იბერიის მთები (ესპ. Cordillera Iberica; Sistema Ibérico) — მთათა სისტემა პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ესპანეთში, მესეტის ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდესთან. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 440 კმ-ზე. სიმაღლე 2313 მ (მთა მონკაიო). იბერიის მთები დიდი მდინარეების ტახოსა და ებროს წყალგამყოფია. სიერა-დე-გუდარზე ინტენსიურად არის განვითარებული კარსტი.[1]

იბერიის მთები
მონკაიოს მასივი
მონკაიოს მასივი
კოორდინატები: 41°44′45″ ჩ. გ. 01°46′53″ ა. გ. / 41.74583° ჩ. გ. 1.78139° ა. გ. / 41.74583; 1.78139
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტერიტორიული ერთეული კასტილია-ლა მანჩა
არაგონი
კასტილია და ლეონი
ლა-რიოხა
უმაღლესი წერტილი მონკაიო
სიმაღლე 2313 
სიგრძე 440 კმ
იბერიის მთები — ესპანეთი
იბერიის მთები

წარმოადგენს ნაოჭა-ლოდა მასივების სისტემას. აგებულია მეზოზოური კირქვებით, ქვიშაქვებითა და კვარციტებით. მის საფუძველში ჩაწოლილია ჰერცინული სტრუქტურის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული სწორი ანტიკლინური და სინკლინური ნაოჭები. ხალონის ხეობით იყოფა შედარებით მაღალ (ჩრდილოეთ-დასავლეთ) და დაბალ (სამხრეთ-აღმოსავლეთ) მასივებად.[2]

აღსანიშნავია ქედები: სიერა-დე-ლა-დემანდა, სიერა-დელ-ტორო, სიერა-დელ-მონკაიო, სიერა-დე-გუდარი, სიერა-დე-ხავალამბრე და სხვა. მთავარი მწვერვალების სიმაღლით იბერიის მთები ჩამორჩებიან ესპანეთის სხვა მთავარ ქედებს, მაგრამ ჭარბობენ მათ სიგანითა და ამოწევის საერთო დიდი ფართობით. ამასთან დაკავშირებით, მთები ქმნიან ძნელად გასასვლელ დაბრკოლებას ესპანეთის ცენტრალურ ოლქებსა და მის ჩრდილო-აღმოსავლეთს შორის. მთების ტექტონიკა შედარებით, უბრალოა, იურის ტიპისაა და შედგება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გამავალი ანტიკლინური და სინკლინური ზონებისა და, ამასთანავე, პარალელური ქედებისაგან.[3]

ტექტონიკური სტრუქტურის ორიგინალობა მდგომარეობს მასში, რომ მესამეული ნაოჭები შეერთებული არიან ჰერცინულთან და მათ თანაბარი გავრცელება აქვთ. ანტიკლინურ ქედებში პალეოზოური ქანები გამოდიან და მეტად მაღალ მასივებს ქმნიან; სინკლინური დადაბლებული ზონები მეზოზოური და მესამეული ქანებისგანაა აგებული. რელიეფის ნაოჭა ფორმები გართულებულია ნასხლეტებით, ადგილობრივი შეცოცებით და გადარეცხვითი მოქმედებით.[3]

ღარიბია მცენარეული საფარი. ხარობს ხმელთაშუა ზღვის ბუჩქოვანი მცენარეულობა. ჩრდილო-დასავლეთში წიწვოვანი და მუხის ტყეებია. არის რკინის მადნის საბადო.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. იბერიის მთები — დიდი რუსული ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-01. ციტირების თარიღი: 2021-04-24.
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 69.
  3. 3.0 3.1 დობრინინი ბ. დასავლეთი ევროპის ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქ.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 183-200 თბ. 1953.