ისტორიული გეოლოგია

ისტორიული გეოლოგიაგეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ქერქის განვითარებას მისი წარმოშობიდან დღემდე. ისტორიული გეოლოგიის ამოცანაა დედამიწის ქერქის ამგებელი ქანების წარმოშობის თანმიმდევრობისა (ასაკის) და ნალექების წარმოქმნის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების დადგენა, ტექტონიკური მოძრაობებისა და მაგმატიზმის (ინტრუზიულის და ეფუზიურის) ისტორიის შესწავლა. ამ ამოცანის გადასაჭრელად ისტორიული გეოლოგია ემყარება პალეონტოლოგიის, ლითოლოგიის, ფაციესური ანალიზის, პეტროგრაფიის, მინერალოგიის, ტექტონიკის, რადიოგეოლოგიისა და სხვა მონაცემებს.

გეოლოგიური პერიოდები
„მსოფლიოს თეატრი“ (აბრაჰამ ორტელიუსი)
ნამარხი ტრილობიტები

დანალექი ქანები უმთავრესად სტრატიგრაფიული მეთოდით თარიღდება. ეს მეთოდი ემყარება იმას, რომ შრეები დალექვის პროცესში ერთმანეთზე ასაკობრივი თანამიმდევრობით ლაგდება; ქვევით ძველი შრეებია, ზევით — უფრო ახალგაზრდა. სხვადასხვა ადგილებში აღწერილი ჭრილების კორელაცია ახლო მანძილზე შესაძლებელია წყებების ლითოლოგიური მსგავსების მიხედვით, შორეულ მანძილზე კი პალეონტოლოგიურ მეთოდს მიმართავენ. დანალექ ქანებში დაცული ორგანიზმების ნაშთების მიხედვით გამოყოფილია ძირითადი სტრატიგრაფიული და ქრონოლოგიური ერთეულების მტკიცე იერარქიული რიგი: ჯგუფი (ერა), სისტემა (პერიოდი), ქვესისტემა (ეპოქა), სართული (საუკუნე) და ა.შ.

დედამიწის ქერქის ისტორიას ახასიათებს ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემოს უწყვეტი ცვალებადობა. ამიტომ პალეოგეოგრაფიული ვითარების თანამიმდევრობის აღსადგენად მიმართავენ ფაციესურ ანალიზს. ფაციესი დანალექი ქანის ლითოლოგიური და პალეონტოლოგიური თვისებების ერთობლიობაა, რომელიც ასახავს ნალექის წარმოქმნის გარემოს (ღრმა თუ თხელი ზღვის აუზი, ჭაობი, უდაბნო და სხვ.).

სინქრონულ ფაციესთა გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით აღადგენენ წარსული დროის პალეოგეოგრაფიას, ხოლო პალეოგეოგრაფიული რუკების თანამიმდევრობა იძლევა დედამიწის ზედაპირის გეოგრაფიული განვითარების სურათს (ზღვისა და ხმელეთის საზღვრების გადაადგილება, ზღვის ქვაბულისა და ხმელეთის რელიეფის გარდაქმნა, კლიმატური პირობების ცვალებადობა და სხვა).

ეფუზიურ და ინტრუზიულ ქანთა დათარიღების მეთოდები განსხვავებულია. ეფუზივები წარმოქმნისას, დანალექი ქანების მსგავსად, დედამიწის ქერქის ზედაპირზეა განლაგებული და ამიტომ მათი დათარიღება უმთავრესად სტრატიგრაფიული მეთოდით ხდება. ინტრუზიული სხეულები კი შეჭრილია ქერქში და ამიტომ მათი დათარიღება შეიძლება ქვედა და ზედა ასაკობრივი საზღვრის დადგენით.

ქვედა საზღვარი ის დანალექი ქანებია (ან სტრუქტურების), რომლებშიც შეჭრილია ინტრუზიული სხეული, ზედა საზღვარი კი ის ქანებია, რომლებიც ამ ინტრუზივის გადარეცხილ მასალას შეიცავს. სტრატიგრაფიულ მეთოდს ემყარება ძირითადად მეტამორფული ქანების დათარიღებაც. ქანთა დათარიღების მიზნით ფართოდ იყენებენ აგრეთვე რადიოლოგიურ მეთოდებსაც.

ტექტონიკური მოძრაობების (დანაოჭება, ეპეიროგენეზისი) ისტორიული შესწავლაც მათ დათარიღებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში საჭიროა მოძრაობის (სტრუქტურის) ასაკის ქვედა და ზედა საზღვრის დადგენა. ქვედა საზღვარი ის ქანებია, რომლებიც სტრუქტურას აგებენ, ზედა — სტრუქტურაზე უთანხმოდ განლაგებული შრეებია, ხოლო ტექტონიკური მოძრაობა ზოგადად თავსდება უთანხმოდ გამოხატულ ხარვეზებში: კუთხურ უთანხმოებაში — დანაოჭება (ოროგენიული მოძრაობა), სტრატიგრაფიულ უთანხმოებაში კი — რხევითი (ეპეიროგენული) მოძრაობები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება