მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი — ტაძარი იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარე კაცხურას ხეობაში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

კაცხის ტაძარი

კაცხის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა კაცხი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გუმბათოვანი
თარიღდება XI საუკუნე
დეტალები

ტაძრის გეგმა

ყვირილას შორაპანს ზეით არს მარტოთ-უბანი. მას ზეით ბოსლები. მას ზეით მოერთვის ყვირილას კაცხის წყალი (კაცხური). ეს გამოჰსდის საწალიკეს, მოდის ჩრდილოდამ სამხრით ყვირილის შესართავს ზეით ამ წყალზედ არის კაცხს ეკლესია მაცხოვრისა გუმბეთიანი, დიდ-ფრიად კეთილშენი. ზის არხიმანდრიტი.

—ვახუშტის „საქართველოს აღწერა“

ისტორია რედაქტირება

კაცხის ტაძარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესიასა და საძვალეს წარმოადგენდა. იგი აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“), X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი ბაღვაში „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე. ი. 899 წლის შემდეგ, X საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს — 1010–1014 წელს. ეს დასტურდება ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის ტიმპანიის წარწერითაც: „წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლის აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი“[2].

დავით აღმაშენებლის მიერ ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. გადმოცემით, ტაძარი ორჯერ დამწვარა, მაგრამ, ისევ აღუდგენიათ. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII–XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება გახდა. 1804 წელს, მეფე სოლომონ II-მ კაცხი უბოძა იმერეთში გადასულ სოლომონ ლიონიძესერეკლე II-ის თანამებრძოლსა და ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს.

1838 წლამდე წინამძღვრად იხსენიებოდა გურიის ეპისკოპოსი ექვთიმე[3]. 50-იან წლებში ტაძრის მოძღვარი იყო პეტრე მოდებაძე[2]. 1853 წელს ქუთათელმა ეპისკოპოსმა ძეგლის აღდგენა დააკისრა სოფელ კაცხის მფლობელ თავად ივანე დავითის ძე აბაშიძეს. ხელახალი კურთხევა შედგა 1854 წელს.

1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი, რის შედეგადაც, ღვთისმსახურება დიდი ხნით შეწყდა და განახლდა მხოლოდ 1990 წელს, ტაძრის მოძღვრის, დეკანოზ ამირან მოდებაძის თაოსნობით.

„მატიანე ქართლისაის“ ცნობით, კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებული ერისთავთ-ერისთავები: რატი ბაღვაში, ლიპარიტ ბაღვაში (ბერობაში ანტონი), რომლის ნეშტი ბიზანტიიდან ჩამოასვენეს, ასევე გიორგი-მალაქია აბაშიძე (იგივე იმერეთის მეფე გიორგი V), ვახტანგ VI-ის დროის მოღვაწე სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე ლიონიძე[2].

ძეგლის აღწერა რედაქტირება

კაცხის ტაძარი პირველად აღწერა დიუბუა დე მონპერემ 1830-იან წლებში. ტაძრის ანაზომები გაუკეთებია ჯერ ფრანგ არქიტექტორ რიოარდს, ხოლო მოგვიანებით კი — თავად დიუბუა დე მონპერეს, რომელმაც ჩაიწერა შემდეგი წარწერა:

ქ. სამებაო მოიხსენე წყალობით სული ჯიხუაის-ძისა ამის ეკლესიისა ამის მოძღუარისა ამინ.

დიუბუა დე მონპერე კაცხის ტაძარს ნამდვილად ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლად თვლიდა და მიიჩნევდა, რომ იგი ნიკორწმინდის თანადროული უნდა ყოფილიყო. მის მიხედვით, ტაძარს ოთხი საკურთხეველი უნდა ჰქონოდა: პირველი (ცენტრალური) — მაცხოვრის ამაღლების, მეორე — წმ. ნიკოლოზის, მესამე — მთავარანგელოზ მიქაელის და მეოთხე — ღვთისმშობლის შობის.

ტაძარი ასევე მოინახულა და აღწერა პლატონ იოსელიანმა 1845 წელს. მისი გადმოცემით, ტაძარის ირგვლივ იყო ცაცხვის მაღალი ხეები[3].

არქიტექტურა რედაქტირება

კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია. ინტერიერის გეგმა წრიულია, ტაძარს თორმეტი ფანჯარა ანათებს. ტაძრის ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, სამი მხრიდან გარშემოსავლელი კი დაახლოებით 30 წლით გვიანდელია. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937 წელს). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს.

წარსულში ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხსნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი).

ტაძრის კანკელის ფრაგმენტები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ტაძრის საგანძური რედაქტირება

 
ხატი კაცხის ეკლესიიდან

გადმოცემით, კაცხის მონასტერს, რომელიც გადაწერის ერთ-ერთი ცენტრი იყო, მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია. სხვა წიგნთა შორის, აქ ინახებოდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ შეწირული მათეს სახარების „თარგმანი“; ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი, ტყავზე გადაწერილი და მთლიანად მოკაზმული სახარება, ასევე, იმერეთის მეფის-გიორგი–მალაქია აბაშიძის ბრძანებით გადაწერილი და შედგენილი „კაცხის გულანი“, რომელიც ყველა საღვთისმეტყველო წიგნთა კრებულს წარმოადგენდა. ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი შემდგომ დაუტაციათ. კაცხის ტაძარში ასევე ინახებოდა: 1059 წელს ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაშის მიერ შეწირული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი; დიდი ჯვარი, რომლის წარწერაც რაჭის ერისთავთ-ერისთავს რატის იხსენიებს და კახაბერ ერისთავთ-ერისთავის მიერ შეწირული მაცხოვრის ხატი[4].

ჩამოთვლილი საგანძურის მცირედი ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

იოსებ დურმიშიძის წვლილი რედაქტირება

კაცხის ტაძარი დურმიშიძეების გვარის ფუძედაც ითვლება. 1853-1854 წლებში რესტავრაციაზე უმუშავია სამ ლაზ კალატოზ ძმას, გვარად დურმიშებს, რომლებიც ივანე აბაშიძისათვის ახმედ-ბეგ თავდგირიძეს გაუგზავნია, აჭარის სანჯაყ-ბეგ აბაშიძის შუამავლობით. ძმათაგან ერთ-ერთი, სახელად იუსუფი, ქრისტიანულად მონათლულა იოსებ დურმიშიძის სახელით, დაქორწინებულა მღვდელ პეტრე მოდებაძის ქალიშვილ სალომეზე და კაცხში დარჩენილა საცხოვრებლად. იოსებ ოსმანისძე (გ. 1870 წელს) და სალომე (გ. 1871 წელს) დურმიშიძეები დაკრძალულნი არიან ტაძრის ეზოში [2][5]. მათი შთამომავალი (შვილთაშვილი) იყო ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე (1910-1989).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვ. წერეთელი, ჟამი შენებისა, ქუთაისი 2010 წ.
  • ბერიძე ვ. „კაცხის ტაძარი“, „ქართული ხელოვნება“ N3 გვ. 73 — თბილისი, 1950

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება