ვიდეო თამაშების ისტორია

ვიდეო თამაშების ისტორიას საფუძველი ჩაეყარა 1950-იან წლებში, როდესაც მეცნიერებმა დაიწყეს მარტივი თამაშებისა და სიმულაციების შექმნა თვიანთი კვლევების ფარგლებში. ვიდეო თამაშებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა 1970-1980-იან წლებში, როდესაც ფართო საზოგადოებას წარუდგინეს არკადული თამაშები და სათამაშო კონსოლები, რომლებსაც გააჩნდათ ჯოისტიკი, ღილაკები და სხვადასახვა სახის კონტროლერი. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ვიდეო თამაშები იქცა გართობის წამყვან დარგად და მასობრივი კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული თამაში იყო „Spacewar!“, შექმნილი მეცნიერთა ჯგუფის მიერ. ადრეული არკადული თამაშები შეიქმნა 1972-1978 წლებში. 1970-იანებში გამოჩნდა პირველი თაობის სახლის კონსოლები, მათ შორის პოპულარული თამაში „Pong“ და მისი მრავალი „კლონი“. აღნიშნული პერიოდი, ასევე იყო მეინფრეიმ კომპიუტერების ერა. არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანა დაიწყო 1978 წელს და გაგრძელდა 1982 წლამდე. ხურდის სათამაშო აპარატები, არკადული სისტემები და სახლის კონსოლები, როგორებიც არის Atari 2600 და Intellivision, (რომელთა მიერთება და თამაში შესაძლებელი იყო სტანდარტულ ტელევიზორებზე) ფართოდ იყო გავრცელებული სავაჭრო ცენტრებსა თუ სხვადასხვა დაწესებულებებში. 1980-იანებში ბაზარზე გამოჩნდა ადრეული ონლაინ თამაშები და პორტატიული სათამაშო კონსოლები. სწორედ ამ პერიოდში, 1983 წელს მოხდა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი. 1976 წელს დაიწყეს მეორე თაობის კონსოლების შექმნა და გაგრძელდა 1992 წლამდე.

მესამე თაობის კონსოლები დაფუძნებული 8 ბიტიან პროცესორებზე გამოიშვებოდა 1983-დან 1995-მდე, ხოლო 16 ბიტიანი მეოთხე თაობის კონსოლები — 1987-დან და 1999-მდე. 1990-იანებს ვიდეო თამაშების აღორძინების ხანას უწოდებენ, რა პერიოდშიც დაეცა არკადულ თამაშებზე მოთხოვნა და პოპულარული გახდა 3D კომპიუტერული, გაუმჯობესებული პორტატიული და PC თამაშები. მეხუთე თაობის კონსოლებს გამოსცემდნენ 1993-დან 2006 წლამდე და დაფუძნებული იყო 32-64 ბიტიან პროცესორებზე. ამ პერიოდშივე საფუძველი ჩაეყარა მობილური თამაშებს. 2000-იანებში ხელმისაწვდომი შეიქმნა მეექვსე თაობის კონსოლები (1998-2013) და დაიწყო ონლაინ გეიმინგის და მობილური თამაშების განვითარება. 2005-ში შეუდგნენ მეშვიდე თაობის კონსოლების გამოცემას. ეს მონაკვეთი გამოირჩეოდა მაღალბიუჯეტიანი თამაშების შემუშავებით, კაზუალური PC თამაშების გამოჩენით, ღრუბლოვანი გამოთვლებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერვგვით ვიდოე თამაშებში, მაგალითისთვის როგორიც არის Wii Remote, რისი საშუალებთაც მოთამაშეს, მოძრაობის და რხევის შედეგად შეეძლო თამაშში პერსონაჟისა და გარემოს კონტროლი.

2013 წელს გამოჩნდა მერვე თაობის კონსოლები, მათ შორის Nintendo-ს Wii U, Nintendo 3DS, Nintendo Switch, Microsoft-ის Xbox One, Sony-ის PlayStation 4 და PlayStation Vita. ასევე PC თამაშებმაც დაიკავეს მნიშვნელოვანი ადგილი სათამაშო ბაზარზე და დღემდე განაგრძობენ ზრდას ციფრული დისტრიბუციის საშუალებით. სმარტფონების ფართო გამოყენებამ პოპულარული გახადა მობილური თამაშები.

ადრეული ისტორია (1948–1972) რედაქტირება

კომპიუტერული თამაშების წარმოშობა რედაქტირება

პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერები, Colossus და ENIAC აიგო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, რათა მოკავშირეებისთვის დახმარება გაეწიათ აქსისის ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად.[1] ომის შემდეგ, 1950-იან წლებში კომპანიები, Remington Rand, Ferranti და IBM შეუდგნენ კომპიუტერების კომერციალიზაციას.[2] ამან, თავის მხრივ, განპირობა ის, რომ კომპიუტერების შეძენა დაიწყეს უნივერსიტეტებმა, სამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვადასხვა მსხვილმა კორპორაციებმა.[3] სწორედ ამ გარემოში დაიბადა პირველი ვიდეო თამაშები.

1950-იანი წლების პერიოდის კომპიუტერული თამაშები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად: სავარჯიშო და სასწავლო პროგრამები, კვლევითი პროგრამები (ისეთ სფეროში, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი) და სადემონსტრაციო პროგრამები, განკუთვნული პუბლიკის გასართობად და შთაბეჭდილების მოსახდენად. გამომდინარე იქიდან, რომ ეს თამაშები ძირითადად იქმნებოდა უნიკალურ აპარატურაზე, მაშინ როდესაც პორტირების განხორციელება სისტემებს შორის მეტად რთული იყო, განსაზღვრული მიზნისა და ამოცანის შესრულების შემდეგ ახორციელებდნენ მის დემონტაჟს. ამის გამო, მათ ვერ მოახდინეს გავლენა ინდუსტრიის განვითარებაზე.[4] ამავე მიზეზის გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ შექმნა პირველი კომპიუტერული თამაში ან ვინ განახორციელა თავდაპირველად სათამაშო მექანიკისა და თამაშების უმრავლესობის მოდელირება.[4]

 
Tennis for Two-ის კონტროლერის თანამედროვე რეკრეაცია

დღემდე ცნობილი ყველაზე ადრეული თამაშია ჭადრაკის სიმულაცია „Turochamp“, შექმნილი ალან ტიურინგისა და დევიდ ჩამპერნაუნის მიერ 1948 წელს. თუმცა ის არასდროს გამოსულა კომპიუტერებზე. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული თამაშები გამოსული კომპიუტერზე იყო „Bertie the Brain“ — კრეტიკი-ნოლიკის სიმულაცია და Nimrod, რომელიც ახდენდა ნიმის სიმულაციას (მათემატიკური თამაში). „Bertie the Brain“ შექმნა ჯოსეფ კეიტსმა და როჯერს მაჯესტიკმა და სადემონსტრაციოდ წარადგინეს კანადის ნაციონალურ გამოფენაზე 1950 წელს.[5] Nimrod ჩაფიქრა ჯონ ბენეტმა Ferranti-ში, ხოლო შეიმუშავა რეიმონდ სტიუარტ-უილიამსმა და ნაჩვენები იქნა ბრიტანეთის ფესტივალზე და ბერლინის სამრეწველო შოუზე 1951 წელს.[6] არცერთი ამ თამაშთაგან არ გამოიყენებდა, არც ელექტრო სხივურ მილს და არც დისპლეის.[7][8] პირველი თამაში, რომელიც მოიხმარდა მონიტორს იყო ორი კვლევითი პროექტი (დასრულებული 1952 წელს): დამკის პროგრამა, შექმნილი კრისოფერ სტრეჩის მიერ Ferranti Mark 1-ის კომპიუტერისთვის[9] და ასევე კრესტიკი-ნოლიკის სიმულაცია „OXO“, შემუშავებული ალექსანდრ დუგლასის მიერ EDSAC-ისთვის.[10] პირველი ცნობილი თამაში გრაფიკის გამოყენებით, რომელიც განახლებას ახდენდა რეალური დროის რეჟიმში, იყო ბილიარდი, დაპროგრამებული უილიამ ბრაუნისა და ტედ ლიუისის მიერ MIDSAC კომპიუტერისთვის, მიჩიგანის უნივერსიტეტში 1954 წელს.[4]

შესაძლოა, პირველი თამაში შექმნილი არა რაიმე კვლევითი, ან სხვადასხვა ტექნოლოგიების სადემონსტრაციოდ, არამედ კონკრეტულად გართობის მიზნით, ეს იყო „Tennis for Two“ — შემუშავებული ბრუკჰეივენის ნაციოალური ლაბორატორიაში 1958 წელს, რამაც ფართო აღიარება ჰპოვა ელექტრონული გასართობების მოყვარუთა შორის.

Spacewar რედაქტირება

1950-იანი წლების მეინფრეიმ კომპიუტერები როგორც წესი წარმოადგენდნენ პაკეტური დამუშავების მანქანებს შეზღუდული სიჩქარითა და მეხსიერებით, რაც ხდიდა მათ თამაშებისთვის გამოუსადეგრად. ამასთანავე აღნიშნული კომპიუტერები მეტად ძვირად ფასობდნენ, ასე რომ, მათი რესურსების ხარჯვა გართობის მხრივ არ იყო მიზანშეწონილი. 1950-იანი წლების დასაწყისში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ლინკიოლნის ლაბორატორიაში, ჰგუფმა, რომელსაც მეთაურობდა ჯეი ფოსტერი, შექმნა კომპიუტერი სახელად Whirlwind, რომელიც ამუშავებდა ბრძანებებს რეალურ დროში და თავის თავში მოიცავდა უფრო სწრაფ და სანდო ფორმის ოპერატიულ მეხსიერებას.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Campbell-Kelly, Martin; Aspray, William; Ensmenger, Nathan; Yost, Jeffrey (2014) Computer: A History of the Information Machine, 3rd Edition. Boulder, CO: Westview Press, გვ. xii-xiii. ISBN 978-0813345901. 
  2. Ceruzzi, John (2003). A History of Modern Computing, 2nd Edition. Cambridge, MA: MIT Press. ISBN 978-0262532037. 
  3. "Aspray 2014", p.xiii
  4. 4.0 4.1 4.2 Smith, Alexander. (22 იანვარი, 2014) The Priesthood At Play: Computer Games in the 1950s. ციტირების თარიღი: 17 დეკებერი, 2015.
  5. Bateman, Chris. (13 აგვისტო, 2014) Meet Bertie the Brain, the world’s first arcade game, built in Toronto. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2015.
  6. Donovan, Tristan (2010). Replay: The History of Video Games. East Sussex: Yellow Ant. ISBN 978-0956507204. 
  7. Spacing
  8. Donovan
  9. Winter, David. Noughts and Crosses - The oldest graphical computer game. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2015.