იოანე XXIII (ბალთაზარ დელა კოსა) (დ. 137021 დეკემბერი 1418) — რომის პაპი 1410—1415 წლებში, რომლის დროსაც მოხდა დიდი განხეთქილება. მიუხედავად ამისა კათოლიკური სამყარო მას ანტიპაპად მიიჩნევს და არ აღიარებს მის კანონიერებას. ბალთაზარ კოსას შემდეგ იოანეს სახელი ხუთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არცერთ პაპს არ უტარებია, რაც გამოწვეული იყო მისი სისასტიკით და ცუდი სახელით. 540 წლის შემდეგ, ვენეციის პატრიარქმა ანჯელო რონკალიმ, 1958 წელს, მიიღო იოანე XXIII-ის სახელი იმის დასამტკიცებლად, რომ ბალთაზარ კოსა, როგორც პაპი არ არსებობდა.

იოანე XXIII (ბალთაზარ კოსა)

ბიოგრაფია რედაქტირება

ბალთაზარ კოსა დაიბადა ნეაპოლის სამეფოში გაღატაკებულ დიდგვაროვანთა ოჯახში. ის თავდაპირველად გაჰყვა სამხედრო კარიერას. მის ორ ძმას კი სიკვდილი ჰქონდა მისჯილი მეკობრეობის გამო.

ბალთაზარი სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე და მიაღწია დოქტორის ხარისხის მიღებასაც კი. 1392 წელს ის შევიდა ბონიფაციუს IX-ის სამსახურში, ჯერ ბოლონიაში, შემდეგ კი რომში. ჯერ კიდევ ერისკაცი, 1402 წელს გახდა კარდინალი, ხოლო 1403 წელს პაპის წარმომადგენელი ფორლიში. ამავე დროს, კოსას კავშირები ჰქონდა ადგილობრივ ყაჩაღურ ბანდებთან, რაც მის მტრებს ძალიან აშინებდა. სწორედ ამ კავშირებმა მოუტანა მას გავლენა და ძალაუფლება რეგიონში.

ბალთაზარ კოსა იყო ერთ-ერთი იმ შვიდი კარდინალიდან, რომელთაც მიატოვეს პაპი გრიგოლ XII, და შემდგომ, ანტიპაპი ბენედიქტე XIII ავინიონიდან და 1408 წლის მაისში მოაწყვეს პიზის კონკლავი, სადაც კოსა არჩეულ იქნა კრების ხელმძღვანელად. კონკლავის მიზანი იყო ბოლო მოეღოთ დიდი განხეთქილებისათვის, ამიტომაც გადააყენეს პაპი გრიგოლ XII და ანტიპაპი ბენედიქტე XIII, ხოლო 1409 წელს ახალი პაპი გახდა ალექსანდრე V. არც გრიგოლ XII-მ და არც ბენედიქტე XIII-მ არ მოახდინა რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე და ამიტომაც, უკვე არა თუ ორი, არამედ სამი პაპი მართავდა კათოლიკურ სამყაროს.

მალე ალექსანდრე V გარდაიცვალა; 1410 წლის 25 მაისს კოსა ეკურთხა ახალ პაპად და მიიღო სახელი იოანე XXIII. ხოლო სასულიერო წოდება მას კურთხევამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე მიენიჭა. იოანე კანონიერ პაპად სცნო საფრანგეთმა, ინგლისმა, ბოჰემიამ, პრუსიამ, პორტუგალიამ, საღვთო რომის იმპერიის ნაწილმა, უამრავმა იტალიურმა ქალაქმა, ფლორენციისა და ვენეციის ჩათვლით. თუმცა, ავინიონის პაპი ბენედიქტე XIII ნამდვილ პაპად აღიარა არაგონის სამეფომ, კასტილიამ, სიცილიამ და შოტლანდიამ; ხოლო გრიგოლ XII-ს მხარი დაუჭირა ლადისლაო ნეაპოლელმა, კარლო მალატესტამ, ბავარიამ, პოლონეთმა და გერმანიის ნაწილმა. კოსას მხარი დაუჭირა მედიჩებმა რაც მნიშვნელოვანი წარმატება იყო მისთვის.

იოანე აწარმოებდა ინდულიგენციებით ვაჭრობას, რასაც ევროპის სხვადასხვა ნაწილში დიდი პროტესტი მოჰყვა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნაწილი იყო პრაღა, სადაც ხელმძღვანელი იყო იან ჰუსი.

ფლორენციაში კოსა შეხვდა სიგიზმუნდ I-ს, რომელსაც ამბიცია ჰქონდა გამხდარიყო საღვთო რომის იმპერატორი. სიზიგმუნდს სურდა დაესრულებინა დიდი განხეთქილება და ამიტომ აიძულა იოანე მოეწვია კონკლავი. 1413 წლის 30 ოქტომბერს მოწვეულ იქნა კონსტანცის საეკლესიო კრება. კრებამ ბოლო მოუღო განხეთქილებას, გადაყენა პაპის ტახტის მოცილე სამივე პაპი (გრიგოლ XII, იოანე XXIII, ბენედიქტე XIII), და 1417 წელს პაპად აირჩია მარტინ V. გამოცხადდა საეკლესიო კრების რეგულარულად მოწვევის აუცილებლობა, პაპებზე მსოფლიო საეკლესიო კრების ზემდგომობის პრინციპი (ეს გადაწყვეტილებები ცხოვრებაში არ გატარებულა). კონსტანცის საეკლესიო კრებამ დაგმო ჯონ უიკლიფისა და იან ჰუსის მოძღვრება. იან ჰუსი იმპერატორ სიგიზმუნდის დაცვის სიგელის მიუხედავად, 1415 წლის 6 ივლისს კონსტანცში კოცონზე დაწვეს.

თავად კოსა დაპატიმრებულ იქნა და პატიმრობის პერიოდი გერმანიაში გაატარა. 1418 წელს, მედიჩების მიერ გადახდილი დიდი გამოსასყიდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. კოსა დაბრუნდა ფლორენციაში და რამდენიმე თვეში, 1418 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Walter Brandmüller: Infeliciter electus fuit in Papam. Zur Wahl Johannes’ XXIII. In: Dieter Berg, Hans-Werner Goetz (Hrsg.): Ecclesia et Regnum. Beiträge zur Geschichte von Kirche, Recht und Staat im Mittelalter. Festschrift für Franz-Josef Schmale zu seinem 65. Geburtstag. Winkler-Verlag, Bochum 1998, ISBN 978-3-924517-24-3, S. 309–322.
  • Walter Brandmüller: Johannes XXIII. im Urteil der Geschichte - oder die Macht des Klischees. In: Annuarium Historiae Conciliorum. Bd. 32, 2000, ISSN 0003-5157, S. 106–145.
  • Thomas Martin Buck: Text, Bild, Geschichte. Papst Johannes XXIII. wird auf dem Arlberg umgeworfen. In: Annuarium Historiae Conciliorum. Bd. 30, 1998, S. 37–110.
  • Michael Oberweis: Der gefangene Papst Johannes – Mannheims Beitrag zur Beendigung des großen Abendländischen Schismas. In: Ulrich Nieß, Michael Oberweis: Ein rebellisches Dorf und ein gefangener Papst. Mannheim vor der Stadtgründung. 2. verbesserte Auflage. Stadtarchiv Mannheim, Mannheim 2005, ISBN 3-926260-66-1 (Kleine Schriften des Stadtarchivs Mannheim 21).
  • Lothar Waldmüller, Materialien zur Geschichte Johannes'XXIII. (1410–1414), in: Annuarium Historiae Conciliorum (AHC), Band 7, 1975, (= Festgabe Hubert Jedin zum 75. Geburtstag, Band 1) Seite 229-237

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება