ისლანდიური მექვიშია

ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა

ისლანდიური მექვიშია[1] (ლათ. Calidris canutus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 23–27 სმ, მასა 125–205 გრამი, ფრთების შლილი 57–60 სმ. მობუდარი ფრინველის მუცელი ნარინჯისფერია, ზედა მხარე მოხატულია ოქროსფრად, მკრთალ ყვითლად, ჟანგისფრად და შავად. არამობუდარი და მოზარდი ზევიდან მოყავისფრო რუხია, ქვევიდან უფრო მკრთალი. ნისკარტი შავი, ფეხები შავი ან მწვანე.[2] ზაფხულში ბინადრობს არქტიკის მშრალ ტუნდრაში, მათ შორის ფერდობებზე მწირი მცენარეულობით;[3] ალასკიდან (აშშ) გრენლანდიის (დანია) გავლით ჩრდილოეთ რუსეთამდე.[4] ზამთარში ინაცვლებს სამხრეთით (მიგრაციისას ორივე გზაზე 22 000-მდე კილომეტრს ფარავს);[3] იზამთრებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ჩრდილო-დასავლეთ ევროპის, დასავლეთ აფრიკის (ტუნისიდან და მაროკოდან სამხრეთ აფრიკამდე), სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის წყნარი და ატლანტის ოკეანეების სანაპიროებზე.[4] ამ დროს შეინიშნება ქვიშიან ნაპირებზე, ვატებზე, ლაგუნებში, ესტუარებში,[2] აგრეთვე სანაპიროსგან შორს არსებულ ადგილებში, სადაც ახლოსაა წყალსატევები.[3] ბუდე ბდებარეობს მიწაზე, წყალთან ახლოს; წარმოადგენს არაღრმა ორმოს, რომელიც ამოფენილია ფოთლებით, ლიქენებითა და ხავსით. დებს 3–4 ღია ზეთისხილისფერ-მწვანე კვერცხს მცირე ზომის ყავისფერი ლაქებით (გაბარიტები — 3,8–4,5🞩2,6–3,1 სმ[5]). კრუხობს ორივე მშობელი (ჩვეულებრივ, მამალი უფრო დიდხანს), ინკუბაცია 21–22 დღე-ღამე გრძელდება. ახალგამოჩეკილი ბუდეს მალევე ტოვებს. საკვებს თვითონვე მოიპოვებს. 18–20 დღის ასაკში ფრენის უნარს იძენს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. იკვებება მოლუსკებით, მწერებით, მცენარეულობით, თესლებით. მიგრაციისა და გამოზამთრების პერიოდში მის რაციონში შედის შლამში მობინადრე მცირე ზომის უხერხემლოები, განსაკუთრებით პატარა მოლუსკები, ზღვის ჭიაყელები, კიბოსნაირები. ბუდობის ადგილებში ძირითადად მწერებით იკვებება, უპირატესად ბუზებით. აგრეთვე ჭამს მცენარეულ საკვებს, განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში (როდესაც მწერები შესაძლოა მცირე რაოდენობით იყვნენ), მათ შორის ყლორტებს, კვირტებს, ფოთლებსა და თესლებს.[6] ცოცხლობს 15 წელზე მეტს.[3]

ისლანდიური მექვიშია

მობუდარის შეფერილობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Calidris canutus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22693363
გავრცელება

ქვესახეობების გავრცელებისა და გამოზამთრების არეალები

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 62, 136, 190.
  2. 2.0 2.1 Red Knot Identification. All About Birds. allaboutbirds.org. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Red Knot (Calidris canutus). The National Wildlife Federation. nwf.org. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.
  4. 4.0 4.1 BirdLife International (2015). Calidris canutus. IUCN Red List of Threatened Species. 2015. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  5. Red Knot Life History. All About Birds. allaboutbirds.org. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.
  6. Red Knot (Calidris canutus). National Audubon Society. audubon.org. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020.