კარლ სეიგანი

ამერიკელი ასტრონომი, ასტროფიზიკოსი, კოსმოლოგი, მწერალი და მეცნიერების პოპულარიზატორი

კარლ სეიგანი (ინგლ. Carl Sagan; დ. 9 ნოემბერი 1934, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 20 დეკემბერი 1996, სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი ასტრონომი, ასტროფიზიკოსი, კოსმოლოგი, მწერალი და მეცნიერების პოპულარიზატორი. მისმა კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა ვენერას ზედაპირზე მაღალი ტემპერატურის არსებობის აღმოჩენას.[19] თუმცა ყველაზე მეტად ცნობილია არამიწიერი სიცოცხლის მეცნიერული კვლევებით, მაგალითად, ძირითად ქიმიკატებზე რადიაციის გავლენით ამინომჟავების წარმოქმნის ექსპერიმენტული დემონსტრაციით.[20]

კარლ სეიგანი
ინგლ. Carl Edward Sagan
დაბ. თარიღი 9 ნოემბერი, 1934(1934-11-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ბრუკლინი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
გარდ. თარიღი 20 დეკემბერი, 1996(1996-12-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (62 წლის)
გარდ. ადგილი სიეტლი
დასაფლავებულია Lake View Cemetery[4]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა კოსმოლოგი, ასტროფიზიკოსი, რომანისტი, პლანეტოლოგი, space scientist, მეცნიერების პოპულარიზატორი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, სამეცნიერო მწერალი, ასტრონომი[10] , უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი, არამხატვრული მწერალი, ფიზიკოსი, სცენარისტი, ბუნებისმეტყველი და ტელეწამყვანი
მუშაობის ადგილი კორნელის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჩიკაგოს უნივერსიტეტი[11] , ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და Rahway High School
განთქმული მოსწავლეები ჯეიმზ პოლაკი, ნილ დეგრას ტაისონი, Bill Nye და Steven Squyres
მეუღლე ლინდა ზალცმან სეიგანი, ლინ მარგულისი და ენ დრუიანი
შვილ(ებ)ი დორიონ სეიგანი, ჯერემი სეიგანი, ნიკ სეიგანი და Sasha Sagan
ჯილდოები ნაბუნიობის პრემია, პულიცერის პრემია არამხატვრული ლიტერატურისათვის[12] , წლის ჰუმანისტი, ჯეიმზ პარკს მორტონის კონფესიათშორისი ჯილდო, კარლ სეიგანის პრემია, ერსტედის მედალი[13] , კლამპკე-რობერტსის პრემია, ნიუ-ჯერსის დიდების დარბაზი, ლეო ზილარდის პრემია[14] , ჯერარდ კოიპერის პრემია, NAS Public Welfare Medal[15] , სკეპტიკური კვლევის კომიტეტის წევრი, NASA Exceptional Achievement Medal, NASA Distinguished Public Service Medal, Harold Masursky Award for Meritorious Service to Planetary Science[16] , ჰიუგოს პრემია საუკეთესო ფანტასტიკური ნაწარმოებისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის და International Space Hall of Fame[17] [18]
ხელმოწერა
საიტი carlsagan.com

კარლ სეიგანს ეკუთვნის 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, იყო 20-ზე მეტი წიგნის ავტორი, თანაავტორი ან რედაქტორი.[21] ცნობილია მისი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები, როგორიცაა „ედემის დრაკონები“, „ბროკას ტვინი“ და „მკრთალი ლურჯი წერტილი“. იყო 1980 წლის სატელევიზიო სერიალის „კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა“ წამყვანი და თანაავტორი. აშშ-ის სახალხო ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ყურებად სერიალს თვალს ადევნებდა 500 მილიონი ადამიანი 60 სხვადასხვა ქვეყნიდან.[22] წიგნი „კოსმოსი“ გამოქვეყნდა სერიალის თანმხლებად. სეიგანმა ასევე დაწერა სამეცნიერო ფანტასტიკური ნოველა „კონტაქტი", რომლის მიხედვითაც 1997 წელს ანალოგიური სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

სეიგანი ყოველთვის მხარს უჭერდა მეცნიერულ სკეპტიციზმს და მეცნიერულ მეთოდს, გზა გაუკვალა ეგზობიოლოგიას და ხელს უწყობდა არამიწიერი ინტელექტის ძიებას (SETI). კარიერის უმეტესი ნაწილი ასტრონომიის პროფესორი იყო კორნელის უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა პლანეტარული კვლევის ლაბორატორიას. სეიგანმა და მისმა ნამუშევრებმა უამრავი პრიზი და ჯილდო მოიპოვა, როგორიცაა ნასას მედალი გამორჩეული სახალხო სამსახურისთვის, მეცნიერების ეროვნული აკადემიის სახალხო კეთილდღეობის მედალი, პულიცერის პრიზი მისი წიგნისთვის „ედემის დრაკონები“, ასევე 2 ემის, პიბოდისა და ჰუგოს ჯილდოები სერიალისთვის „კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა“.[23][24] დაქორწინებული იყო სამჯერ და ჰყავდა 5 შვილი.[25] მიელოდისპლაზიური სინდრომის გართულების გამო 1996 წლის 20 დეკემბერს, 62 წლის ასაკში, პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა.[26][27]

ბიოგრაფია რედაქტირება

ბავშვობა და ახალგაზრდობა რედაქტირება

კარლ სეიგანი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში. მამამისი, სემიუელ სეიგანი იყო ემიგრანტი მკერავი კამიანეც-პოდილსკიდან, რუსეთიდან (დღეს ეს ადგილმდებარეობა უკრაინაშია). დედამისი, რეიჩელ მოლი გრუბერი დიასახლისი იყო, წარმოშობით ნიუ-იორკიდან. კარლს სახელი რეიჩელის ბიოლოგიური დედის პატივსაცემად შეარქვეს. ჩაია კლარა, სეიგანის სიტყვებით, იყო „დედა, რომელსაც დედაჩემი არასდროს იცნობდა“. სეიგანმა დაამთავრა რაუეის საშუალო სკოლა რაუეიში, ნიუ-ჯერსის შტატში, 1951 წელს.[28][29]

მას ჰყავდა და, კეროლი და მთელი ოჯახი ცხოვრობდა არც ისე მდიდრულ ბინაში ატლანტის ოკეანის სანაპიროს ახლოს ბენსონჰერსტში, ბრუკლინის მეზობლად. სეიგანის მიხედვით, ისინი იყვნენ რეფორმატორი ებრაელები, ყველაზე უფრო ლიბერალურნი იუდაიზმის სამ მთავარ ჯგუფს შორის. როგორც სეიგანი, ასევე მისი და თანხმდებოდნენ იმ საკითხში, რომ მათი მამა არ იყო განსაკუთრებით რელიგიური, მაგრამ დედამისს „ნამდვილად სწამდა ღმერთი და აქტიურად მონაწილეობდა ტაძარში გამართულ მსახურებებში და მხოლოდ კოშერის წესების მიხედვით ამზადებდა ხოლმე ხორციან საჭმელებს“. დეპრესიის წლებში მამას მოუწია, რომ დათანხმებულიყო თეატრის კაპელდინერად მუშაობასაც.[30]

ბიოგრაფის, კიი დეივიდსონის მიხედვით, სეიგანის „შინაგანი ამბოხების“ მდგომარეობა აღმოჩნდა ორივე მშობელთან მისი ახლო დამოკიდებულებების შედეგი, რომლებიც მენტალურად ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ. თვით სეიგანი თავის ანალიზურ მოთხოვნილებებს უკავშირებდა დედას, ქალს, რომელსაც „უკიდურესაც ღარიბი ბავშვობა ჰქონდა“ და თითქმის უსახლკაროდ გაიზარდა ნიუ-იორკ-სიტიში პირველი მსოფლიო ომის დროს 1920-იან წლებში. როგორც ახალგაზრდა ქალს, მას გააჩნდა თავისი საკუთარი ინტელექტუალური ამბიციებიც, მაგრამ მას იმედგაცრუება ეწერა სოციალური შეზღუდვების გამო: მისი სიღარიბე, მისი სტატუსი ქალისა და მეუღლისა, ასევე მისი ებრაული წარმომავლობა ხელისშემშლელი ფაქტორები აღმოჩნდა ინტელექტუალური ზრდის გზაზე. დეივიდსონი შენიშნავს, რომ რეიჩელი „აღმერთებდა თავის ერთადერთ ვაჟს, კარლს. თვლიდა, რომ იგი განახორციელებდა თავის განუხორციელებელ ოცნებებს.“

სეიგანის „სასწაულის შეგრძნება“ კი წამოვიდა მამამისისგან, რომელიც „ცარისტული რეჟიმის მშვიდი და გულჩვილი ლტოლვილი გახლდათ“. თავის თავისუფალ დროს იგი ვაშლებს ურიგებდა ღარიბებს ანდა ეხმარებოდა საწარმოო ძალების მართვასთან დაკავშირებული დაძაბულობების შერბილებას ნიუ-იორკის „ქარიშხლოვან“ ინდუსტრიაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღტაცებაში მოჰყავდა კარლის „ბრწყინვალე გონებას, მის ბავშვურ საუბრებს ვარსკვლავებისა და დინოზავრების შესახებ“, მაინც მშვიდად უყურებდა კარლის ამ თვისებებს და მისი ზრდის ბუნებრივ ნაწილად მიაჩნდა. უფრო გვიანდელ წლებში, უკვე მწერალი და მეცნიერი, სეიგანი ხშირად იხსენებდა ხოლმე თავისი ბავშვობის მოგონებებს ზოგიერთი მეცნიერული აზრის საილუსტრაციოდ. თავის წიგნში, „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები, სეიგანი აღწერს თავისი მშობლების გავლენას თავის უფრო გვიანდელ აზროვნებაზე: „ჩემი მშობლები არ ყოფილან მეცნიერები. მათ თითქმის არაფერი იცოდნენ მეცნიერების შესახებ. მაგრამ ჩემთვის ერთდროულად სკეპტიციზმისა და სასწაულების სამყაროს გადაშლით მათ შემათვისებინეს 2 ძნელად კოჰაბიტირებადი აზროვნების ხერხი, რომლებიც ცენტრალურია მეცნიერული მეთოდისათვის“.[31][32]

1939 წლის მსოფლიო ბაზრობა რედაქტირება

სეიგანი იხსენებს, როგორც ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტს თავის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ წაიყვანეს იგი მშობლებმა 1939 წელს ნიუ-იორკის მსოფლიო ბაზრობაზე, როდესაც იგი ოთხი წლისა იყო. ექსპონატები მის ცხოვრებაში შემობრუნების წერტილი გახდა. იგი უფრო გვიან იხსენებდა „ხვალინდელი ამერიკის“ მოძრავი რუკის ექსპონატს: „იგი აჩვენებდა ულამაზეს ავტოსტრადებს, სამყურას ფოთლებს და გენერალ მოტორსის პატარა მანქანებს, რომლებსაც ხალხი ცათამბრჯენებთან მიჰყავდათ; ეს იყო შენობები ლამაზი კოშკებით, მფრინავი ბაქნებით და ერთობლიობაში ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა!“[33]

სხვა ექსპონატებისგან, იგი იხსენებს, როგორ ქმნიდა ფოტოელექტრულ უჯრედში სინათლე ტკაცუნა ხმას, ხოლო კამერტონის ხმა როგორ იქცეოდა ტალღად ოსცილოსკოპის ეკრანზე. მან ასევე იხილა მომავლის ტექნოლოგია, რომელსაც რადიოს შეცვლა ეწერა - ტელევიზია. სეიგანი წერდა: „მარტივად რომ ვთქვა, მსოფლიოში არსებობდა იმ ზომის საოცრებები, რომელთა არსებობას ეჭვითაც ვერ ვხვდებოდი. როგორ უნდა გამხდარიყო ტონი სურათი და სინათლე კი - ხმაური?“[34]

მან ასევე იხილა ბაზრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენა, დროის კაფსულის დამარხვა ფლაშინ მედოუზე, რომელიც თავის თავში შეიცავდა 1930-იანი წლების ღირსახსოვარ არტეფაქტებს, რომლებიც წესით უნდა მომავალ დედამიწელებს ეპოვათ მომავალ ათასწლეულში. „დროის კაფსულამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა კარლზე“, - წერს დეივიდსონი. როგორც უკვე ზრდასრულმა, სეიგანმა და მისმა კოლეგებმა უკვე თვითონ შექმნეს მსგავსი „დროის კაფსულები“ - ერთ-ერთი მათგანი კი გალაქტიკაში გასაგზავნადაც; ეს იყო ცნობილი „პიონერის“ ფირფიტა და „ვოიაჯერის“ „ოქროს ჩანაწერების“ დისკი, ყველა ესენი კი სეიგანის მოგონებების ექოს წარმოადგენდნენ იმ მსოფლიო ბაზრობიდან.[35]

მეორე მსოფლიო ომი რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დროს სეიგანის ოჯახი ღელავდა თავიანთი ევროპელი ნათესავების ბედზე. სეიგანი, მიუხედავად ამისა, ზოგადად მაინც ცუდად იცნობდა მიმდინარე ომის დეტალებს. იგი წერს: „ნამდვილად, ჩვენ გვყავდა ნათესავები, რომლებიც ჰოლოკოსტში აღმოჩნდნენ მომწყვდეულები. ჰიტლერი არანაირად არ იყო პოპულარული ჩვენს ოჯახში. მაგრამ, მეორე მხრივ, მე საკმაოდ კარგად ვიყავი იზოლირებული ომის საშინელებათაგან.“ კარლის დამ, კეროლმა, თქვა, რომ დედას „ყველაზე უფრო მეტად სურდა კარლის დაცვა. მას ძნელი დღე დაადგა მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის თემებთან დაკავშირებით.“ სეიგანის წიგნში „დემონებით შეპყრობილი მსოფლიო“ (1996) ამ კონფლიქტური პერიოდის თვით ავტორისეული მოგონებებიც არის ჩართული, როდესაც მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ თვალი გაესწორებინათ ევროპაში ომის რეალობასთან, მაგრამ, ამავე დროს, არ სურდათ, რომ ამას მათი ოპტიმიზმი გაენადგურებინა.[36]

განათლება და მეცნიერული კარიერა რედაქტირება

კარლ სეიგანი სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც რეიერსონის ასტრონომიული საზოგადოების წევრი იყო. აიღო ხელოვნების ბაკალავრი და სპეციალური ჯილდოები 1954 წელს, მეცნიერების ბაკალავრი ფიზიკაში 1955 წელს და მეცნიერების დოქტორის წოდება ფიზიკაში 1956 წელს, 1960 წელს კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში.[37] ბაკალავრიატის ბოლო კურსზე სეიგანი მუშაობდა ლაბორატორიაში გენეტიკოს ჰერმან ჯოზეფ მიულერთან ერთად და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ თეზისი დაწერა ფიზიკური ქიმიის მეცნიერ ჰაროლდ იურეისთან ერთად. ზაფხულის თვეებში მუშაობდა პლანეტების მკვლევარ ჟერარდ კოიპერთან, ფიზიკოს ჯორჯ გემოუსთან და ქიმიკოს მელვინ კალვინთან. 1960-62 წლებში სეიგანი მონაწილეობას იღებდა მილერის კვლევებში კალიფორნიის უნივერსიტეტში. 1962-68 წლებში მუშაობდა სმითსონის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ასევე გენეტიკოს ჯოშუა ლედერბერგთან.[38][39]

სეიგანი 1968 წლამდე კითხულობდა ლექციებს და ატარებდა კვლევებს ჰარვარდის უნივერსიტეტში, ვადის გასვლის შემდეგ კი კორნელის უნივერსიტეტში გადაინაცვლა. არსებობს აზრი, რომ ჰარვარდში თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზი ნაწილობრივ იყო სეიგანის მიერ მეცნიერების ღია მხარდაჭერა, რასაც ზოგიერთი მეცნიერი საკუთარი თავის პოპულარიზაციად აღიქვამდა. 1971 წელს კორნელის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გახდა და ხელმძღვანელობდა პლანეტარული კვლევის ლაბორატორიას. 1972-81 წლებში კორნელის რადიოფიზიკისა და კოსმოსის კვლევის ცენტრის ასოცირებულ დირექტორად მუშაობდა.[40][41]

კარლ სეიგანი აშშ-ის კოსმოსურ პროგრამასთან იყო ასოცირებული დასაწყისიდანვე. 1950-იანი წლებიდან ის ნასას მრჩევლად მუშაობდა, მისი ერთ-ერთი მოვალეობა იყო აპოლოს კოსმონავტების გამხნევება მთვარეზე გაფრენის წინ. სეიგანმა წვლილი შეიტანა მრავალი რობოტული ხომალდის განვითარებაში, რომლებმაც მზის სისტემა გამოიკვლიეს. მას თავში აზრად მოუვიდა, რომ ხომალდზე, რომელიც მზის სისტემას დატოვებდა, შეეტანათ უნივერსალური გზავნილი, რომელსაც აღმოჩენის შემთხვევაში გაიგებდნენ გონიერი უცხოპლანეტელი არსებები. ოქროს ფირფიტაზე ჩაწერილი გზავნილი ხომალდ პიონერ 10-ს მიამაგრეს და 1972 წელს გაუშვეს. მომდევნო წელს გაფრინდა პიონერ 11, რომელმაც იგივე ფირფიტის ასლი წაიღო. ყველაზე დახვეწილი გზავნილი კი ვოიაჯერის ოქროს ჩანაწერი იყო, რომელიც ვოიაჯერის ზონდებით გაუშვეს 1977 წელს.[42][43]

სეიგანი კორნელის უნივერსიტეტში გარდაცვალებამდე კითხულობდა კრიტიკული აზროვნების ლექციებს.[44]

მეცნიერული მიღწევები რედაქტირება

ყოფილი სტუდენტი დევიდ მორისონი სეიგანს აღწერს, როგორც შთამაგონებელ პიროვნებას და ინტუიციური არგუმენტებისა და უხეში გამოთვლების ოსტატს.[45] ჟერარდ კოიპერმა აღნიშნა, რომ „არიან ადამიანები, ვისაც უკეთ გამოსდით ლაბორატორიაში ძირითად პროგრამაზე მუშაობა. სხვებს კი მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან აქვთ შეხება. სეიგანი მეორე ჯგუფს ეკუთვნოდა.“[45]

სეიგანის წვლილი გადამწყვეტი იყო ვენერას ზედაპირზე მაღალი ტემპერატურის არსებობის აღმოჩენაში. ადრეულ 1960-იანებში ზუსტად არავინ იცოდა ამ პლანეტაზე არსებული პირობები, სეიგანმა კი რამდენიმე ვარიანტი აღწერა მოხსენებაში „პლანეტები“, რომელიც მოგვიანებით პოპულარული გახდა. მისი პირადი შეხედულებით ვენერა იყო მშრალი და ძალიან ცხელი პლანეტა, რაც ეწინააღმდეგებოდა სხვების მიერ წარმოსახულ სურნელოვან სამოთხეს. მან გამოიკვლია ვენერადან წამოსული რადიოსიგნალები და დაასკვნა, რომ ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 500 °C იყო. ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში მიწვეული მეცნიერის ამპლუაში ხელი შეუწყო ვენერაზე მარინერის პირველი მისიების გაგზავნას, მუშაობდა პროექტის დიზაინსა და მენეჯმენტზე. 1962 წელს მარინერ 2-მა დაადასტურა სეიგანის მოსაზრებები ვენერას ზედაპირის ტემპერატურის შესახებ.

სეიგანი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ივარაუდა, რომ სატურნის თანამგზავრ ტიტანის ზედაპირზე შეიძლება თხევადი ნაერთების ოკეანე ყოფილიყო, ხოლო იუპიტერის თანამგზავრ ევროპის ზედაპირის ქვეშ წყლის ოკეანე მდებარეობდა, რაც მას პოტენციურად დასახლებად ადგილად აქცევდა.[46] ევროპის ზედაპირის ქვეშ წყლის ოკეანის არსებობა მოგვიანებით ირიბად დადასტურდა ხომალდ „გალილეოს“ მიერ. ტიტანის მოწითალო ნისლის საიდუმლოც სეიგანის წყალობით ამოიხსნა. როგორც აღმოჩნდა, მისი წარმოქმნის მიზეზი იყო რთული ორგანული მოლეკულები, რომლებიც მუდმივად ეცემოდნენ ტიტანის ზედაპირზე.[47]

სეიგანმა ასევე შეიტანა წვლილი ვენერასა და იუპიტერის ატმოსფეროსა და მარსის სეზონური ცვლილებების გამოკვლევაში. მან გლობალური დათბობა აღიქვა, როგორც მზარდი, ადამიანის მიერ გამოწვეული საფრთხე და დაუკავშირა ვენერას უსიცოცხლო და მხურვალე პლანეტად ქცევას სათბურის ეფექტის გამო.[48] სეიგანმა თავის კოლეგასთან ედვინ ერნსტ სალპიტერთან ერთად ივარაუდა იუპიტერის ღრუბლებში სიცოცხლის არსებობა, რადგან პლანეტის სქელი ატმოსფერო უცვად შეიცავდა ორგანულ მოლეკულებს. მან გამოიკვლია მარსის ზედაპირის ფერების ვარიაცია და დაასკვნა, რომ სეზონური ცვლილებები არ ხდებოდა, როგორც ეს ბევრს ეგონა, არამედ იცვლებოდა მხოლოდ ზედაპირზე მტვრის განლაგება, რასაც ქარიშხლები იწვევდა.

თუმცა სეიგანი ყველაზე მეტად ცნობილია მისი კვლევებით უცხოპლანეტურ სიცოცხლეზე, მათ შორის ძირითადი ქიმიკატებიდან რადიაციის დახმარებით ამინომჟავების წარმოქმნის ექსპერიმენტული დემონსტრაციით.[49]

1994 წელს სეიგანს გადაეცა სახალხო კეთილდღეობის მედალი, რაც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უმაღლესი ჯილდოა „განსაკუთრებული წვლილისთვის მეცნიერების სახალხო კეთილდღეობისთვის გამოყენებაში“.[50] აკადემიის წევრობაზე მას უარი უთხრეს, სავარაუდოდ მედიაში აქტიურობის გამო, რამაც ბევრი მეცნიერი მის მიმართ ნეგატიურად განაწყო.[51][52][53]

მეცნიერული და კრიტიკული აზროვნების დაცვა რედაქტირება

სეიგანს იდეების კარგად გადმოცემის უნარი ჰქონდა, რაც ადამიანებს კოსმოსის უკეთ გაგებაში ეხმარებოდა. სეიგანის ლექციები ხაზს უსვამდა როგორც კაცობრიობის ფასსა და ღირებულებას, ასევე დედამიწის უმნიშვნელობას სამყაროს მასშტაბებში. 1977 წელს ლონდონში მდებარე სამეფო ინსტიტუტში საშობაო ლექციები გამართა.[54] მიჰყავდა 13 ნაწილიანი სატელევიზიო სერიალი „კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა“, რომლის სცენარისტიც და პროდიუსერიც ენ დრიუანთან ერთად თავად იყო.[55]

 
კარლ სეიგანი დოკუმენტურ სერიალში „კოსმოსი“, 1980 წ.

„კოსმოსი“ მრავალ მეცნიერულ საკითხს მოიცავდა, მათ შორის სიცოცხლის წარმოშობასა და სამყაროში ჩვენს ადგილს. სერიალი პირველად PBS-ზე გავიდა 1980 წელს და ემის ჯილდო და პიბოდის პრემია მოიპოვა.[56] გადაცემა 60-ზე მეტ ქვეყანაში გავიდა და 500 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა,[22][57] რის შედეგადაც PBS-ის დღემდე ყველაზე ყურებადი პროგრამაა.[58] შოუს დასრულების შემდეგ ჟურნალმა „თაიმმა“ სეიგანზე სტატია დაწერა და მოიხსენია, როგორც „ახალი სერიალის კოსმოსის შემოქმედი, მთავარი სცენარისტი და წამყვან-მთხრობელი, რომელიც წარმოსახვითი ხომალდით მოგზაურობს“.[59] თუმცა სეიგანი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გადაცემას ზედმეტად დიდი დრო დაუთმო და სანაცვლოდ კორნელში ლექციების ნაწილი გააუქმა, რაზეც კოლეგებმა უსაყვედურეს.[45]

სეიგანი მხარს უჭერდა არამიწიერი სიცოცხლის ძებნას. მისი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად სამეცნიერო საზოგადოებამ რადიოტელესკოპებით პოტენციური გონიერი უცხოპლანეტელებისგან მომავალი სიგნალების ძიება დაიწყო. 1982 წელს სეიგანმა შეადგინა პეტიცია, რომ პროექტ „სეტის“ შესახებ სამეცნიერო ჟურნალ „Science-ში“ დაბეჭდილიყო და ხელის მოწერაზე 70 მეცნიერი დაითანხმა, მათ შორის 7 ნობელის პრემიის ლაურეატი. ეს დიდი ნაბიჯი იყო ამ საკამათო სფეროს მიმართ პატივისცემის გაზრდისადმი. სეიგანი დაეხმარა ფრენკ დრეიკს, შეედგინა არესიბოს გზავნილი, რომელიც 1974 წლის 16 ნოემბერს არესიბოს რადიოტელეკოპის მეშვეობით კოსმოსში გაუშვეს, რათა პოტენციური უცხოპლანეტელებისთვის დედამიწის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ.

სეიგანი პლანეტების პროფესიონალური კვლევის ჟურნალ „იკარუსის“ მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი იყო 12 წლის განმავლობაში, ასევე სეტის ინსტიტუტის სამეურვეო საბჭოს წევრი და პლანეტარული საზოგადოების, კოსმოსით დაინტერესებული უმსხვილესი ჯგუფის, ერთ-ერთი დამაარსებელი. ამ ორგანიზაციას ამჟამად 149 ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი წევრი ჰყავს.[60][61] სეიგანი იყო ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების პლანეტარული მეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი, ამერიკული გეოფიზიკური კავშირის პლანეტოლოგიის სექციის პრეზიდენტი და მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის ასტრონომიის განყოფილების თავმჯდომარე.

 
პლანეტარული საზოგადოების წევრები ორგანიზაციის დაარსებისას. მარჯვნივ ზის კარლ სეიგანი.

ცივი ომის პერიოდში სეიგანი ჩაერთო ბირთვული ომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რადგან კლიმატის მათემატიკური მოდელი მიანიშნებდა, რომ ბირთვული დაპირისპირება დედამიწაზე სიცოცხლის ბალანსს დაარღვევდა. 4 სხვა ავტორთან ერთად შეადგინა მოხსენება „TTAPS“, რომელიც ბირთვული ზამთრის შედეგებს აღწერს.[62] რიჩარდ ტურკოსთან ერთად გამოსცა წიგნი „გზა, რომელზეც არავის უფიქრია: ბირთვული ზამთარი და არმიების რბოლის აღსასრული“, რომელიც ბირთვული ზამთრის ფენომენის ანალიზს წარმოადგენს.[63]

მეცნიერების პოპულარიზაციისთვის სეიგანი წერდა წიგნებსაც, როგორიცაა „კოსმოსი“, რომელიც ინგლისში გამოქვეყნებული სამეცნიერო წიგნებიდან ყველაზე გაყიდვადი გახდა;[64] „ედემის დრაკონები: მოსაზრებები ადამიანის ინტელექტის ევოლუციაზე“, რომელმაც პულიცერის პრემია მოიგო; და „ბროკას ტვინი: მეცნიერების რომანტიკის ანარეკლები“. სეიგანსვე ეკუთვნის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ბესტსელერი „კონტაქტი“ (1985), თუმცა ვერ მოესწრო მის ეკრანიზაციას, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ჯოდი ფოსტერი და 1998 წლის ჰიუგოს პრემიის გამარჯვებულია საუკეთესო დრამატული პრეზენტაციის კატეგორიაში.

„კოსმოსის“ სიქველი იყო „მკრთალი ლურჯი წერტილი: კოსმოსში ადამიანის მომავლის ხედვა“, რომელიც ნიუ-იორკ თაიმსმა 1995 წლის ყველაზე გამორჩეულ წიგნად აღიარა. სეიგანმა ასევე დაწერა სტივენ ჰოკინგის ბესტსელერის „დროის მოკლე ისტორიის“ შესავალი. სეიგანი ცნობილი იყო მეცნიერების პოპულარიზაციით, მეცნიერული ცოდნის საზოგადოებამდე მიტანის მცდელობითა და თავისი პოზიციებით მეცნიერული სკეპტიციზმის სასარგებლოდ და ფსევდომეცნიერების საწინააღმდეგოდ. ამის მაგალითია ცნობილი ამბის, ბეტისა და ბარნის უცხოპლანეტელთა მიერ გატაცების, სიცრუის გამომჟღავნება. სეიგანის სიკვდილის ათი წლისთავის აღსანიშნავად დევიდ მორისონმა, სეიგანის ყოფილმა სტუდენტმა, გაიხსენა მისი „უზარმაზარი ღვაწლი პლანეტარულ კვლევაში, საზოგადოების მეცნიერებაში გაცნობიერების საკითხში და სკეპტიციზმის წახალისებაში ჟურნალში Skeptical Inquirer“.[45]

 
მკრთალი ლურჯი წერტილი: დედამიწა ნათელ წერტილად მოჩანს 6 მილიარდი კმ-ის მოშორებით მდებარე ვოიაჯერ 1-დან. ნასამ ეს ფოტო სეიგანის თხოვნით გადაიღო.

1991 წლის იანვარში სეიგანმა ივარაუდა, რომ ქუვეითის ნავთობის ხანძრიდან (1991) საკმარისი კვამლის ამოსვლის შემთხვევაში „შეიძლება სამხრეთ აზიის დიდ ნაწილში სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიადგეს...“ მოგვიანებით წიგნში „დემონებით შეპყრობილი მსოფლიო“ მან აღიარა, რომ ეს წინასწარმეტყველება მართებული არ იყო. „შუადღით ყველაფერი კუპრივით გაშავდა და სპარსეთის ყურეში ტემპერატურა 4°–6 °C-ით დავარდა, თუმცა კვამლის დიდმა ნაწილმა ვერ მიაღწია სტრატოსფეროს და აზია გადარჩა“. 2007 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნული იყო, რომ თანამედროვე კომპიუტერულმა მოდელებმა გამოიკვლია ქუვეითის ნავთობის ხანძარი და აღმოჩნდა, რომ ცალკეული კვამლის ნაკადი სტრატოსფერომდე ვერ ავა, მაგრამ როცა კვამლი წარმოიქმნება დიდ ფართობზე (მაგალითად, ტყეები ან ქალაქები) გავრცელებული ხანძრისგან, რაც წესით ბირთვულ შეტევას უნდა მოყვეს, ამ შემთხვევაში სტრატოსფეროს ნამდვილად მიაღწევს.[65][66][67][68]

შემდგომ წლებში სეიგანი მხარს უჭერდა დედამიწასთან ახლოს მყოფი და პლანეტაზე შესაძლო გავლენის მომხდენი კოსმოსური ობიექტების ორგანიზებული კვლევის ჩამოყალიბებას.[69] იმ დროს, როცა სხვები თვლიდნენ, რომ კარგი იქნებოდა მასიური ბირთვული ბომბის შექმნა, რათა დედამიწისკენ მომავალი ობიექტების ორბიტის შეცვლა შეძლებოდათ, სეიგანმა დეფლექციის დილემა წამოაყენა: თუკი გვექნება შესაძლებლობა, ასტეროიდი დედამიწიდან სხვა მიმართულებით გადავხაროთ, მაშინ ასევე ვქმნით შესაძლებლობას, სხვაგან მიმავალი ასტეროიდი დედამიწისკენ მოვმართოთ - რაც ცხადია, იქნება ბოროტი იარაღი და ნამდვილი აპოკალიფსური ბომბი.[70][71]

შეიარაღების კვლევის ფონდისთვის 1958 წელს დაწერილ პროექტ A119-ში, რომელიც ეხება მთვარის ზედაპირზე ატომური ბომბის აფეთქების შესაძლებლობას, ჩანს მისი გაზრდილი ინტერესი კოსმოსში ბირთვული იარაღის გამოყენებისადმი.[72]

სეიგანი პლატონის კრიტიკოსი იყო. ერთხელ მასზე განაცხადა: „მეცნიერებასა და მათემატიკას ვაჭართა და ხელოსანთა ხელები უნდა მოშორდეს. ეს ტენდენცია ყველაზე მეტად გამოხატულია პითაგორას მიმდევარ პლატონში“. „მას (პლატონს) სჯეროდა, რომ იდეები გაცილებით რეალურია, ვიდრე ბუნებრივი სამყარო. ის ურჩევდა ასტრონომებს, დრო არ გაეფლანგათ ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებაში. სწამდა, რომ უკეთესი იყო, უბრალოდ მათზე ეფიქრათ. პლატონი მტრობდა დაკვირვებასა და ექსპერიმენტებს. ის ქადაგებდა რეალური სამყაროსა და მეცნიერული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სიძულვილს. პლატონის მიმდევრებმა წარმატებით მოახერხეს მეცნიერებისა და ექსპერიმენტების იმ სინათლის ჩაქრობა, რომელიც დემოკრიტემ და იონური სკოლის სხვა წევრებმა აანთეს.“[73]

მეცნიერების პოპულარიზაცია რედაქტირება

მეცნიერების პოპულარიზაციაში მისი აქტივობების შესახებ საუბრისას სეიგანმა აღნიშნა, რომ არსებობდა მინიმუმ ორი მიზეზი იმის ასახსნელად, რას წარმოადგენდა მეცნიერება. ერთ-ერთი მათგანია ღია ინტერესი, რადგან მეცნიერება ძირითადად მოქალაქეებისგან ფინანსდება და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, როგორ იხარჯება მათი ფული. თუკი მეცნიერები გაზრდიან სახალხო ინტერესს მეცნიერებისადმი, ეს იქნება კარგი შანსი მხარდაჭერების მოზიდვისთვის. მეორე მიზეზია ერთი ადამიანის მიერ მეცნიერებით გამოწვეული აღტაცების სხვისთვის გაზიარება.[74]

ფრაზა „მილიარდები და მილიარდები" რედაქტირება

ფაილი:Sagan Viking.jpg
სეიგანი მარსის შესწავლისთვის გამიზნულ ვიკინგის მოდელთან. სეიგანმა მაიკ კართან და ჰალ მასურსკისთან ერთად შეისწავლა შესაძლო დასაშვები ადგილები.

დოკუმენტური სერიალის „კოსმოსისა“ და „ჯონი კარსონის ღამის შოუში“ ხშირი გამოჩენის შედეგად სეიგანი ასოცირებული გახდა ფრაზასთან „მილიარდები და მილიარდები“. თუმცა თავად აღნიშნა, რომ „კოსმოსში“ ეს ფრაზა არასდროს გამოუყენებია.[75] ყველაზე მეტად ამ ფრაზას ჰგავს წიგნ „კოსმოსში“ ნახსენები „მილიარდობით მილიარდები“:[48][76]

 
„გალაქტიკა შედგება აირისა და მტვრისგან და ვარსკვლავებისგან — მილიარდობით მილიარდი ვარსკვლავისგან.“
(კარლ სეიგანი, „კოსმოსი“, გვ. 3)

სეიგანამდე რიჩარდ ფეინმანმა მრავალჯერ ახსენა „მილიარდები და მილიარდები“ თავის წიგნებში.

ასევე ცნობილია სეიგანის აღტაცება სივრცისა და დროის მასშტაბებით. მისი ყველაზე გამორჩეული ციტატაა „მთელ სამყაროში ვარსკვლავების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მთელი დედამიწის პლაჟებზე ქვიშის მარცვლების ერთობლიობა“.[77]

მილიარდებთან და ზემოთ ნახსენებ ფრაზასთან მეცნიერის ასოცირების გამო ხუმრობით სიტყვა „სეიგანი“ დიდი რაოდენობის აღმნიშვნელადაც გამოიყენება.[78][79][80]

სოციალური საკითხები რედაქტირება

სეიგანი თვლიდა, რომ დრეიკის განტოლების მიხედვით, უცხოპლანეტური ცივილიზაციები უხვად წარმოიქმნებოდა, მაგრამ მტკიცებულებების ნაკლებობა, რასაც ხაზს უსვამს ფერმის პარადოქსი, მიანიშნებს, რომ ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ცივილიზაციები მიდრეკილი არიან საკუთარი თავის განადგურებისკენ. ამან სტიმული მისცა მას, გამოეკვლია და შემდეგ გამოექვეყნებინა ის გზები, რომლითაც კაცობრიობამ შეიძლება თავის თავს ბოლო მოუღოს, რათა მსგავსი კატაკლიზმები არიდებული იქნას და საბოლოოდ ვიქცეთ კოსმოსში მოგზაურ სახეობად. სეიგანის წუხილი ადამიანთა ცივილიზაციის ბირთვული ჰოლოკოსტით შესაძლო განადგურებაზე აისახა სერიალ „კოსმოსის“ ბოლო ეპიზოდში „ვინ ილაპარაკებს დედამიწის სახელით?“[81] 1981 წლის ივნისში მესამე ცოლზე (ენ დრიუანი) დაქორწინების შემდეგ სეიგანი პოლიტიკურად უფრო აქტიური გახდა, განსაკუთრებით ბირთვული არმიების რბოლის ესკალაციასა და პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან დაპირისპირებაში.

1983 წლის მარტში რეიგანმა გამოაცხადა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივაზე - მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა თავდაცვითი ჭურვების შექმნას ბირთვული ჭურვების საწინააღმდეგოდ, რასაც მალე „ვარსკვლავური ომების“ პროგრამა შეარქვეს. სეიგანი პროგრამის წინააღმდეგ გამოდიოდა და იშველიებდა არგუმენტს, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო ამ სისტემის განვითარება ისე, რომ სიზუსტის შესაბამისი მოთხოვნები დაცული ყოფილიყო. ამასთან, მისი მშენებლობა იქნებოდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული ბირთვული ბალანსის სერიოზული დესტაბილიზაცია, რაც ბირთვული განიარაღების საკითხში შემდგომ პროგრესს შეუძლებელს გახდიდა.[82]

როცა საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა გამოაცხადა ცალმხრივი მორატორიუმი ბირთვული იარაღის გამოცდაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო 1985 წლის 6 აგვისტოს - ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან 40 წლისთავზე - რეიგანის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი უბრალოდ პროპაგანდად შეაფასა და თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ ამერიკულმა ანტი-ბირთვულმა და პაციფისტურმა მოძრაობებმა საპროტესტო აქციების სერია გამართეს 1986 წლის აღდგომიდან 1987 წლის ჩათვლით ნევადას საცდელ ტერიტორიაზე. ამ პერიოდში დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის კარლ სეიგანი, რადგან ის საცდელ ტერიტორიაზე განთავსებულ ღობეზე აძვრა.[83]

პირადი ცხოვრება და რწმენა რედაქტირება

სეიგანი სამჯერ იყო დაქორწინებული. 1957 წელს მან ცოლად შეირთო ბიოლოგი ლაინ მარგულისი, დორიონ სეიგანისა და ჯერემი სეიგანის დედა. გაყრის შემდეგ 1968 წელს დაქორწინდა მხატვარ ლიზა სალცმანზე, ნიკ სეიგანის დედაზე. ამ ქორწინებების პერიოდში სეიგანი კონცენტრირებული იყო კარიერაზე, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა პირველი ქორწინების წარუმატებლად დასრულებაში.[45] 1981 წელს სეიგანმა ცოლად შეირთო მწერალი ენ დრიუანი, ალექსანდრა რეიჩელ (საშა) სეიგანისა და სემუელ დემოკრიტუს სეიგანის დედა. ისინი სეიგანის სიკვდილამდე (1996 წ) ერთად ცხოვრობდნენ.

აიზეკ აზიმოვმა სეიგანი აღწერა, როგორც ერთ-ერთი ადამიანი იმ ორიდან, რომლებსაც პირადად შეხვედრია და მასზე დიდი ინტელექტი ჰქონდათ. მისი თქმით, მეორე იყო კომპიუტერული მეცნიერი და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი მარვინ მინსკი.[84]

სეიგანი ხშირად წერდა რელიგიაზე და მეცნიერებასა და რელიგიას შორის ურთიერთობაზე, გამოხატავდა სკეპტიციზმს ღმერთის, როგორც ბრძენი არსების კონცეპტუალიზაციისადმი. მაგალითად:

ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი არის გიგანტური, ღია ფერის კანის მქონე მამაკაცი გრძელი თეთრი წვერით, ზის ტახტზე სადღაც მაღლა ცაში და ყოველი ბეღურის ჩამოვარდნას ითვლის. სხვები—მაგალითად ბარუხ სპინოზა და ალბერტ აინშტაინი—თვლიდნენ, რომ ღმერთი არის ფიზიკური კანონების ერთობლიობა, რომელიც სამყაროს აღწერს. მე არ გამიგია ერთი დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების შესახებაც კი, რომელიც დაადასტურებდა იმ ანთროპომორფული პატრიარქის არსებობას, რომელიც ადამიანთა ბედს განაგებს რომელიღაც უხილავი ციური წერტილიდან, მაგრამ ფიზიკური კანონების უარყოფა სიგიჟე იქნებოდა.[85]

სხვაგან ღმერთის კონცეფციაზე საუბრისას სეიგანი ხაზგასმით აღნიშნავს:

აზრი, რომ ღმერთი არის გიგანტური თეთრკანიანი მამაკაცი გრძელი წვერით, რომელიც ზის ცაში და ყოველი ბეღურის ჩამოვარდნას ითვლის, სასაცილოა. თუმცა თუკი ღმერთში ვიგულისხმებთ სამყაროს მმართველი ფიზიკური კანონების ერთობლიობას, მაშინ ასეთი ღმერთი ნამდვილად არსებობს. ეს ღმერთი ემოციურად არადამაკმაყოფილებელია... აზრი არ აქვს გრავიტაციის კანონის წინაშე ლოცვას.[86]

ათეიზმზე საუბრისას სეიგანმა 1981 წელს აღნიშნა:

ათეისტი ისეთი ადამიანია, ვინც დარწმუნებულია ღმერთის არარსებობაში, ვისაც აქვს უეჭველი მტკიცებულება ღმერთის არსებობის საწინააღმდეგოდ. მე ასეთი მტკიცებულება არ გამაჩნია. ღმერთი შეიძლება გავრცელდეს დროისა და სივრცის შორეულ მონაკვეთებში და ძირითადად მიზეზებში, ამიტომ სამყაროზე გაცილებით მეტი უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ღმერთის არსებობა გამოვრიცხოთ. ღმერთის არსებობაში დარწმუნება და ღმერთის არარსებობაში დარწმუნება მეჩვენება თანაბარ უკიდურესობებად იმ საკითხში, რომელიც სავსეა ეჭვებითა და გაურკვევლობით, ამიტომ თავდაჯერების ქონის საშუალებას ნაკლებად იძლევა.[69]

სეიგანი კომენტარებს აკეთებდა ქრისტიანობაზეც. როგორც ამბობდა, „ჩემი ხანგრძლივი ხედვა ქრისტიანობაზე ისაა, რომ ის წარმოადგენს ორი, ერთი შეხედვით შეუთავსებელი რამის - იესოს რელიგიისა და პავლეს რელიგიის - ნარევს. ტომას ჯეფერსონი შეეცადა, ახალი აღთქმიდან პავლეს ნაწილები ამოეჭრა. როცა დაასრულა, ბევრი არ იყო დარჩენილი, თუმცა შთამაგონებელ დოკუმენტს წარმოადგენდა.“[87]

სულიერებასა და მეცნიერებას შორის კავშირზე სეიგანმა განაცხადა: „მეცნიერება არა მხოლოდ თავსებადია სულიერებასთან, ის სულიერების ღრმა წყაროა. როცა ვაცნობიერებთ ჩვენს ადგილს სინათლის წლების უსასრულობაში და საუკუნეთა მსვლელობაში, როცა აღვიქვამთ სიცოცხლის სირთულეს, სილამაზესა და სიფაქიზეს, გვეუფლება ამაღლებული გრძნობა, რასაც ემატება აღფრთოვანება და თავმდაბლობა, შედეგად ნამდვილად სულიერებას ვიღებთ.“[88]

გარემოს დაცვისადმი მოწოდებაში, რომელსაც ჰქვია „დედამიწის დაცვა და სათუთად მოვლა“ და ხელს აწერენ სეიგანი და სხვა მეცნიერები 1990 წლის იანვარში, აღნიშნულია, რომ „ისტორიული მონაცემები ცხადყოფს, რელიგიურ სწავლებებს, მაგალითებსა და მმართველობას შეუძლიათ, დიდი გავლენა მოახდინონ პიროვნულ ქცევასა და ვალდებულებებზე... ამიტომ რელიგიასა და მეცნიერებას სასიცოცხლო როლი გააჩნიათ.“[89]

1996 წელს მის რელიგიურ რწმენაზე კითხვის საპასუხოდ სეიგანმა თქვა: „მე აგნოსტიკოსი ვარ“.[90] სეიგანის შეხედულებებს ზოგჯერ განმარტავენ, როგორც პანთეიზმის ფორმას, მსგავსად აინშტაინის სპინოზას ღმერთისა,[91] ზოგჯერ კი ათეიზმს მიაკუთვნებენ.[92] სეიგანი ემხრობოდა მოსაზრებას, რომ სამყაროს შემოქმედის არსებობის დამტკიცება ან უარყოფა რთული იყო და ერთადერთი დამაჯერებელი მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც სიტუაციას შეცვლიდა, იყო უსასრულოდ ძველი სამყარო.[93] მისი ბოლო მეუღლე ენ დრიუანი აცხადებს:

როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა, რადგანაც ცნობილი იყო, რომ არ სწამდა, ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემთან — ხანდახან ისევ მოდიან — და მეკითხებოდნენ, შეიცვალა თუ არა კარლი სიკვდილის წინ და თუ ირწმუნა სიკვდილის შემდგომი ცხოვრება. ასევე ხშირად მეკითხებიან ჩემს აზრს, ვნახავ თუა არა მას ისევ. კარლი სიკვდილს საოცარი სიმამაცით შეეგება და არასდროს უცდია, შვება ილუზიებში ეპოვა. ტრაგედია ის იყო, რომ ვიცოდით, ერთმანეთს ვერასდროს ვნახავდით. არ ველი, რომ ოდესმე ისევ მასთან ვიქნები.[94]

2006 წელს ენ დრიუანმა რედაქტირება გაუკეთა სეიგანის 1985 წლის გლაზგოს „გიფორდის ლექციებს ბუნების თეოლოგიაში“ წიგნში „მეცნიერული გამოცდილების მრავალფეროვნება: ღმერთის ძიების პირადი ხედვა“, სადაც სეიგანი აჯამებს მის შეხედულებებს ბუნებრივ სამყაროში არსებულ ღვთაებრიობაზე.

 
კარლ სეიგანი (ცენტრში) ესაუბრება დაავადებების კონტროლისა და თავიდან აცილების ცენტრის თანამშრომლებს 1988 წელს.

სეიგანს ბევრი აღიქვამდა თავისუფალ მოაზროვნედ ან სკეპტიკოსად. „კოსმოსში“ მისი ერთ-ერთი ცნობილი ფრაზაა „ექსტრაორდინალურ განცხადებებს ექსტრაორდინალური მტკიცებულება ესაჭიროება“,[95] რასაც ზოგი „სეიგანის სტანდარტს“ უწოდებს.[96] მისი საფუძველია სკეპტიკური კვლევის კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, მარჩელო ტრუცის, ანალოგიური ფრაზა: „ექსტრაორდინალური განცხადება ექსტრაორდინალურ მტკიცებულებას საჭიროებს“.[97][98] თუმცა იდეას უფრო ძველი საწყისი აქვს და გვხვდება თეოდორ ფლურნუას ნაშრომში „ინდოეთიდან მარსის პლანეტამდე“ (1899), სადაც ის იშველიებს ფრანგი მათემატიკოსისა და ასტრონომის პიერ სიმონ ლაპლასის ციტატას, ცნობილს, როგორც ლაპლასის პრინციპს: „მტკიცებულების წონა უნდა შეეფარდოს ფაქტების უცნაურობას“.[99]

მოგვიანებით სეიგანის წიგნებში აისახა ავტორის სკეპტიკური, ნატურალისტური ხედვა სამყაროზე. წიგნში „დემონებით შეპყრობილი მსოფლიო“ ის ასახელებს საშუალებებს არგუმენტების გამოსაცდელად და მათგან მცდარის ან თაღლითურების გამოსაცალკევებლად, მხარს უჭერს კრიტიკული აზროვნებისა და მეცნიერული მეთოდის ფართო გამოყენებას. კომპილაცია „მილიარდები და მილიარდები: ფიქრები სიცოცხლესა და სიკვდილზე ათასწლეულის მიწურულს“, რომელიც სეიგანის სიკვდილის შემდეგ, 1997 წელს გამოქვეყნდა, მოიცავს სეიგანის ესეებს, როგორიცაა მისი მოსაზრება აბორტზე, და მისი ქვრივის ენ დრიუანის ნაამბობს მისი ქმრის, როგორც სკეპტიკოსისა და აგნოსტიკოსის სიკვდილზე.

სეიგანი ხშირად იძლეოდა გაფრთხილებებს ანთროპოცენტრიზმის საწინააღმდეგოდ. ის კორნელის სტუდენტების მრჩეველი იყო ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობის საკითხში. „კოსმოსის“ თავში „ლურჯები წითელი პლანეტისთვის“, სეიგანი წერდა: „თუკი მარსზე სიცოცხლე არსებობს, ვფიქრობ, მარსს თავი უნდა დავანებოთ. მარსი ეკუთვნის მარსელებს, გინდაც ისინი მხოლოდ მიკრობები იყვნენ.“[100]

გარდაცვალება რედაქტირება

სეიგანი სიცოცხლის ბოლო წლებში იტანჯებოდა მიელოდისპლაზიური სინდრომით და სამჯერ გადაინერგა ძვლის ტვინი, თუმცა 1996 წლის 20 დეკემბერს 62 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევით ცენტრში (სიეტლი, ვაშინგტონი).[27] დაკრძალულია ლეიქვიუს სასაფლაოზე ითაკაში, ქალაქ ნიუ-იორკში.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 NooSFere — 1999.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 10.2 JSTOR — 1995.
  11. http://www.nasonline.org/publications/biographical-memoirs/memoir-pdfs/sagan-carl.pdf
  12. https://www.pulitzer.org/prize-winners-by-category/223
  13. https://www.aapt.org/programs/awards/oersted.cfm
  14. https://aps.org/programs/honors/prizes/szilard.cfm
  15. https://www.nasonline.org/programs/awards/public-welfare-medal.html
  16. https://dps.aas.org/prizes/masursky
  17. https://www.nmspacemuseum.org/inductee/carl-sagan/
  18. X-Prize Group Founder to Speak at InductionEl Paso, El Paso: 2004. — P. 59.
  19. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-16. ციტირების თარიღი: 2014-06-03.
  20. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-07. ციტირების თარიღი: 2014-06-03.
  21. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-03. ციტირების თარიღი: 2014-06-03.
  22. 22.0 22.1 http://starchild.gsfc.nasa.gov/docs/StarChild/whos_who_level2/sagan.html
  23. http://www.seasky.org/space-exploration/astronomers-carl-sagan.html
  24. http://www.nsf.gov/news/news_summ.jsp?cntn_id=102779
  25. http://www.nytimes.com/books/first/d/davidson-sagan.html
  26. http://www.news.cornell.edu/stories/1996/12/carl-sagan-cornell-astronomer-dies-today-dec-20-seattle
  27. 27.0 27.1 Quarles, Norma (20 დეკემბერი, 1996). „Carl Sagan dies at 62“. CNN. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014. ციტატა: „Sagan was a noted astronomer whose lifelong passion was searching for intelligent life in the cosmos. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  28. http://www.thefamouspeople.com/profiles/carl-sagan-155.php
  29. http://books.google.ge/books/about/Carl_Sagan.html?id=TXDvAAAAMAAJ&redir_esc=y
  30. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-11. ციტირების თარიღი: 2014-06-03.
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2014-06-03.
  32. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-07. ციტირების თარიღი: 2014-06-03.
  33. http://www.usasciencefestival.org/schoolprograms/2014-role-models-in-science-engineering/1259-carl.html[მკვდარი ბმული]
  34. http://math.uprag.edu/DemonHauntedWorld.pdf
  35. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2014-06-03.
  36. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-22. ციტირების თარიღი: 2014-06-03.
  37. http://chronicle.uchicago.edu/931111/sagan.shtml
  38. http://www.loc.gov/collection/finding-our-place-in-the-cosmos-with-carl-sagan/about-this-collection/
  39. http://www.amnh.org/education/resources/rfl/web/essaybooks/cosmic/p_sagan.html
  40. http://www.mit.edu/~saleem/ivory/ch4.htm
  41. http://books.google.ge/books?id=Z01FzDkprgUC&pg=PA69&lpg=PA69&dq=carl+sagan+harvard+tenure&source=bl&ots=8RF0SPPV_g&sig=LF1GL9c-P1hnurdplUjSSHdxJTk&hl=en&sa=X&ei=Pv-NU_HeLZCw7AaEhIGwDA&sqi=2&ved=0CHQQ6AEwCA#v=onepage&q=carl%20sagan%20harvard%20tenure&f=false
  42. http://voyager.jpl.nasa.gov/spacecraft/goldenrec.html
  43. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2014-06-03.
  44. http://www.cheapastro.com/podcasts/Transcript_Sagan.pdf
  45. 45.0 45.1 45.2 45.3 45.4 მორისონი, დევიდ (იანვარ-თებერვალი, 2007). „Carl Sagan's Life and Legacy as Scientist, Teacher, and Skeptic“. Skeptical Inquirer. Amherst, NY: Committee for Skeptical Inquiry. 31.1: 29–38. ISSN 0194-6730. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  46. პლანეტარული მეცნიერების საკითხში სეიგანის კვლევების უმეტესობაზე საუბრობს უილიამ ფოუნდსტონი. ფოუნდსტონის ავტორობით შედგენილი სეიგანის ბიოგრაფია მოიცავს სეიგანის 1957-1998 წლების სამეცნიერო სტატიების 8 გვერდიან სიას. სეიგანის სამეცნიერო ნაშრომზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეიძლება ძირითადი კვლევითი სტატიებიდან. მაგალითად: სეიგანი, კარლ; თომსონი, უ.რ.; ხარი, ბ.ნ. (1992 წ). „ტიტანი: პრებიოლოგიური ორგანული ქიმიის ლაბორატორია“. ქიმიური კვლევის მოხსენებები. ვაშინგტონი: American Chemical Society. ტომი 25 (გამოცემა 7): 286–292. doi:10.1021/ar00019a003. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება) ტიტანის შესახებ ნაშრომზე არსებობს კომენტარი დევიდ დარლინგის „მეცნიერების ენციკლოპედიაში“.
  47. პაფუმი, გ.რ. (2010 წ.). Is Our Vision of God Obsolete?: Often What We Believe is not What We Observe. Bloomington, IN: Xlibris, გვ. 338. ISBN 978-1-4415-9041-1. OCLC 710798384. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2014. 
  48. 48.0 48.1 სეიგანი, კარლ [პირველად გამოქვეყნდა 1980 წელს] (1985 წ). კოსმოსი, 1st Ballantine Books, ნიუ-იორკი: Ballantine Books. ISBN 0-345-33135-4. OCLC 12814276. 
  49. „კარლ ედვარდ სეიგანი“. კოლუმბიის ენციკლოპედია (Sixth ed.). ნიუ-იორკი: კოლუმბიის უნივერსიტეტის პრესა. 2001–05. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 11, 2007. ციტირების თარიღი: August 30, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  50. კარლ სეიგანი. პლანეტარული საზოგადოება. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2014.
  51. ბენფორდი, გრეგორი (1997 წ). „A Tribute to Carl Sagan: Popular & Pilloried“. Skeptic. სკეპტიკოსთა საზოგადოება. ტომი 13 (გამოცემა 1). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  52. შერმერი, მაიკლ. Candle in the Dark. მაიკლ შერმერი. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2013. სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Scientific American-ის 2003 წლის გამოცემაში.
  53. იმპეი, კრის (იანვარ-თებერვალი, 2000 წ). „Carl Sagan, Carl Sagan: Biographies Echo an Extraordinary Life“. American Scientist (წიგნის მიმოხილვა). Sigma Xi. ტომი 88 (გამოცემა 1). ISSN 0003-0996. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  54. Christmas Lectures 1977. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-20. ციტირების თარიღი: 2014-08-27.
  55. Who Was Carl Sagan?
  56. Cosmos. Academy of Television Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014.
  57. Carl Sagan. EMuseum. მინესოტას სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-28. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014.
  58. CosmoLearning Astronomy. CosmoLearning. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-29. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014.
  59. Golden, Frederic (20 ოქტომბერი, 1980). „The Cosmic Explainer“. თაიმი. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  60. [http://www.carlsagan.com/index_cs.htm
  61. http://books.google.ge/books?id=k8WShzLxoYYC&pg=PA431&lpg=PA431&dq=planetary+society+members+149+countries&source=bl&ots=UCZupyYbeI&sig=IOL9DEu7_OGZAf2X1py_B_SYx-U&hl=en&sa=X&ei=w73-U62pO8jmaN26goAC&ved=0CBsQ6AEwAA#v=onepage&q=planetary%20society%20members%20149%20countries&f=false Astrophysics By Patrick Betts]
  62. Turco, R.P.; Toon, O.B.; Ackerman, T.P.; Pollack, J.B.; Sagan, C. (12 იანვარი, 1990). „Climate and smoke: an appraisal of nuclear winter“. Science. Washington, D.C.: მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაცია. 247 (4939): 166–176. doi:10.2307/2873486. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება) JSTOR
  63. http://www.goodreads.com/book/show/473606.A_Path_Where_No_Man_Thought
  64. Meet Carl Sagan. Science Channel. Discovery Communications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-18. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014.
  65. Jost, Hans-Jürg; Drdla, Katja; Stohl, Andreas; et al. (2 ივნისი, 2004). „In-situ observations of mid-latitude forest fire plumes deep in the stratosphere“ (PDF). Geophysical Research Letters. Washington, D.C.: ამერიკული გეოფიზიკური კავშირი. 31 (11). Bibcode:2004GeoRL..3111101J. doi:10.1029/2003GL019253. CiteID L11101. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2008-04-10. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  66. Averill, Clare; Logan, Jennifer. Smoke Soars to Stratospheric Heights. Earth Observatory. NASA (19 აგვისტო, 2004). ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014.
  67. Fromm, Michael; Alfred, Jerome; Hoppel, Karl; et al. (1 მაისი, 2000). „Observations of boreal forest fire smoke in the stratosphere by POAM III, SAGE II, and lidar in 1998“. Geophysical Research Letters. Washington, D.C.: American Geophysical Union. 27 (9): 1407–1410. Bibcode:2000GeoRL..27.1407F. doi:10.1029/1999GL011200. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-06. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  68. Fromm, M.; Stocks, B.; Servranckx, R.; et al. (2006). „Smoke in the Stratosphere: What Wildfires have Taught Us About Nuclear Winter“. ეოსი, ტრანზაქციები, ამერიკული გეოფიზიკური კავშირი. Washington, D.C.: American Geophysical Union. 87 (52 Fall Meet. Suppl.): Abstract U14A–04. Bibcode:2006AGUFM.U14A..04F. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-24. ციტირების თარიღი: 2014-08-28.
  69. 69.0 69.1 საუბრები კარლ სეიგანთან, გვ. 86–87
  70. Morrison, David (3 ოქტომბერი, 2007). „Taking a Hit: Asteroid Impacts & Evolution“. Astronomical Society of the Pacific (Podcast). წყნარი ოკეანის ასტრონომიული საზოგადოება. დაარქივებულია ორიგინალიდან 2014-08-18-ში. https://web.archive.org/web/20140818231737/http://www.astrosociety.org/silicon-valley-astronomy-lectures/taking-a-hit-asteroid-impacts-and-evolution/. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2014.
  71. Sagan, Carl; Ostro, Steven J. (ზაფხული, 1994). „Long-Range Consequences Of Interplanetary Collisions“ (PDF). Issues in Science and Technology. Washington, D.C.: National Academy of Sciences. 10 (4): 67–72. Bibcode:1994IST....10...67S. ISSN 0748-5492. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  72. Gault, Matthew. When Earth Dreamed of Nuking the Moon. War is Boring (28 ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2013.
  73. Sagan, Carl (writer/host) (9 ნოემბერი, 1980). „The Backbone of Night“. კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა. ეპიზოდი 7. PBS. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |airdate=-ში (დახმარება)
  74. დიკი, უილიამ (21 დეკემბერი, 1996). „Carl Sagan, an Astronomer Who Excelled at Popularizing Science, Is Dead at 62“. The New York Times. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  75. Sagan & Druyan 1997, pp. 3–4
  76. (2006 წ) იელის ციტატების წიგნი. ნიუ ჰეივენი: იელის უნივერსიტეტის პრესა, გვ. 660. ISBN 978-0-300-10798-2. OCLC 66527213. 
  77. Carl Sagan on the total number of stars in our Universe
  78. Sagan, Dictionary.com
  79. Safire, William (17 აპრილი, 1994). „Footprints on the Infobahn“. The New York Times. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  80. Gresshoff, P.M. (2004). „Scheel D. and Wasternack C.(eds) Plant Signal Transduction“ (PDF). Annals of Botany (Book review). Oxford University Press. 93 (6): 783–784. doi:10.1093/aob/mch102. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  81. Who Speaks for Earth?
  82. Carl Sagan: Strategic Defense Initiative Debate - Intermediate-Range Nuclear Forces Treaty (1987)
  83. Carl Sagan: A Biography by Ray Spangenburg, Diane Moser, გვ. 106
  84. Asimov, Isaac [Originally published 1980; Garden City, NY: Doubleday] (1981). In Joy Still Felt: The Autobiography of Isaac Asimov, 1954–1978. New York: Avon, გვ. 217, 302. ISBN 0-380-53025-2. OCLC 7880716. 
  85. Sagan, Carl [Originally published 1979] (1980). „ბროკას ტვინი: მეცნიერების რომანტიკის ანარეკლები“, Reprint, New York: Ballantine Books, გვ. 330. ISBN 0-345-33689-5. OCLC 428008204. 
  86. Quotes on Religion – Carl Sagan. IAC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-06. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014.
  87. Schei, Kenneth A. (1996). An Atheist for Jesus. Synthesis. ISBN 0-926491-01-6. 
  88. Bennett, Jeffrey O.; Donahue, Megan O.; Schneider, Nicholas; Voit (2009) The Cosmic Perspective, 6th (student), Boston: Addison-Wesley. ISBN 978-0-321-63366-8. OCLC 569911190. 
  89. Preserving and Cherishing the Earth. The Yale Forum on Religion and Ecology (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-04. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2014.
  90. Head, Tom (1997). „Conversations with Carl“. Skeptic. The Skeptics Society. 13 (1): 32–38.
  91. Tracy, David (1990). „Kenosis, Sunyata, and Trinity: A Dialogue with Masao Abe“, The Emptying God: A Buddhist-Jewish-Christian Conversation, Essays by Masao Abe, Faith Meets Faith Series, Maryknoll, NY: Orbis Books, გვ. 52. ISBN 0-883-44670-7. OCLC 318355646. 
  92. Joel Achenbach. (23 აპრილი, 2006) Worlds Away. ვაშინგტონ პოსტი. ციტატა: „By most definitions he would be called an atheist, but he hated the term.“ ციტირების თარიღი: 19 აგვისტო 2014.
  93. Sagan, Carl [Originally published 1995] (1997). The Demon-Haunted World: Science as a Candle in the Dark, 1st Ballantine Books, New York: Ballantine Books, გვ. 278. ISBN 0-345-40946-9. OCLC 36504316. 
  94. Druyan, Ann (November–December 2003). „Ann Druyan Talks About Science, Religion, Wonder, Awe ... and Carl Sagan“. Skeptical Inquirer. Amherst, NY: Committee for Skeptical Inquiry. 27.6. ISSN 0194-6730. ციტირების თარიღი: July 27, 2010.
  95. Sagan, Carl (writer/host) (14 დეკემბერი, 1980). „Encyclopaedia Galactica“. Cosmos: A Personal Voyage. ეპიზოდი 12. 01:24 minutes in. PBS. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |airdate=-ში (დახმარება)
  96. Rawson, Hugh. (2008)Sagan's Standard. The Unwritten Laws of Life. CSBC Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2014.
  97. Truzzi, Marcello (1978). „On the Extraordinary: An Attempt at Clarification“ (PDF). Zetetic Scholar. 1 (1): 11.
  98. Truzzi, Marcello (1998). Binkowski, Edward (ed.). „On Some Unfair Practices towards Claims of the Paranormal“. Oxymoron: Annual Thematic Anthology of the Arts and Sciences. New York: Oxymoron Media, Inc. 2: The Fringe. ISSN 1090-2236. OCLC 35240974. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  99. Flournoy, Théodore [Originally published 1899; Geneva: Édition Atar] (1983). Des Indes à la Planète Mars: Étude sur un cas de Somnambulisme avec Glossolalie, Introduction by Hélène Boursinhac; translation by Daniel B. Vermilye, Reprint (French), Geneva: Éditions Slatkine, გვ. 344–345. ISBN 2-05-100499-4. OCLC 11558608. 
  100. „კოსმოსი“, გვ. 108