკავშირებით.

საჯარო ცხოვრება რედაქტირება

მისი, როგორც დამწყები ისტორიკოსის საქმიანობამ ზიანი მიაყენა საჯარო ცხოვრებაში წინსვლის პერსპექტივებს. ვინსენტ სკრამუზასა და სხვების მიხედვით, კლავდიუსმა დაიწყო რომის სამოქალაქო ომების ისტორიაზე მუშაობა, რომელიც ან ძალიან რეალისტური იყო, ან ძალიან კრიტიკული ოქტავიანესთან მიმართებაში,[6] რომელიც მაშინ ავგუსტუს კეისრის სახელით ზეობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ნაშრომის შესაქმნელად ჯერ ძალიან ადრე იყო და როგორც ჩანს, ამ ფაქტმაც მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ავგუსტუსს შეახსენა კლავდიუსის მარკუს ანტონიუსის შთამომავლობა. დედამისი და ბებიამისი სწრაფად ჩაერივნენ და შეაჩერეს, თუმცა ამან, სავარაუდოდ, ისინი დაარწმუნდა, რომ კლავდიუსი საჯარო თანამდებობისათვის მზად არ იყო. იგი სანდო აღარ იყო, რომ არსებული პოლიტიკური ძალის რიგებს შეერთებოდა.[7]

როდესაც თავისი ცხოვრების მომდევნო პერიოდში თხრობას დაუბრუნდა, მან საერთოდ გამოტოვა მეორე ტრიუმვირატის ომები, თუმცა მან უკვე მიაყენა საკუთარ თავს ზიანი და ოჯახმაც უკანა პლანზე გადასწია. როდესაც ძვ. წ. 8 წელს საიმპერატორო ოჯახის პატივსაცემად ფავიის თაღი აღიმართა, კლავდიუსის სახელი (ტიბერიუს კლავდიუს ნერონ გერმანიკუსი) ნაპირზე წააწერეს, ავგუსტუსის შვილიშვილების, გაიუსისა და ლუციუსის და გერმანიკუსის შვილების სახელების შემდეგ. არსებობს გარკვეული მოსაზრებებიც იმის შესახებ, რომ წარწერა ათწლეულების შემდეგ თავად კლავდიუსმა დაამატა და რომ თავდაპირველად მისი სახელი საერთოდ არ იყო თაღზე.[7]

 
გრატუსი კლავდიუსს იმპერატორად აცხადებს. ლოურენს ალმა-ტადემა, ზეთი, ტილო. 1871 წ.

როდესაც 14 წელს ავგუსტუსი გარდაიცვალა, 23 წლის კლავდიუსმა ბიძას, ტიბერიუსს მიმართა, რათა მას საჯარო კარიერის დაწყების ნება მიეცა. ახალმა იმპერატორმა კონსულის მორთულობის ბოძებით უპასუხა. კლავდიუსმა თანამდებობა კიდევ ერთხელ ითხოვა და ამჯერად დატუქსეს კიდევაც. რადგანაც ტიბერიუსი წინამორბედზე გულუხვი არ იყო, კლავდიუსი შეეშვა საჯარო თანამდებობაზე ფიქრს და მეცნიერის კერძო ცხოვრებას დაუბრუნდა.

საიმპერატორო ოჯახის მიერ მისი აბუჩად აგდების მიუხედავად, როგორც ჩანს, ხალხი თავიდანვე პატივს სცემდა კლავდიუსს. ავგუსტუსის გარდაცვალებისას, მხედრებმა, იგივე რაინდებმა, იგი თავიანთი დელეგაციის მეთაურად აირჩიეს. როდესაც კლავდიუსის სახლი დაიწვა, სენატმა მოითხოვა, რომ ის სახელმწიფოს ხარჯზე აღდგენილიყო. სენატორებმა ისიც მოითხოვეს, რომ კლავდიუსს სენატში განხილვებში მონაწილეობის უფლება მისცემოდა. ტიბერიუსმა არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნები, თუმცა ამგვარი განწყობა კლავდიუსის მიმართ შენარჩუნდა.

ტიბერიუსის ვაჟის, დრუზუსის უშუალოდ გარდაცვალების შემდეგ პერიოდში, ზოგიერთმა კლავდიუსი პოტენციურ მემკვიდრედაც კი წამოსწია. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მისი საჯარო ცხოვრებისაგან განდევნის პოლიტიკურ ხასიათზე. თუმცაღა, რადგანაც ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტის, სეიანუსის ძალაუფლება და ტერორი ძლიერების მწვერვალზე იყო, კლავდიუსმა ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა არჩია.

ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ, ახალმა იმპერატორმა, კალიგულამ (კლავდიუსის ძმის, გერმანიკუსის ვაჟი) აღიარა, რომ იგი რაღაცაში გამოდგებოდა. 37 წელს მან კლავდიუსი თავის თანაკონსულად დანიშნა, რათა ხაზი გაესვა თავისი გარდაცვლილი მამის ხსოვნისათვის. ამის მიუხედავად, კალიგულა საშინლად აწვალებდა ბიძამისს: დგამდა პრაქტიკულ ხუმრობებს, აბარებდა უზარმაზარ თანხებს, ამცირებდა სენატის წინაშე და ა. შ. დიონ კასიუსის მიხედვით, კალიგულას მმართველობის ბოლოსთვის კლავდიუსი ძალიან ავადმყოფური შესახედაობის მქონე და გამხდარი გახდა, ყველაზე უფრო სავარაუდოდ სტრესისაგან. [8] ამ პერიოდის შემორჩენილი კლავდიუსის სავარაუდო პორტრეტიც შესაძლოა სწორედ ამას ამტკიცებდეს.

კალიგულას მკვლელობა რედაქტირება

 
ჰეროდე II-ის მონეტა, რომელზეც იგი თავის ძმასთან, ჰეროდე აგრიპასთან ერთად გვირგვინს ადგამს კლავდიუსს. ბრიტანეთის მუზეუმი.

41 წლის 24 იანვარს კალიგულა პრეტორიანელთა პრეფექტის, კასიუს ქერერასა და რამდენიმე სენატორის მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად მოკლეს. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ კლავდიუსი პირდაპირ იყო დაკავშირებული მკვლელობასთან, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომ მან იცოდა გეგმის შესახებ, რასაც განსაკუთრებით ის ამტკიცებს, რომ მან მოქმედების ადგილი ძმისშვილის მკვლელობამდე მცირე ხნით ადრე დატოვა.[9] თუმცაღა, კალიგულას ცოლისა და ქალიშვილის მკვლელობის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ კასიუსი გადასცდა გეგმას და საიმპერატორო ოჯახის ამოწყვეტას აპირებდა.[10]

მკვლელობის შემდეგ წარმოქმნილ ქაოსში კლავდიუსი შეესწრო თუ როგორ დახოცა გერმანულმა დაცვამ რამდენიმე უდანაშაულო წარჩინებული, მისი მრავალი მეგობრის ჩათვლით. იგი დასამალად სასახლეში გაიქცა. გადმოცემის თანახმად, პრეტორიანელმა, სახელად გრატუსმა კლავდიუსი ფარდის უკან იპოვა და მოულოდნელად პრინცეპსად გამოაცხადა.[10] შესაძლებელია, პრეტორიანელთა ნაწილი წინასწარვე გეგმავდა კლავდიუსის მოძებნას, შესაძლოა, მისივე თანხმობით. მათ კლავდიუსი დაარწმუნეს, რომ ისინი იმ დანაყოფს არ ეკუთვნოდნენ, რომელსაც შურისძიება ეწადა. იგი პრეტორიანელთა ბანაკში წაიყვანეს და თავიანთი მფარველობის ქვეშ აიყვანეს.

სენატი მალევე შეიკრიბა და მთავრობის შეცვლაზე დაიწყო მსჯელობა, თუმცა ეს განხილვა თანდათანობით იმაზე დავად გადაიქცა, თუ რომელი მათგანი უნდა გამხდარიყო ახალი პრინცეპსი. როდესაც სენატორებმა პრეტორიანელთა განცხადების შესახებ შეიტყვეს, მოითხოვეს, რომ კლავდიუსი დასამტკიცებლად მათ გადასცემოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა, რადგანაც თანხმობის მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხე იგრძნო. ზოგიერთი ისტორიკოსი, განსაკუთრებით, იოსებ ფლავიუსი,[11] ამტკიცებს, რომ კლავდიუსს ამგვარად სამოქმედოდ იუდეის მეფე ჰეროდე აგრიპა მიუთითებდა, თუმცა მოვლენათა მისივე ადრეული ვერსია ამცრობს აგრიპას როლს.[12] ამდენად, ეს საკითხი გაურკვეველი რჩება. საბოლოოდ, სენატი იძულებული გახდა დანებებულიყო, სანაცვლოდ კლავდიუსმა თითქმის ყველა მკვლელი შეიწყალა.

 
კლავდიუსის მოჭრილი დენარიუსი, რომელიც ხაზს უსვამს კალიგულას მკვლელობის შემდეგ მის მიერ განხორციელებულ შეწყალებებს. ქალღმერთ ნემესისის გამოსახულება, რომელიც შურისძიების გრძნობის დამორჩილებას ასახავს, მრავალი გვიანდელი პერიოდის იმპერატორის მონეტაზე უნდა ყოფილიყო.

იმპერატორი რედაქტირება

იმპერიის ექსპანსია რედაქტირება

კლავდიუსის ზეობისას იმპერიამ განიცადა პირველი მნიშვნელოვანი ექსპანსია ავგუსტუსის შემდეგ. მისი მმართველობის განმავლობაში სხვადასხვა გარემოებაში განხორციელდა თრაკიის, ნორიკუმის, პამფილიის, ლიკიისა და იუდეის პროვინციების ანექსირება (ან პირდაპირ მართვაზე აყვანა). კალიგულას დროს დაწყებული მავრეტანიის ანექსია აჯანყებულთა ძალების დამარცხებისა და ყოფილი ვასალი სამეფოს ორ საიმპერატორო პროვინციაში ოფიციალურად გადანაწილებით დასრულდა.[13] ყველაზე შორეული იყო ბრიტანეთის დაპყრობა.[14]

 
კლავდიუსის ბრინჯაოს თავი. ნაპოვნია მდინარე ალდში, რენდჰომში, საქსმუნდჰამის მახლობლად, სუფოლკში (ბრიტანეთის მუზეუმი). შესაძლოა ბოუდიკას აჯანყებისას კოლონია ვიქტრიცენზისში მდებარე კლავდიუსის ტაძრიდან წამოიღეს.[15]

43 წელს კლავდიუსმა ბრიტანეთში (ბრიტანია) აულუს პლავტიუსი გაგზავნა ოთხი ლეგიონით მას შემდეგ, რაც მას გამოძევებულმა მოკავშირე ტომმა მიმართა საჩივრით. თავისი მატერიალური სიმდიდრის, განსაკუთრებით კი სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და მონების გამო, ბრიტანეთი რომისათვის მიმზიდველ სამიზნეს წარმოადგენდა. იგი, აგრეთვე, გალი მეამბოხეების თავშესაფარსაც წარმოადგენდა, ამის დიდხანს გაგრძელება კი რომს არ შეეძლო. კლავდიუსმა პირადად იმოგზაურა კუნძულზე თავდაპირველი შეტევების დასრულების შემდეგ და თან დამხმარე ძალა და სპილოები ჩაიყვანა. ამ უკანასკნელთ ბრიტანელებზე შთაბეჭდილება უნდა მოეხდინათ როდესაც ისინი დიდი სატომო ცენტრში, კამულოდუნუმში (თანამედროვე კოლჩესტერი) წარმოადგინეს. კამულოდუნუმთან დაარსდა რომაული კოლონია კოლონია კლავდია ვიქტრიცენზისი, როგორც ახალდაარსებული ბრიტანეთის პროვინციის დედაქალაქი.[16] კლავდიუსის პატივსაცემად აქ დიდი ტაძარი აიგო.[16]

იმპერატორმა ბრიტანეთი 16 დღის შემდეგ დატოვა, თუმცა გარკვეული ხანი პროვინციებში დაჰყო. თავისი ძალისხმევისათვის სენატმა იგი ტრიუმფით დააჯილდოვა. ასეთ პატივს მხოლოდ საიმპერატორო ოჯახის წევრები იღებდნენ, თუმცა კლავდიუსმა ეს შეზღუდვა თავისი რამდენიმე სარდლისათვის გააუქმა. იმპერატორმა „ბრიტანიკუსის“ საპატიო ტიტულიც მიიღო, თუმცა ამას მხოლოდ თავისი ვაჟის სახელით დათანხმდა და თავად არასდროს გამოუყენებია. როდესაც 50 წელს ბრიტანელი სარდალი კარაქტაკუსი შეიპყრეს, კლავდიუსმა იგი შეიწყალა. კარაქტაკუსმა თავისი დარჩენილი დღეები რომის სახელმწიფოს მიერ ბოძებულ მიწაზე გაატარა, რაც მტრის მეთაურისათვის უჩვეულო დასასრულს წარმოადგენდა.

48 წელს კლავდიუსმა აღწერა ჩაატარა, რომლის შედეგადაც რომის 5 984 072 მოქალაქე აღირიცხა[17] (რომის მოქალაქეობის მქონე ზრდასრული მამაკაცი; ქალები, ბავშვები, მონები და თავისუფალი ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც რომის მოქალაქეობას არ ფლობდნენ არ აღურიცხავთ), რაც ავგუსტუსის სიკვდილისას ჩატარებული აღწერის შემდეგ თითქმის მილიონიან მატებას ნიშნავდა. კლავდიუსმა ამ რიცხვის გაზრდას რომის კოლნიების დაარსებით შეუწყო ხელი, რომელთაც იგი საერთო მოქალაქეობას ანიჭებდა. რამდენიმე კოლონია ახალ პროვინციებშიც დაარსდა იმპერიის საზღვრებზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველეყოთ რომის მონაპოვრების უსაფრთხოება.

სიკვდილი რედაქტირება

ანტიკური პერიოდის ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ კლავდიუსი საწამლავის საშუალებით მოკლეს, რომელიც შესაძლოა, შერეული იყო სოკოში ან ბუმბულში. იმპერატორი 54 წლის 13 ოქტომბრის პირველ საათებში გარდაიცვალა. წყაროები მნიშვნელოვნად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან: ზოგიერთის თანახმად იგი რომში იმყოფებოდა,[18] სხვები კი ამტკიცებენ, რომ კლავდიუსი სინუესაში იყო.[19]

თითქმის ყველა ბრალდება უკავშირდება მის ბოლო ცოლს, აგრიპინა უმცროსს, როგორც დანაშაულის მოთავეს. აგრიპინასა და კლავდიუსს ამ უკანასკნელის სიკვდილის წინა თვეებში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც კლავდიუსმა ღიად დაიჩივლა თავისი ცუდი ცოლების გამო და საუბარი დაიწყო ბრიტანიკუსის მოახლოებულ დავაჟკაცებასა და საიმპერატორო ოჯახში მისი სტატუსის აღდგენაზე.[20] ნერონისათვის მემკვიდრეობის უზრუნველყოფის სახით, სანამ ბრიტანიკუსი ძალაუფლების მოპოვებას შეძლებდა, აგრიპინას მოტივი ჰქონდა.

ზოგი ბრალს სდებს მის დამგემოვნებელ ჰალოტუსს, მის ექიმს, ქსენოფონტეს ან ცუდი სახელის მქონე საწამლავების ოსტატს ლოკუსტას, როგორც სასიკვდილო ნივთიერების დამამზადებელს.[21] ზოგი ამბობს, რომ იგი ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა, რაც ერთჯერად სადილს მოჰყვა, ზოგი კი ამბობს, რომ იმპერატორი გამომჯობინდა, თუმცა მხოლოდ იმისათვის რომ კიდევ ერთხელ მოეწამლათ.[18] მის თანამედროვე წყაროებს შორის, ლუციუს ანეუს სენეკა კლავდიუსის სიკვდილს ბუნებრივ მიზეზებს მიაწერს, იოსებ ფლავიუსი კი მხოლოდ მისი მოწამვლის ჭორებზე საუბრობს.[22]

თანამედროვე პერიოდში, ზოგიერთმა ავტორმა გამოთქვა ეჭვი ნამდვილად მოკლეს კლავდიუსი თუ იგი უბრალოდ ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო გარდაიცვალა.[23] ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი ამტკიცებს, რომ ანტიკურ ტექსტებში გადმოცემული ბრალდების თითქმის საყოველთაოება დანაშაულის ჩადენის ფაქტს სარწმუნოს ხდის.[24] კლავდიუსის ფერფლი 54 წლის 24 ოქტომბერს ავგუსტუსის მავზოლეუმში დამარხეს ავგუსტუსის სტილის დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ.

წინაპრები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ანტიკური წყაროები
თანამედროვე ბიოგრაფიები

სქოლიო რედაქტირება

  1. კლავდიუსის სახელის კლასიკური ლათინურით მართლწერა და რეკონსტრუირებული კლასიკური ლათინურით გამოთქმა::
    1. TIBERIVS CLAVDIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS
      tɪ'bɛ.ri.ʊs 'klau̯.di.ʊs 'kae̯.sar au̯'gʊs.tus gɛr'maː.nɪ.kʊs (ტიბერიუს კლავდიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი)
  2. კლავდიუსის ზეობის სახელის მნიშვნელობაა „ტიბერიუს კლავდიუს კეისარი, დიდებული მმართველი, გერმანელთა დამპყრობელი“.
  3. Dio Hist. LX 2
  4. Suet. Claud. 2. Suet Claud. 4 indicates the reasons for choosing this tutor, as outlined in Leon (1948).
  5. 5.0 5.1 Suet. Claud. 4.
  6. Scramuzza (1940) p. 39.
  7. 7.0 7.1 Stuart (1936).
  8. Dio Rom. Hist. LX 2. Suhr (1955) suggests that this must refer to before Claudius came to power.
  9. Major (1992)
  10. 10.0 10.1 Josephus Antiquitates Iudiacae XIX. Dio Rom. Hist. LX 1.3
  11. Josephus Ant. Iud. XIX.
  12. Josephus Bellum Iudiacum II, 204–233.
  13. Pliny 5.1–5.2, Cassius Dio, 60.8, 60.9
  14. Scramuzza, Chap. 9
  15. Head of the Emperor Claudius. British Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-18. ციტირების თარიღი: 2016-07-22.
  16. 16.0 16.1 Crummy, Philip (1997) City of Victory; the story of Colchester - Britain's first Roman town. Published by Colchester Archaeological Trust (ISBN 1 897719 04 3)
  17. Scramuzza, Chap. 7, p. 142
  18. 18.0 18.1 Suet. Claud. 44
  19. Tac. Ann. XII 66
  20. Suet. Claud. 43
  21. Accounts of his death: Suet. Claud. 43, 44. Tac. Ann. XII 64, 66–67. Josephus Ant. Iud. XX 148, 151. Dio Rom. Hist. LX 34. Pliny Natural History II xxiii 92, XI lxxiii 189, XXII xlvi 92.
  22. Flavius Josephus Antiquities of the Jews 19:67; 20:148
  23. Scramuzza (1940) pp. 92–93 says that tradition makes every emperor the victim of foul play, so we can't know if Claudius was truly murdered. Indeed, the Emperor appears to have been seriously ill since at least 53 AD. Levick (1990) pp. 76–77. raises the possibility that Claudius was killed by the stress of fighting with Agrippina over the succession, but concludes that the timing makes murder the most likely cause.
  24. Levick (1990); also as opposed to the murder of Augustus, which is only found in Tacitus and Dio where he quotes Tacitus. Suetonius, an inveterate gossip, doesn't mention it at all.
კლავდიუსი
დაიბადა: 1 აგვისტო ძვ. წ. 10 გარდაიცვალა: 13 ოქტომბერი 54
რომის იმპერატორები
წინამორბედი:
კალიგულა
რომის იმპერატორი
41-54
შემდეგი:
ნერონი
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გნეუს აცერონიუს პროკულუსი და გაიუს პეტრონიუს პონტიუს ნიგრინუსი
რომის იმპერიის კონსული კალიგულასთან ერთად
37 (სუფექტი)
შემდეგი:
მარკუს აკვილა იულიანუსი და გაიუს ნონიუს ასპრენასი
წინამორბედი:
კალიგულა და გნეუს სენტიუს სატურნინუსი
რომის იმპერიის კონსული გაიუს ცეცინია ლარგუსსა (42) და ლუციუს ვიტელიუსთან (43) ერთად
42-43
შემდეგი:
ტიტუს სტატილიუს ტავრუსი და გაიუს სალუსტიუს კრისპუს პასეიანუსი
წინამორბედი:
დეციმუს ვალერიუს აზიატიკუსი და მარკუს იუნიუს სილანუს ტორკვატუსი
რომის იმპერიის კონსული ლუციუს ვიტალიუსთან ერთად
47
შემდეგი:
ვიტელიუსი და ლუციუს ვიპსტანუს პუბლიკოლა მესალა
წინამორბედი:
გაიუს ანტისტიუს ვეტუსი და მარკუს სვილიუს ნერულინუსი
რომის იმპერიის კონსული სერვიუს კორნელიუს სციპიონ სალვიდიენუს ორფიტუსთან ერთად
51
შემდეგი:
ფაუსტუს კორნელიუს სულა ფელიქსი და ლუციუს სალვიუს ოტონ ტიტიანუსი