სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გეგეჭკორი.

კიწი გეგეჭკორი (დ. 1886, ზუგდიდი — გ. 1971) — ქართველი ლოტბარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).[1]

კიწი გეგეჭკორი
დაბადების თარიღი 1886
ზუგდიდი, სამეგრელო
გარდაცვალების თარიღი 1971 (85 წლის)
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მომღერალი
ლოტბარი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქალაქ 1886 წელს ზუგდიდში. მისი მამა ბესარიონ გეგეჭკორი შესანიშნავად მღეროდა, ცეკვავდა, აგრეთვე გალობდა საეკლესიო გუნდში. კიწის დედა ეფროსინე გაბუნია ასევე კარგად მღეროდა და უკრავდა ჩონგურზე. აღსანიშნავია, რომ გეგეჭკორების ოჯახს ხშირად სტუმრობდა ცნობილი ლოტბარი და სრული მგალობელი (საგალობლების ყველა ხმის მცოდნე) დიტო (დიმიტრი) ჭალაგანიძე.

1894 წელს კიწი ზუგდიდის მოსამზადებელ კლასში ჩაირიცხა. აქ იგი სიმღერასაც სწავლობდა. მაგრამ სიმღერა და გალობა მან უფრო მეტად დიმიტრი ჭალაგანიძესგან შეისწავლა, თან ისე, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თავადაც ასწავლიდა სიმღერა-გალობას სამრევლო სკოლაში.

კიწი გეგეჭკორს იმ ხანებში ხშირად უმღერია ცნობილ მეგრელ მომღერლებთან: ივანე ჩომახიასთან, იოსებ გეგეჭკორთან, მიხა ჟორდანიასთან ერთად. აქვე გაიცნო მან ცნობილი ლოტბარი ძუკუ ლოლუა. ამ უკანასკნელს კიწი სოხუმშიც შეხვდა. ძუკუმ მას თავის ახალი გუნდის წევრობა შესთავაზა. კიწი ძუკუ ლოლუას ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და დამხმარე შეიქნა. იგი ერთი პერიოდი ძუკუს სახლშიც ცხოვრობდა, სადაც გულმოდგინედ მუშაობდნენ სიმღერებზე.

1904 წელს დიდი წარმატებით ჩატარდა ძუკუ ლოლუას გუნდის კონცერტი. საგასტროლოდ იმყოფებოდა ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურაში, ფოთში, სოჭში. ეს გუნდი შემკრებლობით მოღვაწეობასაც ეწეოდა. ძუკუ ლოლუამ კიწი გეგეჭკორთან ერთად მრავალი აფხაზური სიმღერა ჩაიწერა ფონოგრაფზე, რომელთაც შემდეგ გუნდი ახმოვანებდა. აფხაზური სიმღერების შესრულებაში თავად აფხაზი მომღერლების გუჯუჯი მარღანიას, მალხაზ ეშბას, აბას კოღონიას, ძღიკი ძიაფშიფას, კოსტია ინალიფას გვერდით გამოირჩეოდა ახალგაზრდა პლატონ ფანცულაია.

1918 წელს კიწი გეგეჭკორი ხობში იმყოფება, სადაც ცნობილ მომღერლებთან: ძმებ ანდრია და ერმილე ალანიებისა და პეტრე გეგიას წრეში ხშირად მღეროდა. 1920 წელს კიწიმ ბათუმს მიაშურა, სადაც გიმნაზიაში ახალგაზრდათა გუნდი ჩამოაყალიბა. აქ იგი ხშირად ხვდებოდა ვარლამ სიმონიშვილს.

1923 წელს ძუკუ ლოლუამ კიწი გეგეჭკორი თბილისში დაიბარა და მასთან ერთად გუნდის ორგანიზებას შეუდგა, რომლითაც მოსკოვში უნდა გამოსულიყვნენ სცენაზე. თბილისში ამ გუნდის კონცერტს ძუკუ ლოლუას ნაცვლად, რომელიც შეუძლოდ შეიქნა, კიწი გეგეჭკორმა უხელმძღვანელა. მალე ძუკუ ლოლუა გარდაიცვალა. მის გუნდის მეთაურობა კიწი გეგეჭკორმა ჩაიბარა. თუმცა მალევე, სამუშაოდ სუხუმში გადასვლის გამო, კიწი გეგეჭკორმა გუნდი მიატოვა და თავის მაგივრად კირილე პაჭკორია დატოვა. 1930-იან წლებში აფხაზეთში კიწი გეგეჭკორი სხვადასხვა გუნდს აყალიბებს. მათ შორისაა სოფელ გალის მოხუც მომღერალთა გუნდიც, რომელშიც გამოირჩეოდა 115 წლის ზურაბ შარია.

1938 წელს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელობა დაავალეს. 1941 წელს გუნდი მოსკოვს გაემგზავრა აფხაზეთის ხელოვნების დეკადაზე, მაგრამ კონცერტი არ დასცალდათ, დაიწყო ფაშისტურ გერმანიასთან ომი. მის პერიოდში კიწი გეგეჭკორის გუნდი სამხედრო ნაწილებში ჰოსპიტლებსა და სანატორიუმებში ხშირად ატარებდა კონცერტებს.

1954 წელს გუნდს კრასნოდარის მხარეში წარმატებული გასტროლები ჰქონდა. 1961 წელს კიწი გეგეჭკორს დაბადების 75 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 55 წლის იუბილე გადაუხადეს.

კიწის ახლო მეგობრობა აკავშირებდა კირილე პაჭკორიასთან, სამუელ ჩავლეიშვილთან, ვარლამ სიმონიშვილთან, რომელითანაც სიკვდილამდე აქტიური მიმოწერა ჰქონდა.

კიწი გეგეჭკორი 85 წლის ასაკში 1971 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჩხიკვაძე, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 30.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 102
  • გეგეჭკორი, ვ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, წიგნი 2, თბილისი, 1958

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კიწი გეგეჭკორი. Iverieli. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2018.