სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თრიალეთი.

თრიალეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ქვემო ქართლში. მოიცავდა მდინარე ქციის ზემო წელსა და შავწყაროსწყლის ხეობებს. ესაზღვრებოდა ჯავახეთს, თორს, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლს. თრიალელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი დღეს აღარ არსებობს.

თრიალეთი
კუთხის ცენტრი წალკა
ქვეყანა საქართველო
რეგიონი ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი 2
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ისტორია რედაქტირება

წყაროებში პირველად მოიხსენიება I საუკუნეში რომაელ ავტორ პლინიუს უფროსთან. ნახსენები აქვს ისტორიკოს ჯუანშერს მეფე არჩილის დროს.

თავდაპირველად შედიოდა სამშვილდის საერისთავოში, ემორჩილებოდა ქართლის პიტიახშს. IX საუკუნეში გვარამ მამფალმა წაართვა ქვემო ქართლში გაბატონებულ არაბებს და შექმნა ე.წ. სამამფლო. IX საუკუნის 70-იან წლებში არგვეთელმა აზნაურმა ლიპარიტ ბაღვაშმა შიდა ქართლში მიმავალ სტრაეგიული მნიშვნელობის გზაზე ააგო კლდეკარის ციხესიმაგრე და თრიალეთში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების გაერთიანებით შექმნა კლდეკარის საერისთავო. საერისთავოს საზღვრები პერიოდულად იცვლებოდა. დავით აღმაშენებელმა ბაღვაშების სახლის დამარცხების შემდეგ თრიალეთის სამეფო დომენად აქცია, მისი ცენტრი კი წალკა გახდა. XIII-XV საუკუნეებში მონღოლებისა და თემურ-ლენგის შემოსევების დროს დაიწყო თრიალეთის დაცლა მოსახლეობისგან. XVI საუკუნეში შედიოდა ქართლის სამეფოს მეწინავე სადროშოში.

XVIII საუკუნის ძეგლის, „დასტურლამალის“ მიხედვით თრიალეთში 17 სოფელი იყო. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მთლიანად დაიცალა მოსახლეობისაგან. იოანე ბატონიშვილს 68 სოფელი აქვს მოხსენიებული, თუმცა ყველა უკვე ნასოფლარად იყო ქცეული. XIX საუკუნის დასაწყისისთვის თრიალეთი თითქმის გაუკაცრიელებული იყო. 1829-1832 წლებში რუსეთის იმპერიამ თრიალეთში ოსმალეთიდან დევნილი სომხები და ურუმები (თურქულენოვანი ბერძნები) დაასახლა.

თრიალეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი ქართული ოიკონიმებია წალკა და რეხა. თრიალეთი მდიდარია ძველი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებით: ნაციხარ-ნაქალაქარები, მღვიმე-ქვაბები, ლოდოვანი ნამოსახლარები, ქვის მონოლითები. აქ ასზე მეტი ეკლესია და ნაეკლესიარია აღრიცხული ქართული წარწერებით.

თრიალეთი მესაქონლეობით განთქმული მხარე იყო. შემორჩენილია ოვალური მოყვანილობის, ლოდებით ნაგები საქონლის ღია სადგომები. მესაქონლეობასთან ერთად დიდი ადგილი ეჭირა მემინდვრეობას. დღესაც მრავლადაა შემორჩენილი ხორბლის შესანახი ხაროები — მიწისქვეშა საცავები და ზეთსახდელის ნაშთები. ორი-სამი მეტრის ქვითკირით ნაგებ ხაროში ჯერ ბზესა და თივას ჩაყრიდნენ და მხოლოდ შემდეგ ხორბალს, რათა ეს უკანასკნელი არ აშმორებულიყო. თრიალეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ სელი, რომლისგანაც ზეთს ხდიდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი თრიალეთს უვენახო და უხილო მხარედ მოიხსენიებს. თრიალეთში საცხოვრებელი ნაგებობა იყო დარბაზული სახლი გვირგვინისებული გადახურვით, ისეთი, როგორიც ქართლსა და სამცხეში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერძენიშვილი, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 699.
  • თოფჩიშვილი, რ., „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, თბილისი: „უნივერსალი“, 2010. — გვ. 58, 123-124, ISBN 578-9941-12-882-0 Invalid ISBN.
  • ბერძენიშვილი, დ. „ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან“ მაცნე, 1968 N6