ზვიად ძიძიგური (დ. 31 ოქტომბერი, 1964, მარანი, აბაშის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1990, 2003, 2012 და 2016) დეპუტატი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ მანდატზე პოლიტიკური მოტივების გამო უარი განაცხადა.

ზვიად ძიძიგური
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1964 (1964-10-31) (59 წლის)
დაბადების ადგილი მარანი, აბაშის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია საქართველოს კონსერვატიული პარტია
საქმიანობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
საქ. პარლამენტის წევრი

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე
შვილ(ებ)ი 5

ბიოგრაფია რედაქტირება

ზვიად ძიძიგურმა დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1987 წლიდან ჩართული იყო ეროვნულ მოძრაობაში, იყო ერთ-ერთი ინიციატორი სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის აქციისა.

მონაწილეობა მიიღო 1990 წლის არჩევნებში და გახდა სამტრედიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით დაინიშნა სამტრედიის რაიონის პრეფექტად და იმერეთის მხარის პოლიტიკურ რწმუნებულად. აღნიშნული პოსტები ძიძიგურს ეკავა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებამდე.

1995 წელს ზვიად ძიძიგური ძმასთან და სიძესთან ერთად დააპატიმრეს, სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2000 წელს ძიძიგური ვადამდე გათავისუფლდა. გათავისუფლების შემდეგ დააარსა პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული ძალთა გაერთიანება“. 2002 წელს „ეროვნულ ძალთა გაერთიანება“ გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. ძიძიგური ბლოკის სახელით მონაწილეობდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში და 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “.

2004 წლიდან პერიოდულად იყო საქართველოს პარლამენტის „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარე. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ მანდატზე პოლიტიკური მოტივების გამო უარი განაცხადა.[1][2][3]

2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში იყო ეროვნული საბჭოს კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო „ბრძოლა დღესვე“. საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო მმართველი პარტიის, როგორც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. არჩევნებში მან ხმათა 8.3%-ით მეოთხე ადგილი დაიკავა.

2012 წლის 21 თებერვალს კოალიცია „ქართული ოცნების“დაფუძნებისას გაცხადდა,[4] რომ კონსერვატორები და ხალხის პარტია კოალიციაში წარმოდგენილი იქნებოდნენ თავიანთი ლიდერების, ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის სახით. კოალიციამ ძიძიგური რუსთავში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა, სადაც ხმათა 54,16% მიიღო (34 896 ხმა) და პირველი ადგილი დაიკავა.[5] 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (რუსთავის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 21 ოქტომბერის სხდომაზე ის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერად დამტკიცდა, მანანა კობახიძესა და ზურაბ აბაშიძესთან ერთად.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2016-2019 წლებში იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. საპარლამენტო უმრავლესობა „კონსერვატორული პარტიის“ ორ წევრთან ერთად 2019 წლის 15 ნოემბერს დატოვა.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ოპოზიციის ლიდერებმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს. "სივილ ჯორჯია". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-02-24.
  2. გაერთიანებული ოპოზიცია დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობს და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება". ციტირების თარიღი: 2013-02-24.
  3. გაერთიანებული ოპოზიციის წევრთა უმრავლესობამ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. "ადამიანის უფლებათა ცენტრი". ციტირების თარიღი: 2013-02-24.
  4. ივანიშვილის კოალიცია დაფუძნდა. "სივილ ჯორჯია". ციტირების თარიღი: 2013-02-24.[მკვდარი ბმული]
  5. შედეგები 2012
  6. „ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-06. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)