ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის ვოლგა-დონის არხი — მდინარეების ვოლგისა და დონის ერთმანეთთან ყველაზე მეტად მიახლოების ადგილას აგებული შემაერთებელი სანაოსნო მაგისტრალი, რუსეთის ევროპული ნაწილის ერთიანი ღრმაწყლოვანი სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი. სიგრძე 101 კმ, მათ შორის 56 კმ ხელოვნური სანაოსნო გზებია. მიედინება ვოლგისპირეთისა და ერგენის მაღლობის გამყოფ ღრმულში. იწყება სერეპტის ნაგუბიდან (ქალაქ ვოლგოგრადის სიახლოვეს), მიუყვება მდინარე სარპის ხეობას, ვარვაროვკისა და ბერესლავკის წყალსაცავებს მდინარე ჩერვლიანაიაზე და კარპოვკის წყალსაცავს მდინარე კარპოვკაზე, გადის ციმლიანსკის წყალსაცავში მდინარე დონზე (ქალაქ დონის კალაჩის სიახლოვეს). აქვს 13 ერთკამერიანი რაბი (მათ შორის 9 ვოლგის კალთაზე და 4 დონისაზე) ზომებით 145×18 მეტრი და სიღრმით (რაბის პირზე) 4 მეტრი. ისინი ვოლგის მხრიდან გემებს სწევენ 88 მეტრზე (სერეპტის ნაგუბის ზღვის დონიდან −14-მეტრიანი ნიშნულიდან წყალგამყოფის 74-მეტრიან ნიშნულამდე) და უშვებენ 40 მეტრამდე (ციმლიანსკის წყალსაცავის ზღვის დონიდან 34-მეტრიან ნიშნულამდე).[1] არხი იკვებება დონის წყლით, რომელიც სამი სატუმბი სადგურით (კარპოვკის, მარინოვკისა და ვარვაროვკის) გადაეცემა ცალკეულ ბიეფებს; წყლის ნაწილი სარწყავადაც გამოიყენება.[2] არხის სიგრძე წყლის ზედაპირზე 70 მეტრია. გაბარიტები 5 ათასი ტონის ტვირთამწეობის გემების გატარების შესაძლებლობას იძლევა. არხის საპროექტო ტვირთგამტარიანობის უნარი ერთი ნავიგაციის დროს 10,5 მილიონი ტონაა.[1]

ვოლგა-დონის არხი
48°34′12″ ჩ. გ. 44°09′00″ ა. გ. / 48.57000° ჩ. გ. 44.15000° ა. გ. / 48.57000; 44.15000
მშენებლობის დაწყება 1948–1952
პირველი გამოყენების თარიღი 27 ივლისი, 1952 (1952-07-27)
საწყისი წერტილი სერეპტის ნაგუბი
საბოლოო წერტილი ციმლიანსკის წყალსაცავი
ჩამკეტები 13
სიგრძე 101 კმ
Map
ვოლგა-დონის არხის გვერდითი ჭრილი (რუსულად).

მსგავსი არხის აგების პირველი პროექტი XVII საუკუნეში შეიქმნა, მაშინვე დაიწყო სამუშაოები ნაგებობებზე, მაგრამ შეწყდა პრუტის ზავის (1711) დადების გამო. შემდგომ პერიოდში ვოლგისა და დონის შეერთებასთან დაკავშირებით 30-მდე პროექტი შემუშავდა (მ.შ. 1884 წლის ლ. დრიუს და 1910 წლის ნ. პუზირევსკის პროექტები). რსფსრ-ში ვოლგა-დონის არხის აშენება უმნიშვნელოვანეს სახალხო-სამეურნეო დავალებად გამოცხადდა (სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილება; 14 მაისი, 1918). პროექტი შემუშავდა სპეციალურად შექმნილი ვოლგა-დონის არხის აგების სამუშაოთა სამმართველოს მიერ. 1926 წელს შეიქმნა ვოლგა-დონის სანაოსნო გზის მშენებლობის სამმართველო (სსრკ-ის შრომისა და თავდაცვის საბჭოს დადგენილება; 3 დეკემბერი, 1926), რომელმაც დაასრულა პროექტის შემუშავება (დამტკიცდა სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მიერ 1927 წელს), თუმცა მშენებლობა სახსრებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის გამო გადაიდო. 1930-იანი წლების შუა ხანებში არხის მშენებლობა დაევალა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, რომელსაც უკვე ჰქონდა გამოცდილება (თეთრი ზღვა-ბალტიის არხი და მოსკოვის სახელობის არხი). გულაგის ჰიდროტექნიკური განყოფილების (ხელმძღვანელი — სერგეი ჟუკი) საპროექტო ბიურომ შეიმუშავა ახალი პროექტი (დამტკიცდა იოსებ სტალინის მიერ 1941 წლის დასაწყისში), თუმცა მშენებლობა გადაიდო დიდი სამამულო ომის დაწყების გამო. 1946–1948 წლებში პროექტი საბოლოოდ დამუშავდა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰიდროპროექტში. არხის მშენებლობისათვის შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს „გლავჰიდროვოლგოდონსტროი“-ის («Главгидроволгодонстрой» — „მთავარჰიდროვოლგადონმშენი“) მთავარი სამმართველო. არხი აშენდა 1948–1952 წლებში. სამუშაო ძალად გამოიყენეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის კალაჩისა და ციმლიანსკის ბანაკების პატიმრები (1951 წლის აგვისტოში – 76,6 ათ. ადამიანი), მონაწილეობას იღებდნენ ნებით დაქირავებული პერსონალიც (28,5 ათ. ადამიანი). მშენებლობაზე პატიმართა მაქსიმალურმა რაოდენობამ შეადგინა 118,2 ათასი ადამიანი (1 იანვარი, 1952).[1]

გაიხსნა 1952 წლის 27 ივლისს. თავდაპირველად დონიდან ვოლგაზე ზიდავდნენ ნახშირს (დონის ნახშირი უსტ-დონეცკიდან რკინიგზით მიჰქონდათ და გადატვირთვის შემდეგ არხის გამოყენებით აწვდიდნენ ვოლგის ქალაქებს და ცენტრალურ რაიონებს), მინერალურ სამშენებლო მასალებს, მარცვლეულს, ხოლო ვოლგიდან დონზე — ზემო ვოლგის, კამისა და ციმბირის ტყეს (ეს უკანასკნელი კამის პორტებში რკინიგზით მიჰქონდათ), გოგირდის ალმადანს ურალიდან, ნავთობპროდუქტებს ვოლგისპირეთიდან.[2] ახლა ძირითადად გამოიყენება ხე-ტყის და ნავთობპროდუქტების გადასაზიდად. 1952–2005 წლებში გადაიზიდა 350 მილიონი ტონა ტვირთი, გაიარა 400 ათასზე მეტმა სხვადასხვა ტიპის გემმა. გამოიყენება სამგზავრო გადაზიდებისთვის, მათ შორის ტურისტული მარშრუტებისთვის.[1]

ვოლგა-დონის არხი არქიტექტურული ძეგლია (არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი — ლეონიდ პოლიაკოვი), წარმოადგენს ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს. მის სკულპტურულ და დეკორატიულ ელემენტებში ასახულია 1917–1922 წლების სამოქალაქო ომისა და 1942–1943 წლების სტალინგრადის ბრძოლის მოვლენები.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Бернштейн-Коган С. В. Волго-Дон : Историко-географический очерк. — М., 1954.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Моруков Ю. Н. Волго-Донской канал // Большая российская энциклопедия. т. 5. Москва. — М.. — стр. 625–626.
  2. 2.0 2.1 Вольф М. Б. Волго-Донской судоходный канал // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971. — стр. 301–302.