იზაბელა გონძაგა (იტალ. Isabella Gonzaga; დ. 1576 — გ. 1627) — გონძაგას დინასტიის წარმომადგენელი. მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგინია 1626-1627 წლებში როგორც ვინჩენცო II-ის მეუღლე.

იზაბელა გონძაგა
მანტუისა და მონფერატის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 29 ოქტომბერი, 1626
მმართ. დასასრული: 1627
წინამორბედი: კატერინა მედიჩი
მემკვიდრე: იზაბელა კლარა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1576
გარდ. თარიღი: 1627
მეუღლე: ფერანტე გონძაგა, სან-მარტინოს სენიორი
ვინჩენცო II, მანტუის ჰერცოგი
დინასტია: გონძაგები
მამა: ალფონსო I გონძაგა, ნოველარას გრაფი
დედა: ვიტორია დი კაპუა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

იზაბელა დაიბადა 1576 წელს. იგი იყო ნოველარას გრაფ ალფონსო I-ისა და მისი მეუღლის, ვიტორია დი კაპუას მერვე შვილი ცამეტიდან. მიუხედავად იმისა, რომ გონძაგები მანტუას მართავდნენ, იზაბელას ოჯახი ნეაპოლში ცხოვრობდა, სადაც ისინი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და დიდი ძალაუფლების მქონე ოჯახად მიიჩნეოდნენ. იზაბელას მამა და მისი წინაპრები საკუთრივ ნოველარას გარდა განაგებდნენ ბანიოლოს, კოსტანცასა და კორეჯოს, ხოლო იზაბელას დედის ოჯახი კაპუას, ფრანკოლიზეს, კოლონასა და ძაგაროლოს მართავდნენ.

1594 წელს იზაბელა მიათხოვეს მიისავე ბიძაშვილ ფერანტე გონძაგას, სან-მარტინოს სენიორს. ერთგული სამსახურისათვის ფერანტემ ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისაგან მწავალი წოდება და ესპანური არმიის გენერლობა მიიღო. მასა და იზაბელას სულ შვიდი შვილი შეეძინათ:

  1. სციპიონე (1595-1670), მამის მემკვიდრე, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ალფონსო (1596-1669), პომაროს მარკიზი;
  3. კარლო (1597-1637), ბოცოლოს გუბერნატორი;
  4. ლუიჯი (1599-1660), ავსტრიის საიმპერატორო არმიის გენერალი. ცოლად შეირთო პრინცესა იზაბელა ფრანჩესკა დე ლინიე;
  5. კამილო (1600-1658), ვენეციური არმიის გენერალი, მანტუის არმიის კომანდირი, მონფერატოს გუბერნატორი და ვენეციური არმიის ხელმძღვანელი დალმაციაში;
  6. იზაბელა (1601-?), მონაზონი;
  7. ანიბალე (1602-1668), ჯავარინოს გუბერნატორი. პირველად იქორწინა ჰედვიგ მარია საქსენ-ლაუენბურგელზე, მეორედ კი ცოლად შეირთო ბარბარა ჩაკი დე კოეროშეგი;

1605 წელს იზაბელას მეუღლე გარდაიცვალა, რის შემდეგაც მთელი მისი მემკვიდრეობა მათ პირველ ვაჟზე, სციპიონე გონძაგაზე გადავიდა.

1615 წელს იზაბელა პირველად შეხვდა თავის მომავალ ქმარს, კარდინალ ვინჩენცო გონძაგას, რომელიც იმ ხანად მანტუის ჰერცოგ ფერდინანდო გონძაგას უმცროსი ძმა იყო. ჰერცოგი ფედერიკო უშვილო კაცი იყო და არც ცოლის შერთვას გეგმავდა და ვინაიდან მათი უფროსი ძმა, ჰერცოგი ფრანჩესკო IV გონძაგაც უშვილოდ აღესრულა, გვარის გაგრძელება, ფაქტობრივად ვინჩენცოს ევალებოდა, რომელმაც იზაბელასთან შეხვედრის შემდეგ მალევე მიატოვა სასულიერო ცხოვრება. 1616 წლის აგვისტოში ვინჩენცომ საიდუმლოდ დაიწერა ჯვარი იზაბელაზე. აღსანიშნავია, რომ პაპმა პავლე V-მ მას ქორწინებიდან ერთ თვეში, 5 სექტემბერს ჩამოართვა სასულიერო წოდება.

მიუხედავად იმისა, რომ იზაბელას პირველ ქმართან შვიდი შვილი ჰყავდა და ქვრივობის პერიოდში მერვე უკანონო ბავშვიც გააჩინა საყვარლისგან, ვინჩენცოსგან ერთხელაც ვერ დაფეხმძიმდა, რის გამოც მანტუის მემკვიდრის კრიზისი გადაუჭრელი დარჩა. 1626 წლის 29 ოქტომბერს მისი მაზლი, ფერდინანდო გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი ვინჩენცო II-მ დაიკავა, იზაბელა კი მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგინია გახდა, თუმცა ერთობ მცირე ხნით. იგი ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, 1627 წელს გარდაიცვალა. ამავე წლის დეკემბერში აღესრულა ვინჩენცოც, რითაც შეწყდა გონძაგას დინასტიის ძირითადი შტო, რასაც მოჰყვა ომი მანტუის მემკვიდრეობისათვის, რომელიც მხოლოდ 1631 წელს დასრულდა ნევერის ჰერცოგ კარლო I გონძაგას გამარჯვებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Adelaide Murgia, I Gonzaga, Milano, Mondadori, 1972. ISBN non esistente
  • Ferrante Aporti, Memorie storiche riguardanti San Martino dall'Argine, Mantova, 2004. ISBN 88-88499-22-9.
  • Kate Simon, I Gonzaga, storia e segreti, Roma. Newton Compton Editori, 2004. ISBN 88-8289-573-4