ივანე როსტომაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ როსტომაშვილი.

ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1852, კურდღელაური, თელავის მაზრა — გ. 24 აგვისტო, 1924, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, ჟურნალისტი, მწიგნობარი, ენციკლოპედისტი.

ბიოგრაფია რედაქტირება

პირველდაწყებითი განათლება თელავში მიიღო, შემდეგ დაამთავრა დედოფლისწყაროში არსებული სამხედრო სკოლა. სასწავლებელში გამეფებულმა რეჟიმმა, ქართული ენის აშკარა დევნამ და ყაზარმულმა წესმებმა, სამხედრო კარიერის სურვილი დაუკარგა ახალგაზრდა კურსდამთავრებულს და 1870 წელს შევიდა თბილისის საოსტატო სემინარიაში, რომელიც შემდეგ ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუატდ გადაკეთდა. სწორედ ეს ინსტიტუტი დაამთავრა 1874 წელს და საინგილოში დაინიშნა მასწავლებლად. საინგილოსა და თელავში გახსნა საკვირაო კურსები მოზრდილთათვის, რომელთაც უფასოდ ასწავლიდა წერა-კითხვას; ახალქალაქში, ფოტოაპარატით ხელში აფიქსირებდა გაქრობის პირას მისულ ძეგლებს. ეს მასალა მან გამოსცა ჯერ რუსულად, შემდეგ ქართულად. ამ გამოცემებმა ფართო საზოგადოების და მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილისა და მოსე ჯანაშვილის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამასთან არც პედაგოგიური მოღვაწეობა მიუტოვებია. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში.

იმყოფებოდა ციმბირის ციხეში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. მიიწვიეს ახალქალაქში მიიწვიეს და ახლადგახსნილ გიმნაზიაში პირველი დირექტორობა შესთავაზეს. აქ მან სამი წელი დაჰყო. შემდეგ ცოტა ხნით კახეთშიც იყო და ბოლოს თბილისში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი რწმუნებული შორეულ აღმოსავლეთსა და იაპონიაში. 1920 წლის დეკემბერში მონაწილეობდა ტრპიზონში გაგზავნილ დიპლომატიურ მისიაში, სადაც მოინახულა სოლომონ II-ის საფლავი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. საფლავის ქვა გამოკვეთილია იაკობ ნიკოლაძის მიერ.

ნაშრომები რედაქტირება

როსტომაშვილმა გამოსცა „არითმეტიკული ამოცანები სახალხო სკოლებისათვის და მშობლებისათვის“, „შინაური საქონელი და მისი გონიერი მოვლა-მოშენება“, „ახალი მიმართულება სამკურნალო მეცნიერებაში“, მშვენიერი ალბომი „ქართველთა ტომი“, „ქართული კალენდარი“, „რისგან სნეულდებიან და იხოცებიან ჩვენი ბავშვები“ და სხვა. ტყუილად როდი უწოდა ილიამ როსტომაშვილს „ჩვენი ფუტკარი“. მას ეკუთვნის ენციკლოპედიის გამოცემის პირველი ცდები. მანვე შეადგინა და გამოსცა ქართული ენციკლოპედიის რამდენიმე ნაკვეთი, თარგმანები და მისივე წინასიტყვაობით გამოჩენილ მეცნიერთა და პედაგოგთა თხზულებანი. ივანე როსტომაშვილს ეკუთვნის ასევე პირველი სახელმძღვანელოები პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, რომლის შესავალი წერილის ავტორია აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 334.
  • შარაძე გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ.IV — თბილისი, 2003
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 314, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება