ვლადიმერ ბელოუსოვი

რუსი გეოლოგი

ვლადიმერ ვლადიმერის ძე ბელოუსოვი (რუს. Владимир Владимирович Белоусов; დ. 30 ოქტომბერი, 1907, მოსკოვი, — გ. 25 დეკემბერი, 1990, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი (1940). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1953). ამერიკისა (1958) და ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების (1960) წევრი. საერთაშორისო გეოდეზიური და გეოფიზიკური კავშირის პრეზიდენტი (1961–63).

ვლადიმერ ბელოუსოვი
დაბ. თარიღი 17 (30) ოქტომბერი, 1907
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი, 1990(1990-12-25)[2] [3](83 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და გეოფიზიკოსი
მუშაობის ადგილი გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი მიხეილ ტეტიაევი
განთქმული მოსწავლეები მიხეილ გზოვსკი და Vladimir Tikhomirov
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

1927 წელს ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1930 წელს დატოვა სასწავლებელი და ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1929–31 წლებში მიხეილ ტეტიაევის ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა იმიერბაიკალეთის გეოლოგიურ კვლევებში. 1935 წელს ვლადიმერ ვერნადსკის დახმარებით საფრანგეთში გამოაქვეყნა ნაშრომი ჰელიუმის გეოქიმიის შესახებ. 1933 წელს გეოლოგიურად გამოიკვლია კავკასია, რაც 1938 წელს დაგვირგვინდა მის მიერ შესრულებული სადოქტორო დისერტაციით თემაზე: „კავკასიონი. გეოტექტონიკური კვლევის ცდა“. 1942 წელს მოსკოვში დაბრუნდა.

იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტის გეოდინამიკის განყოფილების გამგე (1944), მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტისა (1943) და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1953) პროფესორი. საერთაშორისო ორგანიზაციის „ზედა მანტიის პროექტის“ შექმნის ინიციატორი და მისი კომიტეტის წარმომადგენელი (1960-დან). ამერიკის (1958), ლონდონის (1960), შვედეთის (1960), საფრანგეთისა (1965) და ბელგიის გეოლოგიური საზოგადოებების (1965) წევრი.

ვლადიმერ ბელოუსოვი ავტორია 400-ზე მეტი ნაშრომისა, რომელთა შორისაა მონოგრაფიები და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები. მისი ძირითადი შრომები ეხება ტექტონიკის, ტექტონოფიზიკისა და გეოფიზიკის ზოგად საკითხებს. დედამიწის ქერქის რყევითი მოძრაობების ისტორიის შესასწავლად შეიმუშავა ახალი მეთოდი და გამოიყენა კავკასიისა და რუსეთის ბაქნის გეოლოგიური ისტორიის გამოსაკვლევად; გამოავლინა ამ რეგიონების განვითარების დამახასიათებელი ნიშნები და გაავრცელა დედამიწაზე მის მიერვე დადგენილი კანონზომიერებანი მთლიანობაში.

ბელოუსოვმა გამოყო დანაოჭების რამდენიმე ტიპი და შემოგვთავაზა ნაოჭწარმოქმნის ახალი ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ტექტოგენეზის მექანიზმში პირველხარისხოვანი როლი ეკუთვნის დედამიწის ქერქის ვერტიკალურ მოძრაობას. იყო ფიქსიზმის ურყევი მომხრე. უარყოფითად აღიქვა 1960-იანი წლების ბოლოს შექმნილი ახალი გლობალური ტექტონიკა და საბჭოთა მეცნიერებაში მის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში, რომელმაც თავისი სიმძაფრე 1980-იანი წლების შუა ხანებამდე შეინარჩუნა. შეიმუშავა დედამიწის ქერქის რადიომიგრაციული ჰიპოთეზა. წამოაყენა ოკეანეების წარმოშობის იდეა.

1960 წელს მონაწილეობდა საბჭოთა ზეღრმა ბურღვის პროგრამის შემუშავებაში. შექმნა დედამიწის შემსწავლელი ახალი გამაერთიანებელი მეცნიერება გეონომიის სახელწოდებით.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1975), 3 შრომის წითელი დროშის ორდენითა (1963, 1967, 1981) და საპატიო ნიშნის (1953) ორდენით. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე.

თხზულებები რედაქტირება

  • Большой Кавказ, ч. 1—3, Л. —М., 1938—40;
  • Общая геотектоника, М. —Л., 1948;
  • Основные вопросы геотектоники, 2 изд., М., 1962;
  • Структурная геология, М., 1961;
  • Земная кора и верхняя мантия океана, М., 1968.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება