ვლადიმერ დარჩიაშვილი

ვლადიმერ (ლადო) ივანეს ძე დარჩიაშვილი (დ. 1872, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 7 მაისი, 1916, გრიმა, გერმანია) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში (გარიცხეს აკრძალული ლიტეტრატურის კითხვისათვის). 1898-1905 წლებში სწავლობდა პარიზსა და ბრიუსელში. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი. აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კვალთან“. იყო სოციალ-დემოკრატიული გაზეთების „სხივისა“ და „სიმართლის“ ფაქტობრივი რედაქტორი. 1908 წელს გამოსცა ჟურნალი „ალიონი“. იზიარებდა ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით ქართული სახელმწიფოს აღდგენის იდეას, რის გამოც უთანხმოება ჰქონდა თავის თანაპარტიელებთან. I მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ინტერნირებულ იქნა. გარდაიცვალა ტყვეობაში.

ბიოგრაფია რედაქტირება

ვლადიმერ დარჩიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა ქართველ სოციალ–დემოკრატ ავტონომისტთა შორის. დაიბადა 1872 წელს კახეთში, სოფელ ანაგაში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის ოჯახში. მის მშობლებს, ანასტასია და ივანე დარჩიაშვილებს ოთხი შვილი – სამი ვაჟი და ერთი ქალი ჰყავდათ. ვლადიმერი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათითა და ბეჯითობით. რვა წლისა რომ შესრულდა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1887 წელს წარჩინებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქ მან მხოლოდ ექვსი წელი დაჰყო. სემინარიიდან გარიცხეს აკრძალული ლიტერატურის კითხვისა და თანატოლებისთვის რუსი დემოკრატების – პისარევისა და დობროლიუბოვის აზრების გაზიარებისთვის. ბინის ჩხრეკისას ჰექტოგრაფზე დაბეჭდილი არალეგალური ჟურნალი „თავისუფლებაც“ უპოვეს. იგი იძულებული გახდა მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო, სადაც პედაგოგიურ მუშაობას შეუდგა, შეადგინა მოსწავლეთა წრე, მართავდა წარმოდგენებს და განსაკუთრებული სიბეჯითით ეწეოდა თვითგანათლებას, სწავლობდა ფრანგულ ენას.

ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროს (1892 წელს) ვლადიმერ დარჩიაშვილმა გაიცნო და მალე დაუახლოვდა ეგნატე ნინოშვილს. სწორედ ეგნატემ წარუდგინა იგი თავის თანამოაზრეებს, როგორც ნიჭიერი და უაღრესად მომზადებული ახალგაზრდა. შემდგომში ეს ჯგუფი ე. წ. „მესამე დასში“ გაერთიანდა.

„მესამე დასის“ ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან თარიღს წარმოადგენს 1894 წლის 8 მაისი. ამ დღეს, ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე გურიაში, სოფელ ჩოჩხათში მოხდა ახლთი თაობის მარქსისტული ახალგაზრდობის პირველი, საჯარო საპროგრამო გამოსვლა. დაკრძალვაზე შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა ლადო დარჩიაშვილმაც. ამ პერიოდში იგი წმინდა წლის მარქსისტი იყო და ეროვნულ საკითხს მესამეხარისხოვან საქმედ თვლიდა. მისი მსოფლმხედველობის შეცვლა მოხდა 1898–1905 წლებში, საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ. შვეიცარიასა და საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში ვლადიმერი პირველწყაროებიდან გაეცნო ეროვნულ საკითხზე არსებულ მარქსისტულ ლიტერატურას. პარიზიდან გადავიდა ბელგიაში, სადაც ბრიუსელის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მან წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტის სრული კურსი და გახდა სამართლისა და ეკონომიკის დოქტორი.

უცხოეთში ცხოვრების დროს ლადოს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან, გაზეთ „კვალს“ აწვდიდა საზღვარეთის ახალ ამბებს. საქართველოში დაბრუნებისთანავე აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას შეუდგა და მთელი რიგი წერილები მიუძღვნა ეროვნული საკითხის შესწავლა–განხილვას. იგი, ასევე, დიდ ყურადღებას უთმობდა ეროვნულ ურთიერთობათა პრობლემის სწორად გადაჭრას. მოღვაწეობდა გაზეთებში „ივერია“, „ლამპარი“, "ტალღა", "ელვა", "განთიადი", „ჩვენი ცხოვრება“ და სხვა, იყო გაზეთების „სხივისა“ და „სიმართლის“ ფაქტობრივი რედაქტორი. მთავრობის საწინააღმდეგო წერილების პუბლიკაციებისთვის რამდენიმეჯერ დააპატიმრეს და თბილისიდან გაასახლეს. 1908 წელს დააარსა ყოველკვირეული ჟურნალი „ალიონი“. ამ ჟურნალის დახურვის შემდეგ თანამშრომლობდა „ჩვენ კვალში“.

1913–1914 წლებში ვლადიმერ დარჩიაშვილი ყოველკვირეულ გაზეთ „ფიქრის“ რედაქტორია. მისი პუბლიკაციები ნათელყოფს, რომ თავისი იდეური მრწამსით იგი მარქსისტ-სოციალისტია, მაგრამ არა ეროვნულობის უარმყოფელი. ვლადიმერი იყო პირველი, ვინც თანამოაზრეებს გამოეყო და საქართველოს ტერიტორიული ავტონომიის ქადაგება დაიწყო.

ეროვნულ ნიადაგზე მომხდარი განხეთქილების გამო ვლადიმერ დარჩიაშვილი თანდათან ჩამოშორდა პრაქტიკულ პარტიულ საქმიანობას. ცხოვრების საშუალება, რომ ჰქონოდა, ნაცნობების დახმარებით დაიწყო მუშაობა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გერმანული ენის მასწავლებლად. პარალელურად კერძოდაც ამზადებდა მოსწავლეებს გერმანულ და ფრანგულ ენებში. ასე დაგროვილი გარკვეული მცირე თანხით ყოველ ზაფხულს საზღვარგარეთ მიდიოდა და იქ ეწეოდა სერიოზულ სამეცნიერო მუშაობას. სხვადასხვა პარტიები ცდილობდნენ მის გადაბირებას, მაგრამ ლადო ყველას თავაზიანი უარით ისტუმრებდა, რადგან მისი აზრით, რომელიმე პარტიასთან ან დაჯგუფებასთან მიკედლება შინაგანი მრწამსის ღალატი იქნებოდა.

1914 წლის ზაფხულში ახლად დაქორწინებული ვლადიმერ დარჩიაშვილი მეუღლესთან, ელენე გეგელაშვილთან ერთად ევროპაში, გერმანიაში გაემგზავრა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ის დაკავებულ იქნა, როგორც რუსეთის ქვეშევრდომი და პირველი კატეგორიის სამხედრო ტყვე. დატოვეს ქალაქ ლაიფციგში, სადაც ყოველდღე უნდა გამოცხადებულიყო აღრიცხვაზე. მთელი ორი წლის განმავლობაში იგი მხნედ იტანდა ყოველგვარ შევიწროებას, მაგრამ მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო, კუჭი დაუავადდა და 1916 წლის 7 მაისს გარდაიცვალა სოფელ პატარა შოხაში. დაკრძალულ იქნა თანამემამულეებისა და მეგობრების მიერ იქვე, ლაიფციგის მახლობლად, ქალაქ გრიმმაში.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • რჩეული : პუბლიცისტიკა, თეორიული კვლევები, ესეები, პირადი წერილები (ავტორი). - თბილისი, ლამპარი, 2001.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება