თაყირი (თურქ. – გლუვი, სწორი, შიშველი) — 1). რელიეფის ფორმა, რომელიც წარმოიქმნება მლაშობი ნიადაგის გამოშრობის შედეგად უდაბნოებსა და ნახევრადუდაბნოებში. წარმოადგენს დახეთქილი თიხნარის ბრტყელძირიან დახშულ ტაფობს. დატბორვის შემდეგ ფსკერზე დალექილი თიხნარი შრება, მკვრივდება და მრავალკუთხედებად სკდება. ზედაპირი ისეა გაქვავებული, რომ ცხენის ნალიც კი არ ტოვებს კვალს. თაყირი დამახასიათებელია უპირველეს ყოვლისა აზიის სუბბორეალური სარტყლის უდაბნოებისათვის. ცალკეული თაყირების ფართობი განისაზღვრება გაუდინარი ქვაბულების ფართობით, სადაც სორები გვხვდება. აშშ-ის უდაბურ რაიონებში აღნიშნული სტრუქტურები ცნობილია პლაიას, ხოლო არაბულ სამყაროში საბჰას სახელწოდებით.

თაყირი სონორას უდაბნოში.

2). უდაბნოსა და ნახევრადუდაბნოს პირობებში წარმოქმნილი ნიადაგის ტიპი. ნიადაგის პროფილში გამოიყოფა ორი ჰორიზონტი: ზედა (8-10 სმ) — მკვრივი, დახეთქილ-ქერქიანი თიხოვანი ჰორიზონტი და მის ქვეშ ნაკლებად შეცვლილი დამლაშებული დედაქანი. თაყირზე თითქმის არ ხარობს მცენარეულობა. მათზე წარმოდგენილია მხოლოდ წყალმცენარეები და ლიქენები. ძირეული გაუმჯობესების გარეშე გამოუსადეგარია მიწათმოქმედებისათვის.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება