სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უშაკოვი.

თედორე უშაკოვი (დ. 1744, ბურნაკოვო, ახლანდელი იაროსლავლის ოლქი — 2 ოქტომბერი, 1817, ალექსეევკა, ახლანდელი მორდვეთი) — რუსეთის იმპერიის ფლოტის მეთაური, ადმირალი (1799).

ბიოგრაფია რედაქტირება

1766 წელს დაამთავრა საზღვაო კადეტთა კორპუსი, მსახურობდა ბალტიის ფლოტში. მონაწილეობდა 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1780-1782 წლებში მეთაურობდა სახაზო ხომალდ „ვიქტორს“, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სავაჭრო ხომალდებს ინგლისის ფლოტის თავდასხმებისგან იცავდა. 1783 წლიდან შავი ზღვის ფლოტში თვალყურს ადევდნებდა ხერსონში ხომალდების მშენებლობას, მონაწილეობდა სევასტოპოლში მთავარი ბაზის მშენებლობაში. 1788 წელს ოსმალეთთან ომის დროს კუნძულ ფიდონისისთან მეთაურობდა ესკადრის ავანგარდს და დაამარცხა ოსმალეთის ჭარბი ძალები. 1789 წელს მიიღო კონტრადმირალის ჩინი. 1790 წლიდან მეთაურობდა შავი ზღვის ფლოტს და ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა ოსმალეთის ფლოტზე ქერჩის საზღვაო ბრძოლაში, კუნძულ ტენდრასთან და 1791 წელს კალიაკრის კონცხთან. 1798-1800 წლებში ხმელთაშუა ზღვის ლაშქრობის დროს თავი გამოიჩინა, როგორც ფლოტის მეთაურმა, პოლიტიკოსმა და დიპლომატმა. 1800 წელს მისი ესკადრა სევასტოპოლში დაბრუნდა. ალექსანდრე I-მა უშაკოვის დამსახურება სათანადოდ არ დააფასა და 1807 წელს სამსახურიდან გადააყენა. მისი სახელი ეწოდა ყურეს ბარენცის ზღვაში და კონცხ ოხოტის ზღვის სანაპიროზე, აგრეთვე რუსულ და საბჭოთა საზღვაო საბრძოლო ხომალდებს. საბჭოთა კავშირში დაწესებული იყო მისი სახელობის ორდენი და მედალი. მოსკოვში არის მისი სახელობის ბულვარი და მეტროს სადგური. უშაკოვის სახელი ეწოდა 1979 წლის 27 სექტემბერს ასტრონომ ლიუდმილა ჩერნიხის მიერ აღმოჩენილ №3010 ასტეროიდს.[1]

2001 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიამ აღიარა წმინდანად, როგორც „წმინდა მეომარი თედორ უშაკოვი“. მოსკოვში არის მისი სახელობის ტაძარი.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Numbered Minor Planets
  2. Храм святого праведного воина Феодора Ушакова в Южном Бутове