კანფეტი (ლათ. confectus — დამზადებული) — საკონდიტრო ნაწარმი, რომლის მთავარი ინგრედიენტი შაქარია. ამ კატეგორიაში შედის შოკოლადი, კევი, ასევე შაქრით დაფარული ხილი, ბოსტნეული და თხილი. ფიზიკურად კანფეტი შაქრის რაოდენობით ისაზღვრება, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე დამოკიდებულება ნაწარმის მიმართ — კანფეტად ითვლება ისეთი ნაწარმი, რომელსაც ხმარობენ წასახემსებლად, და არა დესერტად. სხვადასხვა კულტურაში ერთი და იგივე ტკბილეული შეიძლება კანფეტად ან დესერტად ითვლებოდეს.[1] კანფეტი ჩვეულებრივად პატარა ზომისაა და ნაჭრებად არ იყოფა. იჭმევა თითებით.

ისტორია რედაქტირება

პირველი კანფეტი - მოხარშული შაქრის ნაჭრები - გაჩნდა ინდოეთში, რომელიც შაქრის სამშობლოდ ითვლება. სხვა ქვეყნებში, სადაც შაქარი არ იყო ხელმისაწვდომი, კანფეტს თაფლისგან ამზადებდნენ. ძველ საბერძნეთში, რომში, ირანში და ჩინეთში თაფლით ხილს და ყვავილებს შესანახად ან საჭმელად ფარავდნენ. ასეთი პრაქტიკა დღესაც არსებობს, მაგრამ დღეს ის დეკორატიურ მიზნებს ემსახურება. ინდუსტრიულ რევოლუციამდე მხოლოდ მდიდარი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი კანფეტი ხშირად ყელის ტკივილოს და საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების წამლად იხმარებოდა. XIX საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ და შაქრის გაიაფებამ კანფეტი უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომი გახადა, გაჩნდა პირველი კამფეტების პრესი. თავდაპირველად კანფეტს არ ფუთავდნენ, მაგრამ პოლიომიელითის ეპიდემიამ ეს პრაქტიკა შეცვალა. მალე დაიწყო საკვებში, მათ შორის კანფეტებში კონსერვანტების, საღებავების და არომატიზატორების დამატება, მათგან ბევრი ჯანმრთელობისთვის საზიანოც იყო. პირველი საკვებში დანამატების რეგულაციები აშშ-მ გამოსცა.

დამზადების წესი რედაქტირება

შაქარი იზავება წყალში ან რძეში და იხარშება სასურველ კონსისტენციამდე. კანფეტს შეიძლება ბევრნაირი ტექსტურა ჰქონდეს. ტექსტურა და კონსისტენცია დამოკიდებულია დამატებით ინგრედიენტებზე, ტემპერატურაზე და შაქრის კონცენტრაციაზე. რაც უფრო მეტი შაქარი იზავება მით უფრო მკვრივია კანფეტი. კანფეტების უმეტესობა ქარხნულად მზადდება.

საფრთხე ჯანმრთელობისთვის რედაქტირება

კანფეტი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. შაქრის დიდი რაოდენობები ქმნიან კარიესის და დიაბეტის საფრთხეს. კანფეტის მოხმარების შემდეგ სწრაფად იმატებს სისხლში შაქრის შემცველობა, რაც სახიფათოა როგორც დიაბეტის მქონე, ასევე ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ასევე, მრგვალი და მკვრივი კანფეტები ბავშვებში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის პირველი მიზეზია.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Roach, Mary (25 მარტი, 2013). „The Marvels in Your Mouth (Published 2013)“. The New York Times. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)