კელოგ-ბრიანის პაქტი

კელოგ-ბრიანის პაქტისაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არისტიდ ბრიანისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ფრენკ კელოგის მიერ ინიცირებული და 1928 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება.

ფრენკ კელოგი
არისტიდ ბრიანი

1920–იანი წლების ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა პაციფიზმის იდეა. ამის ყველაზე ნათელ გამოვლინებად იქცა ბრიან–კელოგის პაქტი. 1927 წლის 6 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არისტიდ ბრიანმა შესთავაზა ამერიკელებს საფრანგეთსა და აშშ–ის შორის ხელშეკრულების დადება, რათა ომი კანონგარეშედ გამოეცხადებინათ. 20 ივნისს კი მან საფრანგეთში აშშ–ის ელჩს გადასცა ოფიციალური ნოტა, რომელშიც იყო საფრანგეთსა და აშშ–ს შორის სამუდამო მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების პროექტი. საფრანგეთი ამ აქტით ცდილობდა გაემაგრებინა საკუთარი სამხედრო–პოლიტიკური პოზიციები ევროპაში, მაგრამ ეს იდეა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელებმა გამოიყენეს. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ფრენკ კელოგმა, რომლის მიზანიც იყო აშშ–სათვის საერთაშორისო არბიტრის პოზიციის მოხვეჭა, 28 დეკემბერს საპასუხო წინადადება გაუგზავნა ბრიანს, რომლითაც ის იწონებდა იდეას, მაგრამ მიაჩნდა, რომ მსგავსი ხელშეკრულების მხოლოდ საფრანგეთთან დადება საკმარისი არ იქნებოდა და მისთვის ხელი უნდა მოეწერა ყველა წამყვან სახელმწიფოს.

საბოლოოდ, 1928 წლის 27 აგვისტოს ხელი მოეწერა ბრიან–კელოგის პაქტს. პაქტის ხელმომწერთა შორის იყვნენ საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბელგია, პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია. ცხადდებოდა, რომ პაქტის ხელმომწერ სახელმწიფოებს უარი უნდა ეთქვათ ომზე, როგორც ეროვნული პოლიტიკის გატარების მეთოდზე და რომ მის წევრ სახელმწიფოებს ყველა სახის უთანხმოება მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტათ. პაქტის მესამე მუხლით კი ცხადდებოდა, რომ მასთან შეერთება შეეძლო ყველა სახელმწიფოს. აღნიშნული პაქტი ძალაში შევიდა 1929 წლის ივნისიდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება