ვირთევზასნაირნი (ლათ. Gadiformes) — ძვლიანი თევზების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 20-90 (იშვიათად 180) სმ, წონა 0,5-7 (ზოგისა 40) კგ. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების წინა აქვთ განლაგებული. კუდის ფარფლი სიმეტრიულია. საცურავი ბუშტი საყლაპავთან არ არის დაკავშირებული. ყნოსვის წილანები წაწეულია წინ ყნოსვის კაფსულებისაკენ. მრავალ სახეობას ნიკაპზე აქვს ულვაში. ვირთევზასნაირნი ბინადრობენ ზღვებსა და ოკეანებში. ფართოდ არიან გავრცელებული როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში. ცხოვრობენ ცივ წყალში, მეტწილად ფსკერზე. გამონაკლისია ღლაბუტას გვარი, რომლის სახეობები ევრაზიისა და ამერიკის მტკნარ წყლებში ბინადრობენ.

ვირთევზასნაირნი
Gadus morhua
Gadus morhua
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gadiformes

იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, ზოგი პლანქტონური კიბოსნაირებით, ზოგი — ბენთოსით. მეტწილად წლის ცივ დროს მრავლდებიან. ყრიან 9 ათასიდან 60 მლნ-მდე კვერცხს. რიგში 4 ოჯახია: ვირთევზასებრნი (Gadidae) — 58 სახეობა, მორისებრნი (Moridae) — 72 სახეობა, ბრეგმოცეროსისებრნი (Bregmocerotidae) 2-3 სახეობა და მურენოლეპისისებრნი (Murenolepidae) — 4 სახეობა. ვირთევზასნაირთ დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვთ, განსაკუთრებით ვირთევზას. შავ ზღვაში გვხვდება ვირთევზასებრთა ოჯახის შავი ზღვის მერლინგი (Odontogadus merlangus euxinus), თეთრი მერლუზა (Merluccius merluccius) და ზღვის ღლაბუტა (Gaidropsarus mediterraneus).

ლიტერატურა რედაქტირება