ივანე ნიკურაძე (დ. 20 ნოემბერი, 1894, სამტრედია — გ. 18 ივლისი, 1979, გიოტინგენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა რკინიგზის დეპოს უფროსის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1917 წელს. 1918 სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის, რეკომენდაციითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური თანადგომით, თავის უმცროს ძმასთან, ალექსანდრე ნიკურაძესთან, ერთად, გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად 1919. ცხოვრობდა გიოტინგენში. იყო თანამედროვე ჰიდროდინამიკისა და აეროდინამიკის ფუძემდებლის, ლუდვიგ პრანდტლის, გამორჩეული მოწაფე.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქიმიის სპეციალობით 1923 წელს. მუშაობდა კაიზერ ვილჰელმის (ამჟამად — მაქს პლანკის) სახელობის ჰიდრავლიკურ კვლევათა და დინამიკის ინსტიტუტში, სადაც მოგვიანებით ხელმძღვანელობდა განყოფილებას (1934 წლამდე). ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში (ზოგჯერ თავისი ძმის, ალექსანდრე ნიკურაძის, თანაავტორობით). შექმნა სახელმძღვანელო ჰიდრომექანიკაში, გამოიკვლია სითხის ლამინარული და ტურბულენტური დინება, რეინოლდსის რიცხვის დიდი მნიშვნელობისათვის მიიღო ჰიდროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტის ემპირიული ფორმულა, რომელსაც მისი სახელი მიანიჭეს. მისი სახელი ასევე ეწოდება დიაგრამებსა და მრუდეებს, რომლებიც ჰიდრავლიკაში გამოიყენება. პროფესორად მოღვაწეობდა ჯერ ბრესლაუს უნივერსიტეტში (1945 წლამდე), ხოლო შემდეგ აახენის უნივერსიტეტში. მისი არქივი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 302-303.