[1]

იორდანიის ჰაშიმიდური სამეფო
المملكة الأردنية الهاشمية
იორდანია
იორდანიის
ჰიმნი: عاش المليك
იორდანიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ამანი
31°57′ ჩ. გ. 35°56′ ა. გ. / 31.950° ჩ. გ. 35.933° ა. გ. / 31.950; 35.933
ოფიციალური ენა არაბული ენა
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე აბდულა II
ფართობი
 -  სულ 89 342 კმ2 (112-ე)
 -  წყალი (%) ~0.01
მოსახლეობა
 -  2020 შეფასებით 10 203 134 (88-ე)
 -  სიმჭიდროვე 115 კაცი/კმ2 (88-ე)
მშპ (მუპ) 2017 შეფასებით
 -  სულ $40.07 მილიარდი (88-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $ 4,095 (88-ე)
აგი (2019) 0.723 (საშუალო) (102-ე)
ვალუტა იორდანული დინარი (JOD)
დროის სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი JOR
Internet TLD .jo
სატელეფონო კოდი 962

[2]

[3]

[4]

იორდანია (არაბ. الأردن‎‎, ალ-ურდუნი), ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (არაბ. المملكة الأردنية الهاشمية‎‎) — არაბული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სირია, ჩრდილო-აღმოსავლეთით ერაყი, სამხრეთით და აღმოსავლეთით საუდის არაბეთი, ხოლო დასავლეთით ისრაელი და პალესტინა. იორდანია ისრაელს და პალესტინას ესაზღვრება მკვდარი ზღვის სანაპიროთი, ხოლო აკაბის ყურით ისრაელს, ეგვიპტეს და საუდის არაბეთს.

ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო. ტერიტორიის 99 % უდაბნოებს და ნახევარუდაბნოებს უკავია. ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - პეტრა.

სახელმწიფო მოწყობა რედაქტირება

 

იორდანია — კონსტიტუციური მონარქია, რაც გამყარებულია კონსტიტუციით, რომელიც მიიღეს 1952 წლის 8 იანვარს. მართვის სადავეები ხელთ უპყრია მეფეს და მის მინისტრთა საბჭოს. მეფე იღებს კანონებს, მისი დაბლოკვა შესაძლებელია მხოლოდ ნაციონალური ასამბლეის ზედა და ქვედა პალატის წევრთა 2/3 ხმების რაოდენობის მოგროვებით.

კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიურ, სამოქალაქო და სპეციალურ სასამართლოს. ქვეყანა დაყოფილია 12 მუჰაფაზად.

რეგიონები, რეგიონლარუცი ცენტრები, მოსახლეობის რაოდენობა
მუხაფაზა მუხაფაზა (ინგ.) ცენტრი ფართობი, კვ. კმ მოსახლეობა (2004)
აჯლუნი Ajlun აჯლუნი 412 118 496
აკაბა Aqaba აკაბა 6583 101 736
ამანი Amman ამანი 8231 1 939 405
ჯარაში Jerash ჯარაში 402 153 650
ირბიდი Irbid ირბიდი 1621 925 736
მაანი Ma’an მაანი 33 163 92 672
მადაბა Madaba მადაბა 2008 129 792
ეზ-ზარკა Zarqa ეზ-ზარკა 4080 774 569
ელ-ბალკა Balqa ეს-სალტი 1076 344 985
ელ-კარაკი Kerak ელ-კარაკი 3217 204 135
ელ-მაფრაკი Mafraq ელ-მაფრაკი 26 435 240 515
ეტ-ტაფილა Tafilah ეტ-ტაფილა 2114 75 290

დემოგრაფია რედაქტირება

2007 წლის მონაცემებით იორდანიის მოსახლეობა 5,9 მილიონი ადამიანია. მოსახლეობის 95 % - არაბია. იორდანელი არაბები მოსახლეობის 35 % შეადგენენ, 55 % — პალესტინელები[5], რომლებიც აქ ისრაელ-არაბეთის ომის შემდგომ გადმოსახლდნენ 1948 და 1967 წლებში. სხვა ეთნიკური წარმომადგენლები: ადიღელები, ჩეჩნები, სომხები და ქურთები.

2003 წელს ერაყთან ომის შემდგომ ქვეყანაში ბევრი ერაყელი დასახლდა. მათი რაოდენობა იორდანიაში 150 - 300 ათ. აღწევს.[6]

დასაქმების სამინისტროს მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით 300 000 ათასი მუშა იყოფება, მათი უმრავლესობა ეგვიპტელები არიან (227 000), დანარჩენები ძირითადად არიან ბანგლადეშიდან, ჩინეთიდან, ფილიპინებიდან, შრი-ლანკიდან და ინდოეთიდან.

ენა რედაქტირება

ოფიციალური ენაა — არაბული, ბიზნესში და სამთავრობო სტრუქტურებში ასევე გავრცელებულია ინგლისური ენა. არაბული და ინგლისური არის აუცილებელი ენები, რომლებიც სკოლებში ისწავლება. ასევე არის ფრანგული ენაც. ქვეყანაში რადიო გადაიცემა არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

რელიგია რედაქტირება

მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევრები არიან. ქრისტიანები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 6 %-ს შეადგენენ, პარლამენტში კი ადგილების 20 % უკავიათ. ძირითადში ქვეყნის ქრისტიანული მოსახლეობა მართლმადიდებლები არიან. ნაწილი კი კათოლიკები არიან.

ბუნებრივი პირობების მიხედვით იორდანია წარმოადგენს უდაბნოსებრ ზეგანს, რომელიც 800-დან 1300 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. რელიეფის მიხედვით იგი იყოფა სამ ძირითად ნაწილად: დასავლეთ იორდანიის მთიანეთი, მდინარე იორდანიის ხეობა და მკვდარი ზღვის ქვაბული და ტრანსიორდანიის მთიანეთი, რომელიც არაბეთის ვრცელ პლატოს წარმოადგენს. დასავლეთ იორდანიის მთიანეთი ხმელთაშუა ზღვის ნაპირზეა. მასში მკვეთრად გამოიყოფა სამი გეოგრაფიული და ისტორიული ერთეული სამხრეთით-იუდეა, ცენტრში-სამარია, ჩრდილოეთით-გალილეა, ტრანსიორდანიის მთიანეთი , აღმოსავლეთით გადადის სირია-არაბეთის უდაბნოში, მის სამხრეთით არის მსოფლიოში ყველაზე ღრმა დეპრესია, დაბალი ადგილი (780 მეტრი ზღვის დონიდან, მკვდარ ზღვასთან).

კლიმატი სუბტროპიკულია, მშრალი ცხელი ზაფხულით. კონტინენტური წვიმების სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მაისამდე, შემდეგ იწყება მშრალი ზაფხული, აგვისტოში მაქსიმალური ტემპერატურა გჰორის დაბლობში 50⁰ აღწევს, ხეობებში-40⁰, მინიმალური -10⁰. ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთ ნაწილში 500-800 მმ-ია, აღმოსავლეთით უფრო ნაკლები და 100 მმ-მდე ეცემა. მდინარეთა ქსელს სეზონური წყალნაკადები ქმნის. დიდი წვიმების დროს მშრალი ხევები (ვადი) წყლით ივსება, ხოლო ზაფხულობით თითქმის მთლიანად შრება. მუდმივი მდინარეა იორდანი, რომელიც გამოედინება ტივერიადის ტბიდან და მკვდარ ზღვაში ჩაედინება. იორდანი ერთადერთი მდინარეა, რომელიც სასმელად და სარწყავად გამოიყენება. უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში ბევრია არტეზიული ჭა, ამიტომ იორდანიაში საკმაოდ განვითარებულია საირიგაციო მშენებლობა. მცენარეთა საფარს უმთავრესად ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს ხასიათი აქვს. იშვიათად გვხვდება ოაზისები, ტყე ცოტაა, ძირითადად დასავლეთ ნაწილში, გავრცელებულია ფინიკიური პალმა.

ისტორია იორდანიის თანამდროვე ტერიტორია ძველად დასახლებული იყო სემიტური ტომებით-ქანანელებით. ძვ.წ. მე-3-2 ათასწლეულებში ქვეყანას თავს ესხმოდნენ ფინიკიელები , ხეთები და სხვ. ხალხები. ძვ. წ. პირველ ათასწლეულში ამ ტერიტორიის ისტორიული ნაწილი შედიოდა ისრაელისა და იუდეველთა სამეფოების შემადგენლობაში. ძვ. წ. III ს. დასასრ.-II ს. დასაწყისში აქ არაბეთის ნახევარკუნძულიდან გამოსულმა ტომებმა შექმნეს ნაბატეველთა  სახელმწიფო, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით II საუკუნის დასაწყისში რომმა დაიპყრო. IV საუკუნეში იორდანიის ტერიტორია ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

VII  საუკუნის 30-იან წლებში ქვეყანა დაიპყრეს არაბებმა და არაბთა სახლიფოს შემადგენლობაში შევიდა. ამ პერიოდში გავრცელდა არაბული ენა და ისლამი. XI-XV საუკუნეებში იორდანიაში თურქ-სელჩუკები გაბატონდნენ, ჯვაროსნები და ეგვიპტის მამლუქები. X VI საუკუნის დასაწყისიდან 1918 წლამდე იორდანია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.  1918 წელს ქვეყანა დაიკავეს ინგლისელებმა და აჯანყებული არაბების სამხედრო შენაერთებმა. 1920 წლის აპრილის სან-რემოს კონფერენციაზე ინგლისმა პალესტინის (რომლის შემადგენლობაშიც იორდანია შედიოდა) მანდატი მიიღო.  1921 წლის მარტში მას ცალკე სამანდატო ტერიტორიად გამოეყო იორდანიის საამირო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ამირა აბდ ალ-ლაჰი (ჰაშიმიტთა საგვარეულო). მანდატის სახით საამიროში ინგლისს მიენიჭა მთელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება, სასამართლო სისტემის კონტროლის, საკუთარი ჯარის ნაწილების ყოლის და სხვ. უფლებები.  1923 წლის მაისში გამოცხადდა ტრანსიორდანიის საამირო დამოუკიდებლობა, 1925 წელს მას შეუერთდა მაანისა და აკაბის რეგიონები. 1928 წლის თებერვალში ინგლისმა ხელშეკრულება დადო ტრანსიორდანიასთან, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა მისი ბატონობა ქვეყანაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტრანსიორდანიის საამიროს ტერიტორია ინგლისის სამხედრო პლაცდარმს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთში.

1946 წლის მარტში დაიდო ახალი ხელშეკრულება ინგლისსა და ტრანსიორდანიას შორის, რომლის საფუძველზეც 1946 წლის 25 მაისს ტრანსიორდანია დამოუკიდებელ სამეფოდ გამოცხადდა. მეფე გახდა ამირა  ბდ ალ-ლაჰი. ქვეყანას ეწოდა იორდანიის ჰაშიმიტთა სამეფო. დამოუკიდებლობის მიუხედავად, ქვეყანაში ინგლისის ჯარები მაინც დარჩნენ.

1955 წელს ქვეყანა გაეროს წევრი გახდა.

1948 წლის  15 მარტს ინგლისსა და იორდანიას შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება. 1948-1949 წლებში იორდამნიამ 6 არაბულ ქვეყანასთან ერთად მონაწილეობა მიიღო პალესტინის ომში ისრაელის წინააღმდეგ. არაბული ქვეყნები დამარცხდნენ. იორდანიამ დაიკავა პალესტინის ცენტრალური რაიონები (მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპირო, ქალაქები: ნაბლუსი, ბეთლემი, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი). ეს ტერიტორიები 1950 წლის აპრილში ოფიციალურად შევიდა მის შემადგენლობაში . იორდანიის ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია პალესტინის ომმა.  ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იორდანიაში 500 ათასი ლტოლვილი გდავიდა, რამაც მკვეთრი სირთულეები გამოიწვია ეკონომიკასა და მრეწველობაში. 1951 წლის თებერვალში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იორდანიის დახმარებას. 1957 წელს დაიდო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ეკონომიკური და ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ.

1951 წელს ტერორისტული ორგანიზაციის წევრმა მეფე აბდ ალ-ლაჰი მოკლა. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ტალალი. იგი 1952 წლის აგვისტოში შეცვალა მისმა ძემ-ჰუსეინმა.  50-იანი წლების დასაწყისიდან იორდანიაში პოლიტიკური ცხოვრება გამოცოცხლდა. 1952 წლის იანვარში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა მთავრობის პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე. 1956 წლის არჩევნებში ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-სოციალისტური პარტიის ლიდერი ს. ნაბულსი. 1957 წლის იანვარში კაიროში ხელი მოაწერეს სოლიდარობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა სირიის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის მიერ იორდანიისათვის დახმარების გაწევას ყოველწლიურად. 1957 წლის თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა 1948 წლის ინგლის-იორდანიის ხელშეკრულება და დაიწყო თავისი ჯარების ქვეყნიდან გაყვანა, რაც 1958 წლის ნოემბერში დასრულდა.

1957 წლის აპრილში რეაქციულმა ჯარებმა გადააყენეს ნაბულსის მთავრობა და სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს. დააპატიმრეს მინისტრები, დეპუტატები, აიკრძალა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა.  60-იანი წლებიდან იორდანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები მოხდა.

1967 წლის ივნისში არაბული ქვეყნების წინააღმდეგ  აგრესიული მოქმედების შედეგად ისრაელის ჯარებმა დაიკავეს ქვეყნის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ნაწილი- მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო. მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირზე 300 ათასი ლტოლვილი გადავიდა.  60-70 წლებში იორდანიის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის (პგო) სამხედრო რაზმები. გამწვავდა შინაპოლიტიკური ვითარება, რაც შემდგომში გადაიზარდა შეტაკებებში პგო-სა და იორდანიის არმიას შორის. 1971 წლის ივლისში იორდანიის არმიამ მოახდინა პალესტინელთა სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია.  პგო-ის რაზმები სხვა არაბულ ქვეყნებში გადავიდნენ. ამაან განაპირობა ქვეყნის იზოლაცია არაბულ სამყაროში. 1972 წლის მარტში მეფე ჰუსეინმა წამოაყენა „გაერთიანებული არაბული სამეფოს“ შექმნის გეგმა, სადაც შედიოდა იორდანიის რეგიონი(მდ. იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირი), პალესტინის რეგიონი (მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი და იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი, მაგრამ ბევრმა არაბულმა სახელმწიფომ ეს გეგმა დაგმო.

1973 წელს მეფე ჰუსეინმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისაგან დიდი დახმარება ქვეყნის განვითარებისა და არმიის მოდერნიზაციისათვის.

1974 წლის ოქტომბერში რაბათში არაბული სახელმწიფოების მეთაურების თათბირზე მეფე  ჰუსეინმა სცნო პროპალესტინელი ხალხის ერთადერთ წარმმადგენლად. ამის შედეგად გაუმჯობესდა იორდანიის ურთიერთობა არაბულ ქვეყნებთან. იორდანიამ სცნო კემპ-დევიდში (აშშ) ეგვიპტე-ისრაელს შორის დადებული შეთანხმებები.

1991 წლის მადრიდის კონფერენციაზე იორდანიამ თანხმობა განაცხადა   სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას, რომელსაც აფინანსებენ შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი. სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელსა და იორდანიას შორის გაფორმდა 1994 წლის 26 ოქტომბერს. 1997 წელს, დაბომბვის საპასუხოდ სამაგიეროს გადახდის მიზნით, ისრაელის აგენტებმა კანადური პასპორტების გამოყენებით შეაღწიეს იორდანიაში და მოწამლეს ხალედ მაშალი, ჰამასის მაღალჩინოსანი ლიდერი, რომელიც ცხოვრობდა იორდანიაში. ინტენსიური საერთაშორისო ზეწოლის გავლენით ,ისრაელმა წარმოადგინა  საწამლავის ანტიდოტი და გაათავისუფლა ათობით პოლიტპატიმარი, მათ შორის შეიხ აჰმედ იასინი, მას შემდეგ რაც მეფე ჰუსეინი სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმებით დაიმუქრა.


1999 წლის 7 თებერვალს, ტახტზე ავიდა აბდულა II  მისი მამის ჰუსეინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. როდესაც ტახტზე ავიდა, აბდულამ წამოიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია,  მისმა რეფორმებმა გამოიწვია ეკონომიკური ბუმი, რომელიც გაგრძელდა 2008 წლამდე. აბდულა II მიანიჭა დიდი მნიშვნელობა უცხოური ინვესტიციების ზრდას, საზოგადოებრივ – კერძო პარტნიორობის გაუმჯობესებას,  თავისუფალი ვაჭრობის ზონის  შექმნას,  ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის აყვავებას. მან ასევე შექმნა ხუთი სხვა სპეციალური ეკონომიკური ზონა, თუმცა, მომდევნო წლებში იორდანიის ეკონომიკაში შეიქმნა სირთულეები, რაც გამოწვეული იყო დიდი რეცესიისა და არაბული გაზაფხულის მეორადი გავლენის შედეგებით.


2005 წლის 9 ნოემბერს ალ-ქაიდამ, აბუ მუსაბ ალ-ზარქავის მეთაურობით, მოახდინა ბომბების კორდინაციული აფეთქებები ამანის სამი სასტუმროს რის შედეგადაც 60 ადამიანი დაიღუპა და 115 -დაშავდა. სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულმა აფეთქებებმა იორდანელებში მასიური აღშფოთება გამოიწვია. თავდასხმა ქვეყანაში იშვიათ მოვლენად ითვლება და მას შემდეგ იორდანიის შიდა უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მას შემდეგ არანაირი ტერორისტული თავდასხმა არ მომხდარა. ისლამისტი  ექსტრემისტები მეფე აბდულას მიმართ გამოხატავენ  ანტიპატიას  იორდანისმიერ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების და დასავლეთთან ურთიერთობის გამო.


„არაბულმა გაზაფხულმა“ , რომელიც არაბულ სამყაროში 2011 წელს აღმოცენდა, გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები. მოითხოვდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. ამ პროტესტების შედეგად ბევრ არაბულ ქვეყანაში არსებული რეჟიმები  დამარცხდა,რამაც გამოიწვია არასტაბილურობა და დასრულდა ძალადობრივი სამოქალაქო ომებით. იორდანიაში, შიდა არეულობის საპასუხოდ, აბდულამ შეცვალა პრემიერ-მინისტრი და განახორციელა რეფორმების მთელი რიგი, მათ შორის, კონსტიტუციის რეფორმა და  მიიღო საზოგადოებრივი თავისუფლებების და არჩევნების მარეგულირებელი კანონები. პროპორციული წარმომადგენლობა დაუბრუნდა იორდანიის პარლამენტს.

იორდანიას უმეტესწილად არ შეეხო რეგიონში არსებული ძალადობა მიუხედავად 1.4 მილიონი სირიელი ლტოლვილის შესვლისა და  ბუნებრივი რესურსების  დეფიციტისა , ასევე ერაყის ისლამური სახელმწიფოს და ლევანტის (ISIL) შექმნისა.

ტურიზმი  იორდანიის სამეფოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია: იგი მშპ-ს 10% -ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2017 წელს იორდანიაში 1,1 მილიონი ვიზიტორი დარეგისტრირდა უცხოელი ტურისტების სახით.  ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს თანახმად, იორდანიაში მდებარეობს 100 000 არქეოლოგიური და ტურისტული ადგილი. მათგან ზოგიერთი საკმაოდ  ძალიან კარგადაა შემონახული. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია ისტორიული  ქალაქები: კლდეში ნაკვეთი  პეტრა, რომელიც წარმოადგენს იორდანიის სამეფოს სიმბოლოს და ჯერაში. იორდანია არის წმინდა მიწის ნაწილი და აქვს მრავალი ბიბლიური ღირსშესანიშნაობა, რომლებიც ყოველწლიურად იზიდავს უამრავ მომლოცველს.  ბიბლიური ადგილებია: ალ-მაგთასი -ტრადიციული ადგილი იესოს ნათლობისა, მთა ნებო, უმ არ-რასასი, მადაბა და მაქაერუსი. ტურისტებში აგრეთვე პოპულარობით სარგებლობს მუსლიმთა სალოცავები.


მნახველთა თითქმის მეოთხედი სამკურნალო მიზნებით  ჩადის. საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის (International Trade Association), სტატისტიკის თანახმად, სამედიცინო ტურიზმის განვითარებით იორდანია მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. სამედიცინო სექტორს ქვეყანისათვის ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარი მოაქვს, რაც იორდანიის მშპ 3.5% -ს შეადგენს. წელიწადში საზღვარგარეთიდან ყოველწლიურად 250 000 პაციენტი ჩადის იორდანიაში, მთავრობა კი გეგმავს ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას მომდევნო წლებისათვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

ლიტერატურა:

- საზღვარგარეთის აზიის ქვეყნები/გეოგრაფიული, პოლიტიკური ცნობარი. იორდანია, გვ.96., თბილისი, 1978.

- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია., ტომი 6., იორდანია-გვ. 199., თბილისი, 1980.