ზედაპირული ერთთაღიანი სადგური

ზედაპირული ერთთაღიანი სადგური[1] — ზედაპირთან ახლოს მდებარე მიწისქვეშა მეტროსადგურის ერთ-ერთი სახე.

სადგური „დელისი“, თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი

ერთთაღიანი სადგურის თავისებურებას წარმოადგენს ცვალებადი სისქის მქონე დამრეცი თაღი, დამონოლითებული შვეული კედლებით, რომლებიც თავისმხრივ დაყრდნობილია ხონჩისებრ რკინაბეტონის ძირზე. გრუნტის წყლების არსებობის შემთხვევაში, ძირს აძლევენ შებრუნებული თაღის ფორმას. სხვა სახის ზედაპირული სადგურების მსგავსად, შენდება ღია წესით.

ისტორია რედაქტირება

პარიზული პროექტი რედაქტირება

ყოფილ საბჭოთა კავშირის მეტროპოლიტენებში, ამგვარი სახის სადგურების მშენებლობისთვის, 1930-იან წლებში იყენებდნენ პარიზის მეტროპოლიტენის სადგურების კონსტრუქციის მიმსგავსებულ ვარიანტს. გამომდინარე იმ დროს არსებული მექანიზაციის დაბალი დონიდან, ხელით შესასრულებელი დიდი ოდენობის სამუშაოების საჭიროებიდან და შესაბამისად მშენებლობის მეტად ხანგრძლივი ვადებიდან, რომელსაც მოითხოვდა დამონოლითებული რკინაბეტონის დიდმალიანი გადახურვის აწყობა, ასეთი სადგურები ათეული წლების განმავლობაში აღარ აშენებულა. მხოლოდ 1960-იანი წლების ბოლოდან განახლდა ზედაპირული ერთთაღიანი სადგურების დაპროექტება და შემუშავდა ამ სახის სადგურის მშენებლობის რამდენიმე განსხვავებული პროექტი: „ხარკოვული“, „მოსკოვური“ და „მინსკური“. თითოეულს სახელი მიენიჭა იმისდა მიხედვით, თუ რომელი ქალაქის მეტროპოლიტენში გამოიყენეს პირველად.

მინსკური პროექტი რედაქტირება

„მინსკური" ერთთაღიანი სადგურის პროექტი შემუშავდა მინსკის მეტროპოლიტენის მშენებლობისთვის და იგი შედგებოდა ოთხი Г-ფორმის კუთხოვანი ელემენტისგან. ამ პროექტით სადგურები აშენებულია მხოლოდ მინსკის მეტროპოლიტენში.

მოსკოვური პროექტი რედაქტირება

1970-იანი წლების შუაში შემუშავდა „მოსკოვური“ ერთთაღიანი სადგურის პროექტი, რომელიც სრულად შედგებოდა ანაკრები კონსტრუქციისგან, მსგავსად კოლონური სადგურისა. მის თავისებურებას წარმოადგენდა ოცდაათი ცალკეული ნაწილისგან შემდგარი ნახევრადმონოლითური თაღი, რომელიც გრუნტის არსებულ გამაგრებასთან ერთად ქმნიდა ერთგვარ გუმბათოვან დარბაზს. მიუხედავად ამგვარი კონსტრუქციის სიიაფისა, საბოლოოდ მასზე მაინც უარი ითქვა და მომდევნო წლებში ჩანაცვლდა ხარკოვული პროექტით.

ხარკოვული პროექტი რედაქტირება

„ხარკოვული“ პროექტი გულისხმობდა სადგურის ძირზე ურთიერთსაპირისპირო საყრდენი ელემენტების შექმნას, გრუნტის დაწოლის ორივე ნახევარზე თანაბრად გადასანაწილებლად, რაც შესაძლებლობას გახდიდა თაღის ადგილზევე დაბეტონებისა და ანაწყობი სამაგრების განთავსების. ამ სახის პროექტი დღემდე აქტიურად გამოიყენება ერთთაღიანი სადგურების ასაშენებლად და სწორედ იგია გამოყენებული თბილისის მეტროპოლიტენშიც.

ამჟამად, ერთთაღიანი სადგური არის ყველაზე მეტად გავრცელებული კონსტრუქცია ზედაპირული მიწისქვეშა სადგურების ასაშენებლად, მშენებლობის დაბალი ღირებულებიდან გამომდინარე (მისი ფასი ზედაპირული კოლონური სადგურის მშენებლობის ღირებულებასაც არ აღემატება).

მშენებლობა რედაქტირება

ზედაპირული ერთთაღიანი სადგურის მშენებლობის ცალკეული საფეხურებია:

  • სადგურის ძირისა და კედლის საყრდენი ნაწილების დაბეტონება.
  • კედლების დაბეტონება, თვითმავალი ყალიბების საშუალებით კედლების ჰიდროიზოლაცია.
  • ამოვსება (ჩვეულებრივ, ქვიშით) კედლებსა და გრუნტს შორის არსებული სივრცის.
  • შიდა სტაციონალური კონსტრუქციის მოწყობა, ლიანდაგების გაყვანა.
  • არმატურის კარკასის აწყობა და შემდგომ თაღის დაბეტონება.

თბილისის მეტროპოლიტენი რედაქტირება

თბილისის მეტროპოლიტენში წარმოდგენილია ერთადერთი ზედაპირული ერთთაღიანი სადგური — „დელისი“, რომელიც მდებარეობს საბურთალოს ხაზზე. იგი აშენებულია ხარკოვული პროექტით 1979 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 2018-09-01.