კატრინ კლეველი (ფრანგ. Catherine de Clèves; დ. 1548 — გ. 11 მაისი, 1633) — ფრანგი დიდგვაროვანი. ანრი I დე გიზის მეუღლე და მისი თოთხმეტი შვილის დედა. ოს გრაფინია 1564-1633 წლებში და გიზის ჰერცოგინია 1570-1588 წლებში.

კატრინ კლეველი
წოდებები
გიზის ჰერცოგინია
ოს გრაფინია
დაიბადა 1548
გარდაიცვალა 11 მაისი, 1633, (84-85 წლის)
საგვარეულო ლა მარკები
მეუღლე(ები) ანრი I, გიზის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი თოთხმეტი შვილი
მამა ფრანსუა I, ნევერის ჰერცოგი
დედა მარგარიტა დე ბურბონ-ლა მარში
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

კატრინი დაიბადა 1548 წელს საფრანგეთში. იგი იყო ნევერის ჰერცოგ ფრანსუა I-ისა და მისი მეუღლის, მარგარიტა დე ბურბონ-ლა მარშის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დეიდამისი, ანტუანეტ დე ბურბონი იყო კლოდ დე გიზის მეუღლე, რომელთა შვილიშვილიც შემდგომში კატრინის მეუღლე გახდა. იგი საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და გაბრიელ დესტრეს უკანონო შთამომავალი იყო. ამასთან, თავისი დების, ანრიეტისა და მარიას სარფიანი ქორწინებების დამსახურებით, იგი ცოლის დად ერგებოდა კონდეს პრინც ანრი I-ს, დეიდად მანტუას ჰერცოგ კარლო II-ს და ბებიის დად პოლონეთ-ლიტვის დედოფალ მარია ლუიზა გონძაგას.

თორმეტი წლის ასაკში კატრინი ცოლად შერთეს პორსენის პრინც ანტუან დე კროის, რომელიც შვიდ წელიწადში გარდაიცვალა, უშვილოდ. 1570 წლის 4 ოქტომბერს იგი მეორედ დაქორწინდა ჰერცოგ ანრი I დე გიზზე, რომელიც კატრინზე ორი წლით უმცროსი იყო. მათ არც თუ ისე ბედნიერი, თუმცა ნაყოფიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც კატრინმა თოთხმეტი ბავშვი გააჩინა.

1584 წელს მისი ქმარი კათოლიკური ლიგის მეთაური გახდა, 1587 წლიდან კი თავად საფრანგეთის ტახტზე განაცხადა პრეტენზია და მეფე ანრი III ვალუასა და მის სიძეს, ანრი ნავარელს გამოუცხადა ომი, რითაც დაიწყო ე.წ. „სამი ანრის ომი“. მეფე ანრი III-ს სძულდა გიზები, რის გამოც მათი თავიდან მოშორება განიზრახა და 1588 წელს მოკლა ანრი დე გიზი, რითაც კატრინი მეორედ დაქვრივდა, თუმცა მესამედ აღარ გათხოვილა.

გიზების მომხრე კათოლიკეებმა მეფეზე მალევე იძიეს შური და 1589 წელს ანრი III-ც მოკლეს, რითაც შეწყდა ვალუას დინასტია და ტახტზე ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი ანრი IV ნავარელი ავიდა. კატრინი თავად კურირებდა პარიზელი კათოლიკეების ქმედებებს და ახალი მეფე დედაქალაქში მანამდე არ შეუშვა, სანამ კათოლიკობა არ მიიღო. 1599 წელს ანრი IV გასცილდა მარგარიტა დე ვალუას და ცოლად ტოსკანის დიდი ჰერცოგის ასული მარია მედიჩი შეირთო, რომელმაც გიზებთან დასაახლოვებლად კატრინ კლეველი დააბრუნა სამეფო კარზე და მეტიც, თავის პირისფარეშად დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც 1614 წელს ანრი IV მოკლეს და ტახტი მცირეწლოვანმა ლუი XIII-მ დაიკავა, რეგენტად დედოფალი მარია მედიჩი დაინიშნა. გიზებს დედოფალი მარია ძალიან უყვარდათ და აფასებდნენ მას, რადგან იგი კათოლიკობის თავგამოდებული დამცველი იყო. ამის გამო, გიზები მთელი რეგენტობის განმავლობაში უჭერდნენ მას მხარს და ეხმარებოდნენ. 1619 წელს მარიამ რეგენტობა დაკარგა, მასთან ერთად კი დე გიზებით დაემშვიდობნენ თავიანთ ძალაუფლებას. გიზები და თავად კატრინიც აქტიურად მონაწილეობდა მარია მედიჩთან და დედოფალ ანა ავსტრიელთან ერთად კარდინალი რიშელიეს წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებებში, რომლებიც, როგორც წესი კრახით მთავრდებოდა ხოლმე.

1631 წელს მისი უფროსი ქალიშვილის, კონტის პრინცესა ლუიზ მარგარიტა დე გიზის გარდაცვალებამ საშინელი დარტყმა მიაყენა უკვე ხანში შესულ კატრინს, რომელიც მალევე, 1633 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, 84-85 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

  1. შარლი (1571-1640), გიზის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანრიეტ კატრინ დე ჟოიზი, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა;
  2. ანრი (1572-1574), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. კატრინი (1573), დაიბადა მკვდარი;
  4. ლუი III (1575-1621), რეიმსის არქიეპისკოპოსი;
  5. შარლი (1576), დაიბადა მკვდარი;
  6. მარი (1577-1582), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. კლოდი (1578-1657), შევრეზის ჰერცოგი. ცოლად შეირთო მარი დე როანი, რომელთანაც სამი ქალიშვილი შეეძინა;
  8. კატრინი (1579), დაიბადა მკვდარი;
  9. კრისტინა (1580), დაიბადა მკვდარი;
  10. ფრანსუა (1581-1582), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  11. რენე (1585-1626), სენ-პიერის აბატისა;
  12. ჟანა (1586-1638), ჟუარის აბატისა;
  13. ლუიზ მარგარიტა (1588-1631), ცოლად გაჰყვა კონტის პრინც ფრანსუა დე ბურბონს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  14. ფრანსუა ალექსანდრე (1589-1614), მალტის ორდენის დიდი მაგისტრი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bergin, Joseph (1996). The Making of the French Episcopate, 1589-1661. Yale University Press.
  • Boltanski, Ariane (2006). Les ducs de Nevers et l'État royal: genèse d'un compromis (ca 1550 - ca 1600) (in French). Librairie Droz.
  • McIlvenna, Una (2016). Scandal and Reputation at the Court of Catherine de Medici. Routledge.