სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩარკვიანი.

ირაკლი ჩარკვიანი (დ. 19 ნოემბერი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 24 თებერვალი, 2006, თბილისი, საქართველო) — ქართველი მუსიკოსი, პოეტი და მწერალი. მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში ცნობილი იყო ფსევდონიმით „მეფე“.

ირაკლი ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანი, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული იმიჯით
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც მეფე
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1961
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 24 თებერვალი, 2006 (44 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი სხვადასხვა ჟანრი (უკანასკნელ წლებში - ელექტრონული მუსიკა/ჰიპ-ჰოპი/როკი)
საქმიანობა მუსიკოსი
მწერალი
აქტიური 1976–2006

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

დაიბადა თბილისში. მისი მამა იყო ჟურნალისტი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი, ხოლო ბაბუა – კანდიდ ჩარკვიანი, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე 1938–1952 წლებში.

1982 წელს ჩარკვიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი.

მუსიკალური კარიერა რედაქტირება

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ.

„ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Children's Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Daira (1997) — პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.

ირაკლის პირველი სოლო-ჩანაწერი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-ალბომი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). 1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის „ორფეოსის სიკვდილი“.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო“ გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორგანი'78“ (აგრეთვე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეოები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).

2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით — შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.

2006 24 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში.

მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, „თეთრი ღმერთი“. 2014 წელს გამოვიდა კომპილაციური ალბომი რემასტერებით - „The Best of King“.

ირაკლი ჩარკვიანი აქტიურად მოღვაწეობდა პოეზიაშიც. გამომცემლობა „ინტელექტმა“ მისი გარდაცვალების შემდეგ მოიძია ლექსები და გამოსცა კრებული „მეფე ირაკლის ლექსები“ (2008, 2011). ირაკლი ჩარკვიანი არის რამდენიმე მოთხრობისა და ერთი რომანის, „მშვიდი ცურვის“ ავტორი (გამოქვეყნდა 2006 წელს). მისმა რომანმა 2014 წელს გაიმარჯვა ქართულ ლიტერატურულ მარათონში – „ჩემი წიგნი“, რომელშიც ხმების რაოდენობით გადაუსწრო ისეთ წიგნებს როგორიცაა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, თომას მანის „ჯადოსნური მთა“, ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“.

პატივგება რედაქტირება

2007 წელს ჩარკვიანის ხსოვნას სპეციალური ალბომი მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა „33ა“, „მწვანე ოთახი“, „Outsider“, „ვაკის პარკი“, „The Young Georgian Lolitaz“, „ზუმბა“ და სხვა. დისკს „ქაღალდის გემი - Tribute ალბომი“ ეწოდება.

2016 წლის 19 ნოემბერს, მუსიკოსის დაბადების 55 წლისთავის აღსანიშნავად „დედაენის“ ბაღში სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა. იგი ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ნამუშევარი მეტალზე წყლის ჭავლითაა შესრულებული. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. სკულპტურული კომპოზიციის ავტორები მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.[1]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

დისკოგრაფია რედაქტირება

სოლო-ალბომები რედაქტირება

ჯგუფი „ტაქსი“ რედაქტირება

სხვა ჯგუფები რედაქტირება

სხვა ალბომები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება