კახეთის აჯანყება (1659)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კახეთის აჯანყება (მრავალმნიშვნელოვანი).

კახეთის აჯანყება 1659კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობელთა წინააღმდეგ.

თეიმურაზ I - კახეთის მეფე აჯანყების დროს

კახეთის საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად სპარსელმა დამპყრობლებმა გადაწყვიტეს კახეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება და იქ მომთაბარე-მეჯოგე ტომების ჩასახლება. ყიზილბაშებმა დაიწყეს კახეთში ციხეების აგება (ბახტრიონი, ალავერდის მონასტერი ციხესიმაგრედ გადააკეთეს), რომელთა გარნიზონებს ჩასახლებული თურქმანები ქართველთა თავდასხმისაგან უნდა დაეცვა. კახეთის ტერიტორია ორად გაყვეს: სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყარაბაღის ბეგლარბეგს გადასცეს, დანარჩენი კი ნახჭევანის მმართველს, რომელთაც მათზე დაქვემდებარებული ელები კახეთში უნდა დაესახლებინათ. ამ ღონისძიების შედეგად კახეთის ბარში 80 ათასამდე თურქმანი ჩაასახლეს.

კახეთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქმანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარი. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თუშ-ფშავ-ხევსურებმა ზეზვა გაფრინდაულის, ნადირა ხოშარაულის, გოგოლაურის მეთაურობით.

ქართველები გაერთიანებული ძალით თავს დაესხნენ ბახტრიონისა და ალავერდის ციხეებს და მთლიანად ამოწყვიტეს იქ გამაგრებული თათრები. შემდეგ გაანადგურეს კახეთის სხვა ადგილებში მყოფი თათრები. აჯანყებულთა გათიშვისა და დაქსაქსვის შედეგად მტერმა შეძლო აჯანყების შეჩერება, მაგრამ შაჰი იძულებული გახდა ხელი აეღო თავის გეგმაზე. ზაალ არაგვის ერისთავი მტრის დავალებით თავისივე ძმისწულებმა მოკლეს, მისი შვილები კი შაჰს გაუგზავნეს. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და ელიზბარ ერისთვისშვილი შაჰს მიუვიდნენ და პატიება ითხოვეს. შაჰმა ისინი იმ ტომებს გადასცა, რომელთა თანამოძმენი კახელებმა გაჟლიტეს. გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. აჯანყების მოთავე მთიელებს ხალხმა მრავალი ლექსი და სიმღერა უძღვნა. ამ ამბებისადმია მიძღვნილი აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ და ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“.

კახეთის აჯანყების შედეგად კახეთის მოსახლეობა ფიზიკურ გადაშენებას გადაურჩა, მაგრამ სპარსელთა ბატონობის საბოლოოდ მოსპობა ვერ მოხერხდა. გათავისუფლებისათვის ბრძოლა ისევ გრძელდებოდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;