ისტორიული გეოგრაფია

ისტორიული გეოგრაფიაგეოგრაფიისა და ისტორიის დარგი; შეისწავლის ამ თუ იმ ქვეყნის ან ტერიტორიის ფიზიკურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიას ისტორიულ წარსულში. მისი მიზანია დაადგინოს ამა თუ იმ ქვეყნის ძველი საზღვრები, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა, ძველი ქალაქებისა და სოფლების მდებარეობა, გზათა ქსელი, ციხესიმაგრეთა და საკულტო ნაგებობათა განლაგება და მოქმედების არე, მეურნეობის მდგომარეობა, ხალხთა მიგრაცია, ამბოხებანი, ლაშქრობათა გზები, სავაჭრო და კულტურული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან, აგრეთვე ადამიანის ზეგავლენა ბუნებაზე (ტყის გაკაფვა, გზებისა და არხების გაყვანა) და, პირიქით, ბუნებრივი მოვლენების (მიწისძვრა, კლდეზვავი, წყალდიდობა და სხვ.) ზეგავლენა ადამიანის ყოფაზე.

ქალაქ პარიზის გეგმა (1740)

ისტორიული გეოგრაფია ემყარება კარტოგრაფიულ, წერილობითსა და არქეოლოგიურ წყაროებს, ტოპონომიკას და საფუძველს უმზადებს ისტორიული რუკების შედგენას.

ისტორიული გეოგრაფიის კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

  • ისტორიული ფიზიკური გეოგრაფია (ისტორიული მიწათმცოდნეობა);
  • ისტორიული პოლიტიკური გეოგრაფია;
  • ისტორიული მოსახლეობის გეოგრაფია;
  • ისტორიული სოციალური გეოგრაფია;
  • ისტორიული კულტურული გეოგრაფია;
  • ისტორიული გეოგრაფია - ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთკავშირის თვალსაზრისით;
  • ისტორიული ეკონომიკური გეოგრაფია;
  • ისტორიულ-გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა.

ისტორიული გეორაფიის ჩამოყალიბება დაიწყო აღორძინებისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში (XV-XVI სს.). მნიშვნელოვანი როლო ამ საქმეში შეასრულა ფლამანდიელი კარტოგრაფის აბრაჰამ ორტელიუსის მიერ შედგენილმა ატლასმა (1579). XVII-XVIII სს. ისტორიული გეოგრაფიის განვითარებას ხელი შეუწყო ჰოლანდიელი სწავლულის ფ. კლიუვერისა და ფრანგი სწავლულის ჟ.ბ. დანვილის შრომებმა. XIX საუკუნეში ისტორიული გეოგრაფიის შინაარსი გამდიდრდა წარსულის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკით (მაგ.: დარბის ნაშრომები დიდი ბრიტანეთის სიტორიულ გეოგრაფიაში).

წარსულის საუკუნეებში საზღვარგარეთ შეიქმნა არაერთი ნაშრომი ისტორიულ გეოგრაფიაში. აღსანიშნავია კრაუსის მცირე მოცულობის შრომა, რომელიც გამოქვეყნდა 1905 წელს. კრაუსმა ყურადღება გაამახვილა XIV-XIX სს. ეკონომ-გეოგრაფიის საკითხებზე. მნიშვნელოვანი იყო ასევე ბლინკისა და პრეისლერის შრომები, თუმცა ისინი ვერ ასახავენ ისტორიული გეოგრაფიის განვითარების მეცნიერულ ანალიზსა და გამოხატავენ ამ დარგის აღწერილობით მნიშვნელობას. ამ დროისათვის ძირითადად იქმნებოდა მცირე მოცულობის ნაშრომები.

რუსეთსა და საქართველოში ისტორიული გეოგრაფიის განვითარება დაიწყო XVIII ს. I ნახევარში (ვახუშტი ბაგრატიონი, ვასილი ტატიშჩევი, ნ. ბოლტინი, ნ. ბარსოვი და სხვ). მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასევე ტანფილიევის ცნობილი შრომა, რომელიც ეხება რუსეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხებს. XX ს. შეიქმნა რამდენიმე კაპიტალური შრომები ისტორიულ გეოგრაფიაში (მ. ტიხომიროვი, ა. ნასონოვი). ზოგადად ისტორიული გეოგრაფიის საგანს და მის განვითარებას XIV-XVIII ს. ეხება ვიქტორ იაცუნსკის ნაშრომი. საქართველოში ისტორიული გეოგრაფიის ქართული სკოლა ჩამოაყალიბდა ნ. ბერძენიშვილის მეთაურობით. იგი ფართო მასშტაბით იკვლევდა ამ თვალსაზრისით საქართველოს და კავკასიას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 246.
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1 - ისტორიული გეოგრაფია, თბ., 1964;
  • მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები [ტ.] 1, თბ., 1977;
  • Очерки истории исторической науки в СССР, т. 1—4, М., 1955—66 (главы по истории исторической географии);
  • Яцунский В. К., Историческая география. История её возникновения и развития в XIV—XVIII веках. М., 1955.