ვილჰელმინა მარია დანიელი

ვილჰელმინა მარია დანიელი (დან. Vilhelmine Marie af Danmark; დ. 18 იანვარი, 1808 — გ. 30 მაისი, 1891) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ VI-ისა და დედოფალ მარია ფონ ჰესენ-კასელის უმცროსი ქალიშვილი. დანიის მეფე ფრედერიკ VII-ის პირველი ცოლი.

ვილჰელმინა მარია დანიელი
წოდებები
დანიის პრინცესა
შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია
დაიბადა 18 იანვარი, 1808
გარდაიცვალა 30 მაისი, 1891, (83 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ფრედერიკი, დანიის კრონპრინცი
(ქ. 1828 - განქ. 1837)
კარლი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი
(ქ. 1838 - გარდ. 1878)
მამა ფრედერიკ VI, დანიის მეფე
დედა მარია ფონ ჰესენ-კასელი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ვილჰელმინა მარია დაიბადა 1808 წლის 18 იანვარს. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ VI-ისა და მისი მეუღლის, მარია ფონ ჰესენ-კასელის უმცროსი ქალიშვილი. 1828 წლის 1 ნოემბერს, 20 წლის ვილჰელმინა დააქორწინეს მის ბიძაშვილ ფრედერიკზე. ვინაიდან მამამისს ვაჟი არ ჰყავდა, მემკვიდრედ თავისი ბიძაშვილი კრისტიანი დაასახელა და თავისი ორივე ასული კრისტიანის ვაჟებზე დააქორწინა. ამ ქორწინებებით დანიის სამეფო ოჯახის ორი ხაზი უნდა გაერთიანებულიყო. 1814 წლიდან, ამ ორ ხაზს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და სწორედ ამის აღმოსაფხვრელად გაკეთდა ყოველივე. შემდგომში ვილჰელმინას ქორწილს დიდი ზარ-ზეიმი მოჰყვა მთელ სამეფოში, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა.

ვილჰელმინასა და ფრედერიკის ქორწინება ნამდვილი კატასტროფა იყო, ამიტომაც 1834 წლიდან ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, რაც საბოლოოდ 1837 წლის 4 სექტემბერს განქორწინებით დაგვირგვინდა. მათ საერთო შვილი არ დარჩენიათ, ამიტომაც ორივემ მეორე მეუღლის ძიება დაიწყო.

ამ ამბიდან სულ ერთ წელიწადში, ვილჰელმინა დაქორწინდა თავისზე ხუთი წლით უმცროს ბიძაშვილზე, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ კარლზე. მოგვიანებით, კარლის ძმა, კრისტიან IX დანიის მეფე გახდა. 1839 წელს დანიის მეფე ვილჰელმინას ყოფილი მამამთილი, კრისტიან VIII, ხოლო 1848 წელს ყოფილი ქმარი, ფრედერიკ VII გახდა. მან 1848-51 წლებში დანია-შლეზვიგ-ჰოლშტაინის სამწლიანი ომი წამოიწყო. ომში ვილჰელმინა და მისი ქმარი დამარცხდნენ, რის გამოც 1852 წლიდან დრეზდენში, საქსონიაში გადასახლდნენ. 1863 წელს ფრედერიკ VII უშვილოდ გარდაიცვალა და ტახტზე ვილჰელმინას მაზლი, კრისტიან IX ავიდა, რომელმაც ის და კარლი დანიის სამეფო კარზე დააბრუნა. 1864 წელს შლეზვიგ-ჰოლშტაინის საჰერცოგო პრუსიელებმა დაიპყრეს და ვილჰელმინასა და მის ქმარს ჰერცოგ-ჰერცოგინიის ტიტულები ჩამოერთვათ. წყვილი ამის შემდეგ გლუქსბურგის სასახლეში დასახლდა, რომელიც ახლა უკვე გერმანიის იმპერატორის საკუთრებაში შედიოდა. 1878 წელს, ვილჰელმინას ქმარი გლუქსბურგის სასახლეში გარდაიცვალა. კარლსა და ვილჰელმინას შვილები არ დარჩენიათ, თუმცა ვილჰელმინა მესამედ აღარ გათხოვილა და დარჩენილი ცხოვრება განსვენებულ მეუღლეს გლოვობდა. იგი ამ ამბიდან ცამეტ წელიწადში, 1891 წლის 30 მაისს, გლუქსბურგის სასახლეში გარდაიცვალა, 83 წლის ასაკში, უშვილოდ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Oswald Hauser, Waltraud Hunke, Wolfgang J. Müller: Das Haus Glücksburg und Europa. Mühlau, Kiel 1988, ISBN 3-87559-058-9.