იულიანა (ნიდერლანდები)

იულიანა (ნიდერლ. Juliana; დ. 30 აპრილი, 1909, ჰააგა, ნიდერლანდები — გ. 20 მარტი, 2004, უტრეხტი, ნიდერლანდები) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ნიდერლანდების დედოფალი 1948-1980 წლებში. დედოფალ ვილჰელმინასა და პრინც ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელის ერთადერთი ქალიშვილი. დედოფალ ბეატრიქსის დედა.

იულიანა
ნიდერლანდების დედოფალი
კორონაცია: 6 სექტემბერი, 1948
მმართ. დასაწყისი: 4 სექტემბერი, 1948
მმართ. დასასრული: 30 აპრილი, 1980
წინამორბედი: ვილჰელმინა
მემკვიდრე: ბეატრიქსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 აპრილი, 1909
დაბ. ადგილი: ჰააგა, ნიდერლანდები
გარდ. თარიღი: 20 მარტი, 2004, (94 წლის)
გარდ. ადგილი: უტრეხტი, ნიდერლანდები
მეუღლე: ბერნჰარდ ცურ ლიპე-ბისტერფელდი
შვილები: ბეატრიქსი, ნიდერლანდების დედოფალი
ირენე
მარგრიეტი
კრისტინა
სრული სახელი: იულიანა ლუიზა ემა მარია ვილჰელმინა
დინასტია: ორან-ნასაუ
მამა: ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელი
დედა: ვილჰელმინა, ნიდერლანდების დედოფალი
რელიგია: კალვინიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

იულიანა დაიბადა 1909 წლის 30 აპრილს ჰააგაში. იგი იყო ნიდერლანდების დედოფალ ვილჰელმინასა და მისი მეუღლის, პრინც ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელის ერთადერთი ქალიშვილი, რაც მას ნიდერლანდების ტახტის ერთადერთ მემკვიდრედ აქცევდა.

1934 წელს პრინცი ჰაინრიხი გარდაიცვალა, 1939 წელს კი დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რა დროსაც ნაცისტურმა გერმანიამ ნიდერლანდების ოკუპირება მოახდინა. ამის გამო დედოფალი ვილჰელმინა, პრინცესა იულიანასა და თავის მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ბრიტანეთში, საიდანაც ისინი მხოლოდ 1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ.

1948 წლის 4 სექტემბერს დედოფალი ვილჰელმინა ტახტიდან გადადგა ახლა უკვე დედოფალ იულიანას სასარგებლოდ, რომლის კორონაციაც ორ დღეში, 6 სექტემბერს შედგა. დედოფალმა ვილჰელმინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავის ქალიშვილს არ მოხდენოდა იმ მძიმე დღეების გადატანა, რაც თავად მოუწია. ამის გამო იულიანას შედარებით უკეთესი ცხოვრება ჰქონდა ვიდრე დედამისს. გარდა ამისა, იგი დოქტორის ხარისხს ფლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებში, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი გულმოდგინედ ემზადებოდა თავისი სამომავლო ცხოვრებისთვის.

დედოფალ იულიანას მმართველობა ქვეყანაში სტაბილურობასა და სიმშვიდეს უკავშირდება. 1949 წელს დასრულდა ომი ინდონეზიასთან, რასაც ნიდერლანდების მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. იგი ეწეოდა ქველმოქმედებას და ხალხშიც ხშირად ჩნდებოდა თავის ქმარ-შვილთან ერთად, რის გამოც ნიდერლანდელებში დედოფალი პოპულარობით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, მაინც იყო ერთი რამ, რაც მის მმართველობას ცუდად დააჩნდა.

1956 წლიდან დედოფალ იულიანაზე დიდი გავლენა მოიპოვა გაუნათლებელმა კათოლიკე ბერმა კრეკ ჰოფმანმა. დედოფალზე მისი გალვენების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰოფმანმა იულიანას უსინათლო ქალიშვილი, პრინცესა კრისტინა განკურნა. ამის შემდეგ მან იმდენად დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რომ ხალხი რასპუტინს ადარებდა. იგი ახერხებდა ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებში და იმდენი შეძლო, რომ დედოფალი სერიოზულად ფიქრობდა კათოლიკობის მიღებას. ამის გამოძახილი იყო ისიც, რომ იულიანამ თავისი ქალიშვილი კათოლიკე პარმის ჰერცოგზე დააქორწინა. ვინაიდან ნიდერლანდების დედოფალი კათოლიკე ვერ იქნებოდა, იგი ტახტიდან გადადგომასაც კი აპირებდა, თუმცა იულიანა მისმა ერთგულმა მინისტრებმა გადაარწმუნეს და საბოლოოდ გააძევებინეს ჰოფმანი, რითაც ყველაფერი ძველებურ რიტმს დაუბრუნდა.

ოცდათორმეტწლიანი მმართველობის შემდეგ, 1980 წლის 30 აპრილს დედოფალი იულიანა ტახტიდან ოფიციალურად გადადგა თავისი უფროსი ქალიშვილის — დედოფალ ბეატრიქსის სასარგებლოდ. გადადგომისწინა განცხადება ოფიციალურად გააკეთა ტელევიზიის საშუალებით, რა დროსაც მან განაცხადა:

 
„ჩემთვის სასურველი აღარაა ჩემი ფუნქციების შესრულება, რადგან ადრე თუ გვიან ადამიანის შესაძლებლობები მცირდება და მე ვეღარ ვაკეთებ ჩემს საქმეს ისე, როგორც ადრე.“

მსგავსად დედამისის, დედოფალ ვილჰელმინასი, იულიანამ უარი განაცხადა დედა-დედოფლის წოდებაზე და დაიბრუნა თავისი ძველი ტიტული — ნიდერლანდების პრინცესობა. იგი ტახტიდან ოფიციალურად თავის სამოცდამეერთე დაბადების დღეზე გადადგა, რა დროსაც ხელი მოაწერა დოკუმენტებს და თავისი სამეფო აივნიდან ხალხს განუცხადა:

 
„მე ახლახან გადავდექი ტახტიდან. წარმოგიდგენთ ბეატრიქსს, თქვენს ახალ დედოფალს. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მისთვის ძალაუფლების გადაცემა, რადგან ვიცი, რომ ის კარგ ხელში მოხვდება.“

ამის შემდეგ იულიანამ კიდევ ოცდაოთხი წელი იცხოვრა და გარდაიცვალა 2004 წლის 20 მარტს უტრეხტში, 94 წლის ასაკში.

ქორწინება და შვილები რედაქტირება

1937 წლის 7 იანვარს, ჰააგაში შედგა იულიანასა და გერმანელი თავადის, ბერნჰარდ ცურ ლიპე-ბისტერფელდის ქორწინება. წყვილი თაფლობის თვეში პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მოინახულეს კრაკოვი, ნავოივეი, ივნა და კრინიცა. მათ ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც დედოფალმა ოთხი ქალიშვილი გააჩინა:

  1. ბეატრიქსი (1938-ცოცხალია), ნიდერლანდების დედოფალი 1980-2013 წლებში. ცოლად გაჰყვა კლაუს ფონ ამსბერგს, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი, მათ შორის ნიდერლანდების დღევანდელი მეფე ვილემ-ალექსანდერი;
  2. ირენე (1939-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა პარმის ტიტულარულ ჰერცოგ კარლოს უგოს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი;
  3. მარგრიეტი (1943-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა პეტერ ვან ვოლენჰოვენს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  4. კრისტინა (1947-2019), ცოლად გაჰყვა ხორხე პერეს ი გუილერნოს, რომელთანაც ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Simons, Marlise (21 March 2004). "Princess Juliana, Former Dutch Monarch, Is Dead at 94". The New York Times. Retrieved 27 September 2012.
  • van der Vat, Dan (22 August 2004). "Queen Juliana of the Netherlands". The Guardian. Retrieved 28 January 2013.
  • "The Queen & the Saucers". Time. 1 June 1959. Retrieved 27 April 2007.
  • Wilhelmina: Einsam und doch nicht allein. Evangelisches Verlagswerk, Stuttgart 1961, S. 14 und 115–117.
  • Christoph Driessen: Geschichte der Niederlande, Von der Seemacht zum Trendland. Regensburg 2009, S. 258.
  • Die Todesstrafe oder Die stille Macht der Königinnen. In: uni-muenster.de. 9. März 2011, abgerufen am 23. April 2018.