კარლა სერენა (იტალ. Carla Serena, დაბადების სახელი და გვარი — კაროლინ ჰარტოგ მორგენშტაინი, Caroline Hartog Morgensthein; დ. 1820, ანტვერპენი, — გ. 1884, ათენი) — ბელგიელი მოგზაური და მწერალი. იდა პფაიფერთან ერთად ითვლება ერთ-ერთ პირველ ევროპელ მოგზაურ ქალად. 1874 წლიდან ექვსი წლის განმავლობაში მოიარა შვედეთი (1874), ოსმალეთის იმპერია (1874-1875), რუსეთის იმპერია (1874, 1875-1877, 1878-1879, 1881) და სპარსეთი (1877-1878); 1876-1877 და 1881 წლებში სერენა იმყოფებოდა საქართველოში. სერენამ მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები და გეოგრაფიული დაკვირვებები უხვად ილუსტრირებულ სტატიებსა და წიგნებში გადმოსცა.

კარლა სერენა (ჟურნალი La Ilustración de la Mujer, 1884)

ბიოგრაფია რედაქტირება

კაროლინ ჰარტოგ მორგენშტაინი დაიბადა 1820 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში (იმხანად ნიდერლანდების სამეფოს ნაწილი). იზრდებოდა საფრანგეთში. 1847 წელს ცოლად გაჰყვა მდიდარ ვენეციელ საქმოსანს, ლეონე სერენას და სახელი და გვარი იტალიურ ყაიდაზე გადაიკეთა. 1849 წელს ცოლ-ქმარი იტალიელ რევოლუციონერებთან კავშირის გამო ავსტრიის მთავრობამ ვენეციიდან გააძევა. შვეიცარიაში, მარსელში, ანტვერპენსა და პარიზში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ სერენები საბოლოოდ ლონდონში დამკვიდრდნენ. ჰყავდათ ხუთი შვილი. ცხოვრობდნენ შეძლებულად, კარლას კი საკუთარი სალონი ჰქონდა და დროდადრო ბელგიური გაზეთის, Le Précurseur d’Anvers-თვის სტატიებს წერდა. მის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა კულტურისა და განათლებისადმი მიძღვნილი მსოფლიო გამოფენა, რომელიც 1873 წელს ვენაში ჩატარდა. 54 წლის კარლა სერენამ გადაწყვიტა მსოფლიოს სხვადსხვა მხარე მოენახულებინა. მოგზაურობდა როგორც კერძო პირი. 1874-1879 წლებში იგი ეწვია შვედეთს, რუსეთს, თურქეთს, ეგვიპტეს, პალესტინას, სირიას, ლიბანს, ირანს, საბერძნეთს და კავკასიას.[1]

კავკასიაში სერენამ თითქმის ორი წელი დაჰყო; მოინახულა აფხაზეთი, კახეთი, ყარაბაღი, გურია, იმერეთი, სამეგრელო და სამურზაყანო. იყო კავკასიის რეგიონში რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) და მისი შედეგების თვითმხილველი. სამეგრელოში მას ეკატერინე დადიანმა უმასპინძლა. კავკასიიდან დაბრუნების შემდეგ რეგიონზე რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა, მათ შორის ერთი იმერეთზე[2] და ერთიც სამეგრელოზე [3] ჟურნალში Le Tour du Monde. ასევე დაიბეჭდა მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები 2 ტომად, რომლიდანაც პირველი ეთმობა კავკასიას, მეორე — სპარსეთს. 1881 წელს დაბრუნდა კავკასიაში კახეთისა და აფხაზეთის შესახებ ილუსტრირებული სტატიების მოსამზადებლად. ამ ვოიაჟის დროს შექმნა უნიკალური ფოტოსურათების სერია, რომელიც ასახავს იმდროინდელი საქართველოს გეოგრაფიასა და ეთნოგრაფიას. შინ დაბრუნების შემდეგ Le Tour du Monde-ში გამოაქვეყნა ორი უხვად ილუსტრირებული პუბლიკაცია კახეთისა[4] და აფხაზეთ-სამურზაყანოს[5] შესახებ.[1] სერენას საქართველოში ვიზიტს 1882 წლის მარტში გამოეხმაურა გაზეთი „დროება“:

 
„ჩვენს ქვეყანაში ორჯერ მოგზაურობდა გამოჩენილი მოგზაური-ქალი კარლა სერენა. ამ მხნე ქალს, რომელიც ასე თამამად დადიოდა ჩვენი მხრისა და სპარსეთის უდაბურ ადგილებში დაუმზადებია ახლა ვრცელი აღწერა თავის კავკასიაში მოგზაურობისა და სურათებით აბეჭდინებს პარიჟში. ერთს ფრანცუზულ გაზეთში ამ კარლა სერენაზედ იწერებიან:

„ამ დღეებში მოვიდა კავკასიიდამ პარიჟში დაუღალავი მოგზაური ქალი კარლა სერენა და მოიტანა თან მრავალი ფოტოგრაფიული სურათები კავკასიის ბუნებისა და ხალხებისა; ეს სურათები ჩართული იქნება იმის თხზულებაში „კავკასია“, რომლის გამოცემასაც ის უკვე შეუდგა.“

დიდი პატივისცემით მიიღეს ეს ქალი ევროპაში: იტალიის კაროლმა იმისთვის დიდი ოქროს მენდალი ჩამოასხმევინა. ლონდონის გეოგრაფიულ საზოგადოებამ სთხოვა იმას წაიკითხოს საზოგადო ლექცია თავის მოგზაურობიდამ. იმის ორი საინტერესო თხზულება, „ერთი ბალტიის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე“ და მეორე „ევროპელი ქალი სპარსეთში“ იტალიურ ენაზე გადათარგმნეს.[6]

კარლა სერენას შემდგომი წლების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ის არჩეული იყო საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის გეოგრაფიული საზოგადოებების წევრად, 1882 წელს კი იტალიის მეფისგან მიიღო ოქროს მედალი. სიცოცხლის ბოლო წლებში გამოაქვეყნა კიდევ რამდენიმე გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ნაშრომი. გარდაიცვალა საბერძნეთში 1884 წლის აგვისტოში. სიკვდილის მიზეზი, ასევე დაკრძალვის ადგილი უცნობია.[1]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Lettres scandinaves, Stockholm, 1874.
  • Mon voyage : souvenirs personnels, Paris, M. Dreyfous, 1881.
  • Hommes et choses en Perse, Paris, G. Charpentier, 1883.
  • Seule dans les steppes : épisodes de mon voyage aux pays des Kalmoucks et des Kirghiz, Paris, G. Charpentier, 1883.
  • Une Européenne en Perse, Paris, M. Dreyfous, 1890.
  • De la Baltique à la mer Caspienne, Paris, 1875.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 დავიწყებული მოგზაური: კარლა სერენა (1829-1884) / პიტერ სკინერი // ქართველოლოგი = Kartvelologi. - 2015. N8 (23).
  2. Serena, Carla, “Excursion dans le Caucase. De la mer Noire à la mer Caspienne – L’Iméréthie, province du Caucase”, Le Tour du Monde 40 (1880): 289-304.
  3. Serena, Carla, “Un tour en Mingrélie”, Le Tour du Monde 41 (1881): 385-416.
  4. Serena, Carla, “Trois mois en Kakhétie”, Le Tour du Monde 43 (1882): 193-240.
  5. Serena, Carla, “Excursion au Samourzakan et en Abkasie”, Le Tour du Monde 43 (1882): 353-416.
  6. კარლა სერენა, მოგზაური, «გენდერმედიატორი». ნანახია 21 თებერვალი, 2020.