კატრინ დე ვალუა (ფრანგ. Catherine de Valois; ინგლ. Catherine of Valois; დ. 27 ოქტომბერი, 1401 — გ. 3 იანვარი, 1437)[1]ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VI ვალუასა და მისი ცოლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის უმცროსი ქალიშვილი. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის უფროსი და. ინგლისის დედოფალი 1420-22 წლებში როგორც ჰენრი V პლანტაგენეტის ცოლი.[2] ინგლისის მეფე ჰენრი VI-ის დედა.

კატრინ დე ვალუა
Catherine de Valois
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 23 თებერვალი, 1421
მმართ. დასაწყისი: 2 ივნისი, 1420
მმართ. დასასრული: 31 აგვისტო, 1422
წინამორბედი: ჟანა ნავარელი
მემკვიდრე: მარგარიტა ანჟუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 ოქტომბერი, 1401
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 3 იანვარი, 1437 (35 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
დაკრძ. ადგილი: უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი
მეუღლე: ჰენრი V პლანტაგენეტი
ოუენ ტიუდორი
შვილები: ჰენრი VI პლანტაგენეტი
ედმუნდ ტიუდორი
ჯასპერ ტიუდორი
დინასტია: ვალუები
მამა: შარლ VI ვალუა
დედა: იზაბელა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

საფრანგეთის პრინცესა რედაქტირება

კატრინი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის უმცროსი ქალიშვილი. იგი დაიბადა 1401 წლის 27 ოქტომბერს. თავიდან განიხილებოდა კატრინისა და ინგლისის მეფის ჰენრი IV-ის ძმის, უელსის პრინცის ქორწინება, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებიდან მალევე პრინცი გარდაიცვალა. [3]1414 წელს ინგლისის ახალმა მეფემ ჰენრი V-მ მოლაპარაკებები განაახლა და ამჯერად თავად მოისურვა კატრინზე დაქორწინება.

ფრანგი მემატიანეები აღნიშნავენ, რომ იზაბელა ბავარიელი კატრინს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ვიდრე დანარჩენ შვილებს.[4] დედოფალი დიდ თანხებს ხარჯავდა პრინცესა კატრინის სათამაშოებზე. ამასთან იზაბელა ზრუნავდა კატრინის რელიგიურად აღზრდაზე, რის გამოც კატრინი განათლების მისაღებად პუასუს მონასტერში გაგზავნეს.[5]

ინგლისის დედოფალი რედაქტირება

 
კატრინისა და ჰენრის ქორწინება

ინგლისის მეფე ჰენრი V-მ ასწლიანი ომი განაახლა და აზენკურის ბრძოლაში მიწასთან გაასწორა ფრანგები. 1420 წლის მაისში ფრანგებსა და ინგლისელებს შორის დაიდო ტრუას ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კატრინის მამა, ანუ საფრანგეთის მეფე შარლ VI ჰენრი V-ს თავის მემკვიდრედ აცხადებდა და მას თავის უმცროს ქალიშვილ კატრინს ატანდა ცოლად. პრინცესა კატრინი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და განათლებულ ქალად იყო მიჩნეული. როდესაც კატრინი და ჰენრი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, ჰენრის ის თავდავიწყებით შეუყვარდა. 1420 წლის 2 ივნისს წმინდა იოანეს ტაძარში კატრინი და ჰენრი დაქორწინდნენ. ქორწილიდან მალევე კატრინი ინგლისში გაემგზავრა და 1421 წლის 23 თებერვალს უესტმინსტერის სააბატოში ის ინგლისის დედოფლად ეკურთხა. ამავე წლის ივნისში ჰენრი კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა და ომი განაახლა.[6]

ქორწილიდან მალევე დედოფალი კატრინი დაფეხმძიმდა. 1421 წლის 6 დეკემბერს დედოფალმა ვაჟი გააჩინა. სწორედ ამ დროს ჰენრი V ქალაქ ბუა-დე-ვინსენის ალყის დროს დიზერტერიით დაავადდა და 1422 წლის 31 აგვისტოს გარდაიცვალა, 31 წლის ასაკში. 21 წლის კატრინი უკვე ქვრივი დედა დედოფალი გახდა. მისი ვაჟი ინგლისის მეფე ჰენრი VI გახდა. კატრინს სურდა, რომ მისი ვაჟს საფრანგეთიც დაეპყრო და მისი მეფეც გამხდარიყო, ამიტომაც დაბადებიდანვე მას საფრანგეთის მეფეს უწოდებდა და პრეტენზიებს უღვივებდა საფრანგეთის ტახტზე.

მეორე ქორწინება რედაქტირება

დაქვრივებული კატრინი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, ამიტომაც მეორედ გათხოვება მოისურვა. მისმა ამგვარმა გადაწყვეტილებამ მისი მაზლი, გლოსტერის ჰერცოგი ჰამფრეი პლანტაგენეტი საშინლად განარისხა. კატრინი თამამად აცხადებდა, რომ მას ქორწინება სურდა მისი გარდაცვლილი ქმრის ბიძაშვილზე, მორტონის გრაფ ედმუნდ ბეფორტზე. გლოსტერის ჰერცოგი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა კატრინის გათხოვების იდეას და 1427-28 წლებში მას პარლამენტიც აუმხედრა. თუმცა საბოლოოდ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ჰენრი VI დედამისს მეორედ გათხოვების ნებას დართავდა შეეძლო იმ პიროვნებაზე დაქორწინებულიყო ვინც მოესურვებოდა, ხოლო თუ მეფე წინააღმდეგი იქნებოდა დედოფალი ვერ გათხოვდებოდა. ამ დროს ჰენრი VI სულ 6 წლის დედაზე მიჯაჭვული ბავშვი იყო და კატრინი მას იმას გააკეთებინებდა რასაც მოისურვებდა. სწორედ ამიტომ, მეფემ დედის გათხოვებაზე თანხმობა განაცხადა. დედა დედოფალი კატრინი სამეფო სასახლეში ცხოვრობდა და მეფის აღზრდით იყო დაკავებული. იგი ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მის ქმედებებს აკვირდებოდა, მან მაინც გააბა რომანი ინგლისელ დიდგვაროვან ოუენ ტიუდორთან. 1432 წლის მაისში ოუენი და კატრინი დაქორწინდნენ.

მიუხედავად ამისა არ არსებობს რაიმე ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ კატრინი და ოუენი ნამდვილად, ოფიციალურად დაქორწინდნენ.[7] ამ ქორწინების ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს. ამგვარად, ჩვენ არ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მათი ორი საერთო ვაჟი კანონიერია.[8] მათმა ვაჟმა დააარსა ტიუდორების სამეფო დინასტია, ამრიგად კატრინი გამოდის ჰენრი VII-ის, ჰენრი VIII-ის, ედუარდ VI-ის, მერი I-ისა და ელისაბედ I-ის ბებია.[9]

ოუენსა და კატრინს სავარაუდოდ 6 შვილი ჰყავდათ, რომელთაგან მხოლოდ სამზეა ცნობები, ედმუნდი, ჯასპერი და მარგარეტი, თუმცა გოგონა ადრეულ ასაკშივე გარდაიცვალა.

გარდაცვალება და შემდგომი პერიოდი რედაქტირება

 
კატრინა ვალუას გერბი ინგლისის დედოფლობისას

კატრინი გარდაიცვალა 1437 წლის 3 იანვარს ლონდონში. იგი დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში ჰენრი V-ის გვერდით. კატრინის გარდაცვალების შემდეგ ოუენს დედოფალი აღარ მფარველობდა ამიტომ მის წინააღმდეგ მისმა მტრებმა ბრძოლა დაიწყეს. განსაკუთრებით აქტიურობდა კატრინის მაზლი, რომლის ინტრიგების წყალობითაც ოუენი დააპატიმრეს და მთელი ქონება ჩამოართვეს. იგი 1438 წელს ნიუგეითის ციხიდან გაიქცა. ამავე წელს უინძორის ციხეში ჩასვეს.[10]

ამავდროულად კატრინისა და ოუენის ვაჟები, ედმუნდი და ჯასპერი სუფოლკის ჰერცოგმა შეიფარა. 1442 წელს 2 000-იანი გირაოს სანაცვლოდ ოუენი გაანთავისუფლეს. იგი 1450 წლამდე ვაჟებთან ერთად მეფის სასახლეში ცხოვრობდა. 1461 წელს ტახტისთვის ატეხილი ბრძოლის დროს ოუენი დაიღუპა, იგი ასევე ტახტისთვის მებრძოლმა იორკთა დინასტიის წარმომადგენელმა მოკლა. ბრძოლა მისმა ვაჟმა ედმუნდმა გააგრძელა, ხოლო ედმუნდის ვაჟმა მოახერხა და ინგლისის მეფე ჰენრი VII გახდა და ინგლისში ტიუდორები გამეფდნენ 1603 წლამდე, მანამ სანამ ელისაბედ I უშვილოდ არ გარდაიცვალა. ჰენრი VII-ის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ჰენრი VIII, მის შემდეგ კი მისი სამი შვილი მერი I, ედუარდ VI და ელისაბედ I. მათ გარდა კატრინის შთამომავლები იყვნენ შოტლანდიის დედოფალი მარგარეტი და საფრანგეთის დედოფალი მარია.

შვილები რედაქტირება

ჰენრი V-თან ჰყავდა 1 ვაჟი:

  1. ჰენრი VI (6 დეკემბერი 1421 - 21 მაისი 1471), ინგლისის მეფე და ირლანდიის ლორდი 1422-1461 წლებში, საფრანგეთის სადავო მმართველი 1422-1453 წლებში, ცოლად შეირთო მარგარიტა ანჟუელი, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია;

ოუენთან ჰყავდა 2 ვაჟი:

  1. ედმუნდი (11 ივნისი 1430 - 3 ნოემბერი 1456), რიჩმონდის ერლი, ცოლად შეირთო ლედი მარგარეტ ბეფორტი;
  2. ჯასპერი (ნოემბერი 1431 - 21/26 დეკემბერი 1495), ბედფორდის ჰერცოგი და პემბროკის ერლი, ცოლად შეირთო კეტრინ ვუდვილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Chrimes, S.B (1999). Henry VII. Yale University Press.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Europäisch Stammtafeln Band II tafel 63. says she died on 3 January 1438
  2. The Cambridge historical encyclopedia of Great Britain and Ireland, Ed. Christopher Haigh, (Cambridge University Press, 2000) , 345.
  3. Historical dictionary of late medieval England, 1272–1485, Editors Ronald H. Fritze, William Baxter Robison, (Greenwood Publishing Group, 1992), 94.
  4. Strickland, Agnes (1840). Queens of England. London: Su Stackland. p. 264
  5. Gibbon, Rachel (December 1996). "Isabeau of Bavaria, Queen of France (1385-1422): The Creation of an Historical Villainess: The Alexander Prize Essay". Transactions of the Royal Historical Society. 6: 51–63.
  6. Boutell, Charles (1863). "A Manual of Heraldry, Historical and Popular". London: Winsor & Newton: 276
  7. Fields, Bertram (1998). Royal Blood: Richard III and the Mystery of the Princes. New York: Regan Books.
  8. Chrimes, S. B. (1980). "The Reign of Henry VI: Some Recent Contributions". Welsh History Review. 10 (1): 320–333.
  9. Williams, Neville and Antonia Fraser, The Tudors, (University of California Press, 2000), 19.
  10. Chrimes 1999, p. 9-10.