თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ — ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, რომელიც დაარსდა 1966 წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმის გენერალური გეგმის ავტორია ლონგინოზ სუმბაძე.

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

მუზეუმის ერთ-ერთი კუთხე
41°42′09″ ჩ. გ. 44°44′47″ ა. გ. / 41.70250° ჩ. გ. 44.74639° ა. გ. / 41.70250; 44.74639
დაარსდა 27 აპრილი, 1966
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დამაარსებლები გიორგი ჩიტაია
მდებარეობა თბილისი
ექსპონატი 8000-ზე მეტი
ოფიციალური საიტი http://museum.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=46
Map

მუზეუმი ღია ცის ქვეშ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა — საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმის ტერიტორია მოიცავს 50 ჰექტარს და დაყოფილია 11 ზონად. ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები წარმოდგენილია ათ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონაში, რომელთაგანაც ხუთი — აღმოსავლეთ და ხუთი — დასავლეთ საქართველოს წარმოაჩენს.

მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი. ერთი ზონა ეთმობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, რომელთა შორისაა V-VI სს. სიონის ტაძრის ბაზილიკა და აკლდამა, ძვ. წ. II ათასწლეულის დოლმენი აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია.

მუზეუმში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად შეისწავლონ ტრადიციული სამჭედლო და სამეთუნეო ტექნოლოგიები.

ღია ცის ქვეშ მუზეუმის მეთერთმეტე ზონაში ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებია განთავსებული. ექსპონირებულია სიონის V-VI საუკუნეების ბაზილიკა და აკლდამა, აგრეთვე რელიეფურ საფლავის ქვათა მდიდარი კოლექცია. მთლიანობაში მზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.[1]

პირველი ექსპონატი რედაქტირება

მუზეუმის პირველი ექსპონატი იყო, თიანეთში სოფელ სიონში შემთხვევით აღმოჩენილი ქვის აკლდამა, რომელიც მდებარეობდა იმ ეკლესიის ქვეშ, რომელიც სიონის წყალსაცავის დაგუბების გამო დაიშალა და გამიზნული იყო თბილისის მუზეუმში გადამოსატანად. აღნიშნული ქვის აკლდამა მდებარეობდა მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით.

1966 წლის აპრილის თვეში დასრულდა აღნიშნული ძეგლის ადგილზე გადმოტანის პროცესი. ძეგლის ახალ ადგილზე აღდგენას ხელმძღვანელობდნენ სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს ოსტატი ვალერიან ვაჭარიძე და ქვისმთელთა ბრიგადირი მიხეილ ბოგუშევი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის პარკ-მუზეუმის გენერალური გეგმის შესახებ“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 7 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 3-14
  • „ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმის პირველი ექსპონატი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 8 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 82-86

სქოლიო რედაქტირება