იარდანგი, იარანგი — წაგრძელებული ვიწრო სერები, წვეტიანი თხემითა და ციცაბო ასიმეტირული კალთებით.[1]

იშვიათი იარდანგი, დაშთე-ლუთი
იარდანგი მარსზე

წარმოიქმნება გაბატონებული ძლიერი ქარების მიმართულებით ქვიშიან და თიხიან, ტბიურ, იშვიათად ალუვიურ ნაფენებში, უმეტესწილად, არიდული კლიმატის რაიონებში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნო ტერიტორიებზე, რომელსაც ქმნის სწორხაზოვნად გამოქარული დერეფნები და მათ შორის არსებული ტიხრები.[1]

უმეტესწილად აგებულია წვრილნატეხოვანი შემჭიდროებული ტბიური და ალუვიური ნალექებით. სიგრძე რამდენიმე ათეული მ-იდან რამდენიმე კმ-მდეა, სიგანე რამდენიმე მ-ს აღწევს, ხოლო სიმაღლე ჩვეულებრივ 5 მ-ს.[1]

წარმოადგენს ვიწრო პარალელურ, ქარის მიმართულებით გადაჭიმულ დეფლაციურ, რელიეფის დადებით ეოლურ ფორმებს. აქვს ასიმეტრიული ციცაბო კალთები, რომელსაც ნაოჭები გასდევს. ძირითადად თიხიან ნიადაგზე ვითარდება.[1]

სიგრძე რამდენიმეჯერ სჭარბობს სიგანეს. სიმაღლე რამდენიმე მეტრს აღწევს. იარდანგი გამოქარვისა და კოროზიის ნაოჭია, რომლის ჩაჭრის სიღრმე რამდენიმე სმ-იდან რამდენიმე მ-მდეა. დამახასიათებელია ძირითადად ცენტრალური აზიის უდაბნოებისათვის.[2] გვხვდება აგრეთვე ტიბესტის პლატოსა და აშშ-ში, არიზონაში, ფინიქსისა და უინდიუ-როკის გასწვრივ.[3]

იარდანგების გავრცელების კლასიკური მაგალითია ლობნორის ტბის ჩრდილოეთი ნაწილის დამშრალი ფსკერი, სადაც დერეფნების სიღრმე 10-12 მ-ია, ტიხრების სიგანე რამდენიმე ათეული მ, ხოლო სიგრძე კი 10 კმ-მდეა.[4]

ტერმინი თურქული წარმოშობისაა (თურქ. Yardang) და იხმარება ცენტრალური აზიის უდაბნოების რელიეფის აღსანიშნავად.[1]

კოსმოსური აპარატის — Mars Global Surveyor-ის მიღებული გამოსახულებების შემდეგ, დადასტურდა მათი არსებობა პლანეტა მარსზეც.[5] განსაკუთრებით ისინი თავმოყრილია მედუზების ღარის ფორმაციაში.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.
  2. Ярданги // Геологическая энциклопедия (რუსული)
  3. Andrew Goudie, Encyclopedia of Geomorphology: Volume 1: A–I. Routledge, 2004 - 578 pages
  4. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  5. იარდანგი მარსზე (რუსული)
  6. Yardangs on Mars: evidence of recent wind erosion