თამაზ მიხეილის ძე ვაშაძე (დ. 2 მაისი, 1939, ჭიათურა) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელე, პროფესიონალი ინჟინერ-მშენებელი; ქალაქ თბილისის მერი 1991 წლის 2 ოქტომბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე.

თამაზ ვაშაძე დაიბადა ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის მიხეილ ვაშაძის ოჯახში.[1] დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1963). 1954 წლიდან მუშაობდა საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებზე ჭიათურის მაღაროში, 1962 წლიდან — თბილისში. 1969-1991 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო სამშენებლო ტრესტ „მაღლივმშენის“ მთავარი ინჟინერი, თბილისის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს მე-8 ტრესტის მთავარი ინჟინერი, 74-ე და მე-11 ტრესტების ხელმძღვანელი. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრის მოადგილედ. იმავდროულად, ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მშენებლობის საგანგებო შტაბს; მეთვალყურეობდა სალიკვიდაციო აღდგენით სამუშაოებს ბუნებრივი სტიქიით დაზარალებული რაჭის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონეში, აჭარაში, აგრეთვე ფოთში წყალსათხილამურო სპორტის კომპლექსის მშენებლობას.[1]

1991 წლის 2 ოქტომბერს თამაზ ვაშაძე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დანიშნა თბილისის მერად. 1992 წლის 6 იანვარს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ვაშაძე იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ხანგრძლივად ცხოვრობდა საბერძნეთში. 2001 წელს დაბრუნდა საქართველოში, ჩამოშორებული იყო აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.[2] 2010 წლის მაისში მოძრაობა „სოლიდარობის“ სახელით კენჭს იყრიდა თბილისის მერის არჩევნებზე, მიიღო ხმათა 0.65 %.[3]

სქოლიო რედაქტირება