იოანა ტარანტოელი (დ. 1297 — გ. მარტი, 1323) — ანჟუელთა დინასტიის წარმომადგენელი. ტარანტოს პრინც ფილიპე I-ისა და თამარ ანგელინა კომნენას ასული. სომხეთის დედოფალი 1316-1320 წლებში, როგორც მეფე ოშინის მესამე ცოლი. სომხეთის დედოფალ მარია კორიკოსელის დედა.

იოანა ტარანტოელი

იოანას გერბი
სომხეთის დედოფალი
მმართ. წლები: 1316-1320
წინამორბედი: იზაბელ დე ლუზინიანი
მემკვიდრე: ალისა კორიკოსელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1297
გარდ. თარიღი: მარტი, 1323, (25-26 წლის)
მეუღლე: ოშინი, სომხეთის მეფე
(ქ. 1316 - გარდ. 1320)
ოშინ კორიკოსელი
(ქ. 1320)
შვილები: მარია, სომხეთის დედოფალი
დინასტია: ანჟუელები
მამა: ფილიპე I, ტარანტოს პრინცი
დედა: თამარ ანგელინა კომნენა

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

იოანა დაიბადა 1297 წელს. იგი იყო ტარანტოს პრინც ფილიპე I-ისა და მისი ცოლის, პრინცესა თამარ ანგელინა კომნენას ასული[1]. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ნეაპოლის მეფე კარლო II და დედოფალი მარია უნგრელი იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ეპირის დესპოტი ნიკიფორე I კომნენოს დუკასი და ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VIII-ის ძმისწული ანა პალეოლოგინა კანტაკუზენე.

იოანას მშობლებს არ ჰქონიათ კარგი ურთიერთობა, რამეთუ ფილიპე ეჭვობდა, რომ თამარი თავისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა იმ ორწლიანი კონფლიქტისას, რომელიც ანჟუსა და ეპირის ოჯახებს შორის იყო ჩამოვარდნილი. ამის გამო, საბოლოოდ ფილიპემ განქორწინება გადაწყვიტა და 1309 წელს მრუშობაში დასდო ბრალი. თამარი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ სქესობრივი კავშირი ჰქონდა სამეფო კარის ორმოცამდე წარჩინებულ მამაკაცთან. ამის შემდეგ იგი განდევნილ იქნა სამეფო კარიდან, რის შემდეგაც შვილები აღარ უნახავს. იგი ან მონაზვნად აღიკვეცა, ან დააპატიმრეს. ორივე შემთხვევაში, იგი 1311 წელს გარდაიცვალა.

დედის გარდაცვალების შემდეგ იოანას ახალი დედინაცვალი მოევლინა. 1313 წელს ფილიპემ ცოლად შეირთო ლათინთა კონსტანტინოპოლის იმპერატრიცა კატრინ დე ვალუა, საფრანგეთის მეფე ფილიპე VI-ის ნახევარ-და. ამის შემდეგ იოანას კიდევ ხუთი ნახევარ-და-ძმა შეეძინა.

დედოფლობა რედაქტირება

 
იოანას პირველი ქმარი, მეფე ოშინი

1316 წლის თებერვალში იოანა ცოლად შერთეს სომხეთის მეფე ოშინს[2]. დედოფალი იოანა ოშინისათვის უკვე მესამე ცოლი იყო და პირველი ცოლისაგან უკვე ჰყავდა ძე, მომავალი მეფე ლევონ V. ქორწინების შემდეგ იოანას სომხებმა ეირენე უწოდეს. მათი ქორწინება მხოლოდ ოთხ წელს გაგრძელდა.

1320 წლის 20 ივლისს ოშინი აღესრულა და მეფე ლევონი ავიდა ტახტზე. ივარაუდება, რომ მეფე ოშინი მოწამლეს.

ვინაიდან მეფე ლევონი მცირეწლოვანი იყო, მისი რეგენტი ოშინის ბიძაშვილი, ოშინ კორიკოსელი გახდა. მას სურდა, რომ თავისი ოჯახი და საგვარეულო უფრო დაცული გაეხადა, ამიტომაც შესაბამისი ზომები მიიღო. იმავე წელს მან აიძულა დედოფალი იოანა, რომ ცოლად გაჰყოლოდა. ამასთან, ოშინმა თავისი ქალიშვილი ალისა ცოლად მეფე ლევონს შერთო. ასევე ოშინ კორიკოსელის სახელს მიეწერება მეფე ოშინის დის, ზაბელ ჰეთუმიანისა და მისი ორი ვაჟის სიკვდილი, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ სომხეთის ტახტზე.

1323 წლის მარტში დედოფალი იოანა გარდაიცვალა. ექვს წელიწადში მეფე ლევონი სრულწლოვანი გახდა, ერთპიროვნული მმართველობა დაიწყო და შური იძია. მეფის ბრძანებით მოკლეს რეგენტი ოშინი, თავისი ცოლის-ძმა, კონსტანდინი და საკუთარი ცოლი, დედოფალი ალისაც კი.

შვილები რედაქტირება

პირველი ქმრისგან შეეძინა ერთი ვაჟი:

  1. გრიგოლი (1317-1323), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

მეორე ქმრისგან შეეძინა ერთი გოგონა:

  1. მარია (1321-1405), პირველად დაქორწინდა სომხეთის მეფე კონსტანდინ III-ზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კონსტანდინ IV-ზე;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Nicol, Donald M. (1984). The Despotate of Epiros 1267-1479: A Contribution to the History of Greece in the Middle Ages. Cambridge University Press. ISBN 9780521261906.
  • Charles Cawley, Armenia - Chapter 3. KINGS of ARMENIA (CILICIAN ARMENIA) (FAMILY of HETHUM) - A. KINGS of ARMENIA 1226-1341, su fmg.ac, Foundation for Medieval Genealogy, luglio 2006.

სქოლიო რედაქტირება

  1. Nicol 1984, p. 257.
  2. Nicol 1984, p. 257.