კათი

მცენარე ჭანჭყატისებრთა ოჯახისა

კათი, საჭმელი კათი (ლათ. Catha edulis) — მცენარე ჭანჭყატისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ბუჩქი ან მცირე ზომის (6 მეტრამდე სიმაღლის) ხეა. მისი სამშობლო, სავარაუდოდ, ეთიოპიის მთიანეთია. ფოთლები მოპირდაპირედაა განლაგებული, იშვიათად მორიგეობით, წაგრძელებულ-ოვალური ფორმის, დაკბილული. ყვავილები პატარაა, თეთრი, 5-ნაკვთიანი, შეკრებილია იღლიურ მტევნისებრ ან ფარისებრ ყვავილედებში. ნაყოფი სამწახნაგიანი წაგრძელებული კოლოფია 1–3 თესლით შიგნით. ძველი დროიდანაა კულტივირებული, ძირითადად აღმოსავლეთ აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოჰყავთ ფოთლების გამო (შეიცავს ალკალოიდებს: ეფედრინი, კათინი და სხვ.), რომლებიც გამოირჩევიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტონუსის ასამაღლებელი მოქმედებით; ახალი, ყველაზე პატარა, ახალგაზრდა ფოთლები, რომლებიც ყლორტების კენწეროებშია შეკრებილი, გამოიყენება უშუალოდ (ღეჭავენ) და ტრადიციული ამგზნები სასმლის მისაღებად. ფოთლების მოხმარება იწვევს მიჩვევას. ზოგ ქვეყანაში ნარკოტიკულ მცენარედ ითვლება.[1]

კათი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ჭანჭყატისნაირნი
ოჯახი:  ჭანჭყატისებრნი
გვარი:  კათი
სახეობა:  კათი
ლათინური სახელი
Catha edulis (Vahl) Forssk. ex Endl., 1775
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 34617

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Головкин Б. Н. Кат // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 302.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კათი&oldid=4234057“-დან