იოსებ გრიშაშვილის ქუჩა

იოსებ გრიშაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ხარფუხი). აბანოს ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩამდე. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც საბაჟოს ქუჩა (ქვემო საბაჟოს ქუჩა), თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია სურბ-სარქისის ქუჩის სახელწოდებით. 1925 წლიდან ალი ტაგი-ზადეს სახელი ერქვა, შემდეგ — ბოლნისის ქუჩა. 1948 წელს იოსებ გრიშაშვილის სახელი ეწოდა.

იოსებ გრიშაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები საბაჟოს ქუჩა, სურბ-სარქისის ქუჩა, ალი ტაგი-ზადე, ბოლნისის ქუჩა

იოსებ გრიშაშვილის ქუჩა თბილისის უძველესი ქუჩაა, ხელოვნებათმცოდნეები, აღნიშნავენ რა ხაზგასმით ამ ქუჩის მნიშვნელობას ძველი ქალაქისთვის, ხშირად ადარებენ რომის სახელგანთქმულ ქუჩას — „ვია აპია ანტიკას“. ადრე ამ ქუჩას განჯის გზა ერქვა (მოემართებოდა განჯის მხრიდან) და ერთადერთი გზა იყო, რომელიც აკავშირებდა დასავლეთს აღმოსავლეთთან (სპარსეთი, ინდოეთი, ჩინეთი). განჯასა და თბილისზე გამავალი ამ გზით სარგებლობდა მტერიც და მოყვარეც, გადიოდა სავაჭრო ქარავნები და ამავე გზით შემოდიოდა აღმოსავლეთიდან ურიცხვ დამპყრობელთა დამანგრეველი ურდოები. გზაზე იყო ქალაქის ორი ჭიშკარი: ერთი ციხესიმაგრის კედელში, იქ, სადაც ამჟამად სამასი არაგველის მემორიალია, მეორე — ქალაქის მთავარი ციტადელის — ნარიყალის შესასვლელთან, იქ სადაც ამჟამად ბოტანიკური ბაღის შესასვლელია. შემორჩენილია ძველი ხიდის ბურჯები.

იოსებ გრიშაშვილის ქუჩისა და ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის (ყოფილი მირ ვეზიროვის) ქუჩების გადაკვეთაზე დგას XIX საუკუნის წმინდა ნიკოლოზის ბერძნული ეკლესია (ამჟამად წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობს), ხოლო თვით ქუჩა გოგირდის აბანოების კომპლექსიდან იწყება. შემორჩენილია ე. წ. „ბებუთის აბანო“ (XVII საუკუნე), სახაზინო აბანო (XIX საუკუნე). აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის (1795) დროს იოსებ გრიშაშვილის ქუჩის თითქმის მთელი განაშენიანება განადგურდა, მაგრამ დარჩა საერთო გაბარიტები, ძველი მიმართულება, გეგმარებითი კონტურები. ამჟამად ქუჩა განაშენიანებულია ძირითადად XIX საუკუნის დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლებით (არის აგრეთვე რამდენიმე თანამედროვე სახლი), რომლებიც შემკულია ხის ნაკეთობებით, ტრადიციული ორნამენტებით, გამოყენებულია ქართული კვადრატული აგური. საცხოვრებელი სახლები, თბილისური მწვანე ეზოებითა და აივნებით, როგორც წესი, შეჭრილია თაბორის ქედის კალთებში. შემორჩენილია ბრტყელი ბანური სახურავები, რომლებიც ერთდროულად მათ ზემოთ განლაგებული ბინების ტერასაცაა.

ლიტერატურა რედაქტირება