კარდანახის ბაზილიკა

კარდანახის სამეკლესიიანი ბაზილიკაარქიტექტურული ძეგლი კახეთის მხარეში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 700 მეტრზე. დგას საბაწმინდის გუმბათიანი ეკლესიიდან ჩრდილოეთით ორმოციოდე მეტრზე, ღარტაფში. აგებულია VI საუკუნეში. შენობა ნაგებია კარგად შერჩეული რიყის ქვის თანაბარი რიგებით.

კარდანახის ბაზილიკა

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა, სამმალიანი თაღედის სახით.შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში ჩაწერილია სამი ნავი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. დასავლეთით, მთავარი ეკლესიის გაყოლებაზე კარიბჭეა, რომელიც თითო კარით უკავშირდება მთავარ და სამხრეთ ეკლესიებს და ჩრდილოეთის ნავში მოწყობილ პატარა კვადრატულ სათავსს. კარიბჭის თავზე მოწყობილია პატრონიკე, რომელიც დამოუკიდებელი კამარითაა გადახურული.

შუა ეკლესია დანარჩენებზე გაცილებით ფართოა და მაღალი, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ჩრდილოეთი ეკლესია კი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც სწორკუთხა სარკმელი და სარკმლის ჩრდილოეთით ერთი პატარა სწორკუთხა ნიშაა.

სამხრეთის ეკლესია შედარებით კარგადაა შემონახული. მის აღმოსავლეთ ბოლოში საკურთხევლის აფსიდია.

ეკლესიის ფასადი მოკლებულია მორთულობას. ფასადებიდან ყველაზე კარგად დასავლეთისა შემორჩა. 1974-1976 წელს ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები. ეკლესია გაიწმინდა მიწაყრილისაგან, რომელიც ორ მეტრზე ფარავდა ფასადებს. აღდგა კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ნაილს კი ჩაუტარდა კონსერვაცია. სამხრეთი ეკლესია და პატრონიკე გადაიხურა ღარისებური კრამიტით. ამჟამად ბაზილიკა მთლიანად ჩანს.

კარდანახის ბაზილიკას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება